"სამხრეთ კავაკასია დენთის კასრზეა, რომელიც პერიოდულად ფეთქდება. ჩვენი ამოცანაა, როგორმე შევინარჩუნოთ სამშვიდობო განწყობები" - კვირის პალიტრა

"სამხრეთ კავაკასია დენთის კასრზეა, რომელიც პერიოდულად ფეთქდება. ჩვენი ამოცანაა, როგორმე შევინარჩუნოთ სამშვიდობო განწყობები"

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვებით დასრულდა. სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანის "სამოქალაქო შეთანხმებამ" ამომრჩეველთა ხმების 53.92% მიიღო, მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი "სომხეთი" - 21.04%-ით, მესამე ადგილზე გასულმა საარჩევნო ბლოკმა -  "მაქვს პატივი", რომლის ლიდერი ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანია, არჩევნებში ხმების 5.23% მოიპოვა.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და ბლოკ "სომხეთის" ლიდერი რობერტ ქოჩარიანი აცხადებს, რომ 20 ივნისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოულოდნელი იყო. "ადგილი ჰქონდა მასობრივ დარღვევებს. დავინახეთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. შედეგების გასაჩივრების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ,"- აღნიშნა ქოჩარიანმა. მისი თქმით, საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები განსხვავებულ სურათს აჩვენებდა.

როგორც სომეხი ანალიტიკოსი - სტეპან გრიგორიანი ამბობს, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზეზი გახლდათ ყარაბაღის ომის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. მისივე თქმით, ეს არჩევნები, პრაქტიკულად, იყო ბრძოლა დღევანდელ ხელისუფლებასა და წინა - კოჩარიანისა და სარგსიანის ხელისუფლებებს შორის. როგორ მოიგო არჩევნები ფაშინიანმა, რომელსაც ოპოზიცია და სომეხი ხალხის ერთი ნაწილი ყარაბაღის ომში მარცხის გამო მოღალატეობაში სდებდნენ ბრალს, რა ტიპის სამეზობლო პოლიტიკა ექნება ერევანს რუსეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და, ზოგადად, რა გავლენას მოახდენს სომხეთის არჩევნები კავკასიაზე, - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

მამუკა არეშიძე:

- ფაშინიანის გამარჯვება განპირობებულია ძალიან სუსტი ოპოზიციით. ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც მიუღებლები არიან სომეხი ხალხისთვის, ფაშინიანისთვის დიდი შანსი იყო და გამოიყენა კიდეც. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსკოვის ფაქტორი. ჩვენ არ ვიცოდით, როგორ მოიქცეოდა და რა ტიპის დამოკიდებულება ექნებოდა კრემლს თავად არჩევნების მიმართ. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია სომხური არმიისთვის, ვინაიდან სომეხი სამხედროებისთვის რუსული სამხედრო სტრუქტურა ძალიან ახლობელია. ამიტომ არ იყო გამორიცხული, რომ მათ კულუარულად მიეღოთ მითითება კრემლიდან, რომ ფაშინიანისთვის მხარი არ დაეჭირათ. ჩვენ ვიცით, რომ ყარაბაღის ომში განცდილი მარცხის შემდეგ სამხედროებსა და ფაშინიანს შორის ძალიან დაიძაბა ვითარება. როგორც ჩანს, მოსკოვი ამ საქმეში არ ჩაერია, დანარჩენ კანდიდატებს ისევ ფაშინიანი არჩია.

- დანარჩენი კანდიდატები ანუ ექსპრეზიდენტები ხომ პრორუსები არიან? ამასთან, ანალიტიკოსები სულ ამბობდით, რომ რუსეთი ფაშინიანს დასავლური კურსის გამო სჯისო.

- კი, მაგრამ კრემლმა იცოდა, რომ ამ კანდიდატებს ხალხის მხარდაჭერა არ ჰქონდა. მათ მაგივრად არმენ ბაბაჯანიანი (ცნობილი კომპოზიტორის ვაჟი და, სხვათა შორის, ქართველის მეუღლე) რომ ყოფილიყო, მაშინ სხვაგვარად იქნებოდა საქმე. ამ შემთხვევაში, არჩევანი იყო ცუდსა და უარესს შორის. რაც შეეხება ყარაბაღის ომში დამარცხებულ ფაშინიანს, ჩვენ საკუთარი ისტორია ნუ დაგვავიწყდება - აფხაზეთის ომში დამარცხებულმა შევარდნაძემ არა ერთი არჩევნები მოიგო. ასევე, საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო 2008 წლის აგვისტოს ომში დამარცხებულმა სააკაშვილმაც. ფაშინიანის შემთხვევაში, ისიც გასათვალისიწინებელია, რომ ომში დამარცხება მთლად მისი ბრალიც არ იყო. სწორედ მისმა წინამორბედებმა შეუწყვეს ხელი იმ მოცემულობის შექმნას, რაც დღეს არის სომხეთში. სომხეთის პირველი პრეზიდენტი - ტერ პეტროსიანი მთავრობას ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების განსხვავებულ ვერსიას სთავაზობდა, რასაც შეეწირა კიდეც. ის ამბობს, რომ სომხეთს უნდა დაებრუნებინა ის ოკუპირებული ტერიტორიები, რაც აზერბაიჯანის ისტორიულ საზღვრებში იყო. ქოჩარიანი და სარქისიანი კი პირიქით, ჯიუტად იდგნენ ერთ პოზიციაზე. სხვათა შორის, ორივე ყარაბაღელია. ერევანში უკვე დიდი ხანია, ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მობეზრდათ ყარაბაღელების კისერზე ჯდომა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი, კორუფციის ჭაობში ჩაფლული ქვეყანა ჩაიბარა ფაშინიანმა. მან კორუფციის შემცირებას და დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყო ხელი, რამაც მის მიმართ ხალხის კეთილგანწყობა გამოიწვია.

- ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რუსეთმა გადაიფიქრა მისი დასჯა?

- მოდი, სიმართლე ვთქვათ: ფაშინიანის პროდასავლურობა სინამდვილეში დეკორატიულ ხასიათს ატარებს. იმიტომ, რომ თავად სომხეთს არ აქვს მანევრის საშუალება, ძალიან შეზღუდულია. რაც უნდა დასავლეთზე აიღოს ორიენტაცია ფაშინიანმა, ისეთი გარემოებაა შექმნილი, თუნდაც ყარაბაღის ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სერიოზული დიალოგი დასავლეთთან ძალიან გაუჭირდება. კი, მოსკოვი თავიდან ძალიან შეშფოთებული იყო ფაშინიანის აქტიურობით, რუსი კარის ჟურნალისტები ფაშინიანს სოროსის ბიჭს ეძახდნენ, თუმცა შემდეგ მოეშვა, რადგან მიხვდა, ეს ყველაფერი მხოლოდ დეკორატიული იყო.

- როგორი შეიძლება იყოს ამ არჩევნების შემდეგ სომხეთის სამეზობლო პოლიტიკა რუსეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან?

- ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, იმიტომ, რომ ყარაბაღის საკითხი არ არის დამთავრებული. ზოგიერთს რომ ჰკითხო, სომხეთისთვის ყარაბაღი დაკარგულია, მორჩა, სინამდვილეში 2/3 ან ცოტა ნაკლები ისევ სომხეთს ეკუთვნის. ამასთან, დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე დაუბრუნდა თავის საცხოვრებელ ადგილს, მხოლოდ სამხრეთ ყარაბაღის მოსახლეობა არ დაბრუნებულა უკან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს ყარაბაღში ხელშეკრულებით გათვალისწინებული 960 რუსი ჯარისკაცის ნაცვლად, 5000 ჯარისკაცი დგას და ეს რაოდენობა კიდევ იზრდება. კი, სომხეთსა და ყარაბაღს შორის ურთიერთობა ძალიან ჭირს, რადგან ერთი ვიწრო ზოლის გარდა, ყველა დამაკავშირებელი გზა აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ არის გადაკეტილი, მაგრამ იმ ვიწრო ზოლზე რუსი სამხედროები დგანან და აზერბაიჯანელ სამხედროებს გასაქანს არ აძლევენ. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანთან სამეზობლო ურთიერთობაზე საუბარი ნაადრევია.

მართალია, ახლა ზარბაზნები დუმან, მაგრამ ეს - მხოლოდ დროებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია, სახმელეთო გზის გაჭრას ვგულისხმობ, რომელიც დააკავშირებდა ნახიჭევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან და თურქეთს - აზერბაიჯანთან. რაც შეეხება თურქეთთან ურთიერთობას, არის მოსაზრებები, რომ თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობის რაღაც სისტემა შექმნან და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზეც იფიქრონ, თუმცა ჯერ ეს ვერ ხერდება და ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია რუსეთის პოზიციაც. რუსეთს თურქეთთან, თითქოს, მეგობრული ურთიერთობა აქვს, მაგრამ ერთ ნაბიჯზეც არ ენდობა. ზოგადად, ძალიან გაღიზინებულია, თურქეთის 100 წლიანი პაუზის შემდეგ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ და სამხედრო სოვრცეში დაბრუნებით. არ მგონია, ერევანმა რუსეთის ნებართვის გარეშე თურქეთის მიმართულებით რამე ნაბიჯი გადადგას. შესაბამისად, ჯერჯერობით კავკასიაში პოლიტიკური დღის წესრიგი არ იცვლება. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ძალიან მძიმე პროცესები განვითარდეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ სახეზე გვაქვს დაუმთავრებელი პროცესი და ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენა გვმართებს. შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავაკასია დენთის კასრზეა, რომელიც პერიოდულად ფეთქდება. ჩვენი ამოცანაა, როგორმე შევინარჩუნოთ სამშვიდობო განწყობები. საქართველოს ადრეც ჰქონდა შეთავაზებული სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის თბილისის სამშვიდობო პლატფორმა, მაგრამ მაშინ ეს წინადადება არც ბაქომ მიიღო და არც ერევანმა. რა თქმა უნდა, არც მოსკოვმა დაუშვა ამის შესაძლებლობა. მას შემდეგ, რაც საქართველომ ტყვეების დაბრუნებაში მიიღო მონაწილეობა, ჩვენ მიმართ განწყობები შეიცვალა. ჩვენი ქვეყნის, როგორც სამშვიდობო პროცესის მონაწილის ცენზი მაღლა აიწია.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)