"ოპოზიციას მოვუწოდებ, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა აღარ მივიღოთ" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციას მოვუწოდებ, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა აღარ მივიღოთ"

ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" სიით პარლამენტში შესული დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოუწოდებს ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, მონაწილეობა აღარ მიიღონ პარლამენტის მუშაობაში.

ოქრიაშვილის განცხადებით, "არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურმა უმრავლესობამ" მიიღო გადაწყვეტილება, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების გვერდისავლით, უკანონოდ დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატი.

"მიუხედავად საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აშშ-სა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ელჩების რეკომენდაციებისა, "ქართულმა ოცნებამ" გადადგა კიდევ ერთი არალეგიტიმური ნაბიჯი და სამწუხაროდ, გააგრძელა სვლა სრული ავტორიტარიზმისკენ.

გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისინი აყალბებენ სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს და აყალიბებენ ავტორიტარულ, მართულ სასამართლო სისტემას.

მეათე მოწვევის ე.წ. გარდამავალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური! შემოდგომის 43%-იანი პლებისციტის შემდეგ, არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, უნდა გადაიხედოს მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, ხოლო უკანონოდ გამწესებული მოსამართლეები დაუყოვნებლივ ჩამოშორდნენ სასამართლო სისტემას!

ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, აღარ მივიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში!" - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პარლამენტიდან გავიდნენ და "ქართული ოცნება" მარტო დარჩება.