"მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, როგორც მმართველ ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება " - კვირის პალიტრა

"მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, როგორც მმართველ ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება "

მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, როგორც მმართველ ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კელი დეგნანი აღნიშნავს, ეს არის საქმე, რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

ელჩი აცხადებს, რომ სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია.

“ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მინისტრი ბრეგაძესთვის მიმელოცა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და მომესმინა მისი პრიორიტეტების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები 25 წელზე მეტია საქართველოსთან მართლმსაჯულების, მათ შორის სისხლის სამართლებრივი სისტემის განვითარებაზე მუშაობს. საქართველოს სისხლის სამართლებრივი, პენიტენციური და მთლიანად სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება USAID-ის, იუსტიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის და არაერთი სხვა სააგენტოს რამდენიმე პროგრამა. ეს არის სფერო, სადაც ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს და მნიშვნელოვანი იყო ამ თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ მინისტრთან საუბარი, რის შედეგადაც შესაძლოა მის მიერ დასახული პრიორიტეტული მიმართულებების გაფართოებაც მოხდეს. ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და სწორედ ამიტომ არის ჩვენი თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროსთან ასეთი მნიშვნელოვანი. გასული წლის არჩევნების შემდეგ გამართული მოლაპარაკებების პერიოდში ვიხილეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. სწორედ ამიტომ კმაყოფილება გამოვთქვით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლი რეფორმის შესახებ, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია ასახული. ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, როგორც მმართველ ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით. მიზანი არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და გაძლიერება. ეს არის საქმე, რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ და რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება”, - აცხადებს ელჩი.

"ინტერპრესნიუსი"