"კადიროვის ეფექტი: აშენდება თუ არა გზა ჩეჩნეთიდან საქართველოში?" - რა პუბლიკაციას აქვეყნებს ამერიკული რადიოს რუსულენოვანი სამსახური - კვირის პალიტრა

"კადიროვის ეფექტი: აშენდება თუ არა გზა ჩეჩნეთიდან საქართველოში?" - რა პუბლიკაციას აქვეყნებს ამერიკული რადიოს რუსულენოვანი სამსახური

აშშ-ის რადიო "თავისუფლება//თავისუფალი ევროპის" რუსულენოვანმა სამსახურმა - რადიო Свобода-მ პროგრამაში Кавказ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "კადიროვის ეფექტი: აშენდება თუ არა გზა ჩეჩნეთიდან საქართველოში?" (ავტორი - მაირბეკ ვაჩაგაევი), რომელშიც მოცემულია კომენტარი ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მიერ "ინსტაგრამში", პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე: "ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით გზის გაყვანა განხილვის პროცესშია".

საქმე ეხება იმ გზას, რომელიც სეპარატისტული იჩქერიის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1998 წელს გაიყვანა საქართველოს საზღვრამდე. სწორედ იმ ხანებში, მოსკოვისა და თბილისისთვის მოულოდნელად, ჩეჩნეთის ავტოსაგზაო ტექნიკამ მდინარე არღუნი გადალახა, გადავიდა საქართველოს ტერიტორიაზე და სოფელ შატილამდე გზის მშენებლობის დასრულება დაიწყო. თბილისმა გროზნოს სთხოვა, რომ ტექნიკა საქართველოს ტერიტორიიდან გაეყვანა. ამ ინციდენტმა ის გამოიწვია, რომ საზღვრის ამ უბანზე საქართველოს მესაზღვრეებმა მუდმივი პუნქტი გახსნეს, ხოლო იქვე, ახლოს, რუსეთის სასაზღვრო ჯარების ბაზაც გაიხსნა.

საქართველოსკენ გზა ჩეჩნეთის რაიონული ცენტრიდან - ითუმ-ყალედან მიემართება. სეპარატისტული ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამ გზით რუსეთის მიერ გამოცხადებული ბლოკადა გაირღვეოდა და "დამოუკიდებელი" ჩეჩნეთი, საქართველოს მეშვეობით, საავტომობილო დერეფნით გარესამყაროს დაუკავშირდებოდა. გზის ხარისხის დონე იმდენად კარგია, რომ მისი გამოყენება ჩეჩნეთის მოსახლეობამ ტურიზმისა და დასვენების მიზნით დაიწყო. ამ მარშრუტზე მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე დიდი არქეოლოგიური კომპლექსი - ცოი-პედა ("მკვდარი ქალაქი"), რომელმაც ეს სახელწოდება ადამიანთა მრავალი აკლდამა-საძვალისა და ნეკროპოლების არსებობის გამო მიიღო.

ჩეჩნეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გზის გაყვანის სურვილი პირველად 2014 წელს გამოხატა, როცა განაცხადა, რომ საავტომობილო ტრასასთან ერთად რკინიგზის მშენებლობასაც ვგეგმავთო - "ეს ადრეც გვინდოდა, მაგრამ ჩვენს გეგმებს ხელი ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეუშალა". 2018 წელს გზის მშენებლობა არ გამორიცხა "როსავტოდორის" ხელმძღვანელმა რომან სტაროვოიტმა, მაგრამ მან იქვე შენიშნა, რომ ეს მხოლოდ ორი ქვეყნის შეთანხმებით უნდა მოხდეს. 2019 წლის ნოემბერში რამზან კადიროვმა გზის მშენებლობის საკითხი ისევ გაიხსენა და თქვა, რომ "ითუმ-ყალედან საქართველომდე 40-50 წუთია საჭირო და თუ საქართველოშიც იქნება გზა, თურქეთამდე და ევროპამდე ჩასვლაც შეიძლება. ეს გზა ჩრდილოეთ კავკასიისათვის ძალიან საჭიროა". სხვათა შორის, მის გეგმებს 2019 წელს, ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს, მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინმაც და განაცხადა, რომ ამ მაგისტრალის მშენებლობას მიზანშეწონილად თვლის. ითუმ-ყალეს გზა

ბოლო დროს გზის მშენებლობის საკითხი აქტუალური გახდა ჩეჩნეთის სოფელ ვედუჩში, საქართველოს საზღვართან ახლოს, სამთო-სათხილამურო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. აქ მდებარეობს, აგრეთვე, ადგილობრივი მაღალი მწვერვალი "თულოი-ლამი" (ქართულად - თებულოსმთა, 4493 მეტრი), რომელიც ალპინისტებს იზიდავს.

როგორც ქართველი მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე ამბობს, გზამ, რომლის აგება ჩეჩნეთის ხელმძღვანელს სურს, ძალიან რთულ რელიეფზე უნდა გაიაროს, დათვისჯვრის უღელტეხილის გავლით. საქართველოს ტერიტორიაზე, ხევსურეთში, დღეს არსებული გზა გრუნტისაა და ზამთრის თვეებში დახურულია. ეკონომიკური თვალსაზრისით, შეიძლებოდა ფიქრი იმაზე, რომ გზის მშენებლობით რეგიონში ტურიზმი განვითარდებოდა და დემოგრაფიული სიტუაციაც გაუმჯობესდებოდა, მაგრამ... თუ მოასფალტებული გზა აშენდება, დანახარჯებს მილიარდი დოლარი დასჭირდება, რაც დღეისათვის წარმოუდგენელია. საქართველოს ასეთი თანხა არ აქვს, პანდემიისგან გამოწვეული ზარალის გათვალისწინებით. ამ გზის გასაყვანად ფულს არც უცხოელი ინვესტორები გამოყოფენ, მით უმეტეს, რომ ბოლომდე ჯერ არ არის მიყვანილი თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის მშენებლობა".

ამასთან, ალექსანდრე კვახაძე სკეპტიკურად უყურებს ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს, რომ თუ გზა აშენდება, მას რუსეთი სამხედრო მიზნების განსახორციელებლად გამოიყენებს. მისი თქმით, რუსეთის არმია ისედაც თბილისთან ახლოს დგას, ოკუპირებულ ცხინვალში და თუ კრემლი შეტევას დაგეგმავს, რუსეთის ჯარები ამისათვის ხევსურეთის ძნელადმისადგომი უღელტეხილებით არ ისარგებლებს.

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ექსპერტის - თორნიკე გორდაძის აზრით, საქართველოსთვის ახალ გზას მნიშვნელობა მხოლოდ იჩქერიის არსებობის დროს ჰქონდა - თბილისს შეეძლო მოსკოვისაგან დამოუკიდებელი ჩეჩნეთი ჩრდილოეთ კავკასიაში სტრატეგიულ მოკავშირედ ჩაეთვალა, ხოლო თვითონ ჩეჩნეთისათვის გზა გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი არტერია იქნებოდა. მაგრამ დღეს ამ გზას საქართველოსთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს. თანაც, ქართველ საზოგადოებაში რამზან კადიროვის მიმართ საკმაოდ ნეგატიური აზრია შექმნილი, რომელიც თვითონ ამ პიროვნების მიერ გატარებული პოლიტიკის და მისი ხასიათით არის განპირობებული. თბილისში აცნობიერებენ, რომ ჩეჩნეთის მეთაურს აშკარად არ მოსწონს თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური კურსი, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციაზე. (წყარო)

----------------------

შენიშვნა: 1944 წლიდან 1957 წლამდე დღევანდელი ჩეჩნეთის ითუმ-ყალეს რაიონი, ახალხევის რაიონის სახელწოდებით, საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში შედიოდა (ს.კ.).

მოამზადა სიმონ კილაძემ