"გახარიასაც და სააკაშვილსაც მშვენივრად ესმით, რომ მათი ნებისმიერი ფორმით შეთანხმება ორივეს აზიანებს... ეს ლოგიკური აბსურდია!"
"გახარიასაც და სააკაშვილსაც მშვენივრად ესმით, რომ მათი ნებისმიერი ფორმით შეთანხმება ორივეს აზიანებს... ეს ლოგიკური აბსურდია!"
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ვაშინგტონში, იმ სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო განთავსებული, თუმცა უარყოფს ინფორმაციას, რომ იქ "ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს შეხვდა.

ცნობისთვის, "რუსთავი 2"- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში, ერთ-ერთ სასტუმროში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა. გახარიას განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირი კავშირი არ აქვს. "ამ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე. იქ შევიკრიბეთ, რადგან სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღესვე უკვე ვიყავით
სხვა სასტუმროში. გადაკვეთა არ გვქონია. ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი იმიტომ, რომ ლოჯისტიკურად სხვა სასტუმროში ყოფნა, გეოგრაფიულად, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო. საერთოდ, ამის უკან არაფერია, შეხვედრაზე საუბარი ზედმეტია, არ არის სწორი. არაფერი დასამალი არ მაქვს. საერთო "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ მაქვს", -
აცხადებს გახარია.

"მორწმუნეებს შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ ის 2-3 დღე, რასზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დამთხვევა იყო - მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ მათი (გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი) ერთ სასტუმროში ყოფნაც დამთხვევა იყო", - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გახარიას თავის მართლებას. "ჩვენ შეიძლება სხვა რამის გვწამდეს. რეალურად ეჭვები ყოვედღიურად მძაფრდება, რომ არის პოლიტიკური ალიანსი ორ პოლიტიკოსს შორის. ეს, რა თქმა უნდა, ამ ე.წ. დამთხვევამ კიდევ უფრო გაამძაფრა", - აღნიშნა კობახიძემ. კონსპირაციული შეხვედრა თუ უბრალო დამთხვევა? ამ კითხვით ანალიტიკოსებს მივმართეთ.

გია ხუხაშვილი:
- ლოგიკური აბსურდია! ჩვენ ხომ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ?! გახარიასაც და სააკაშვილსაც მშვენივრად ესმით, რომ მათი ნებისმიერი ფორმით შეთანხმება ორივეს აზიანებს - სააკაშვილის ამომრჩევლისთვის "თვალთხარია" კატეგორიულად მიუღებელია, ისევე, როგორც სააკაშვილია მიუღებელი გახარიას ამომრჩევლისთვის. ამიტომ, ასეთი ტიპის შეხვედრას სააკაშვილს თავისი ამომრჩეველი არ მოუწონებს და დაზიანდება ისევე, როგორც გახარიას სამიზნე ამომრჩეველს არ მოეწონება სააკაშვილთან გახარიას კავშირი და ისიც დაზიანდება. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს და გიორგი გახარიას ერთმანეთთან შეხვედრის პოლიტიკური მოტივი არ აქვთ. იდიოტები და მაზოხისტები ხომ არ არიან, საკუთარი თავის საწინააღმდეგო ნაბიჯები რომ გადადგან?! სააკაშვილისა და გახარიას თანამშრომლობაში არანაირი ლოგიკა არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნება" ისტერიკულად ცდილობს, ისინი ერთმანეთს ჩაუდოს.

- როგორ დაემთხვა, რომ ორივე მაინცდამაინც ერთსა და იმავე სასტუმროში აღმოჩნდა?
- დიდი ბოდიში, მაგრამ როგორ დაემთხვა, რომ მე და თქვენ ახლა, ორივენი თბილისში ვართ?! ვაშინგტონი ნიუ-იორკი კი არ არის, იქ პოლიტიკური შეხვედრების წარმოებისთვის საკმაოდ შეზღუდული ინფრასტრუქტურაა. ეს ყველა პოლიტიკოსმა იცის, ვისაც ამ საქმეში რამე გაეგება. ერთი ღამე მოხდა კვეთა, მაგრამ არანაირი აზრი არ აქვს მათ შეხვედრებს. მე არ ვიცი, რისი იმედი აქვს კობახიძეს. ალბათ, საკუთარი ამომრჩევლის ზღვარგადასული სიბრიყვის. ჰგონია, რომ ნებისმიერ სისულელეს შეაჭმევს. როგორ არ უტყდება, "ქართული ოცნების" ამომრჩეველს, რომ მათ პოლიტიკურ არჩევანს ბრიყვებად მიაჩნია?!

გია ნოდია:
- სააკაშვილის და გახარიას კონსპირაციული შეხვედრა არის სისულელე და ამას არავინ დაიჯერებს. პირველ რიგში, იმიტომ არავინ დაიჯერებს, რომ "ქართული ოცნება" გამუდმებით იგონებს მსგავს სისულელეებს. დღეს მათი მთავარი გზავნილია, რომ თითქოს გახარია სააკაშვილის პროექტია. არადა, ხალხი ფიქრობს, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია. "ოცნება" წარუმატებლად ცდილობს ამ ფორმულის შემოტრიალებას. უკვე არაერთხელ გაავრცელეს ამბები, რომლებიც მერე არ დასტურდება.

- რა ხელს უნდა აძლევდეს "ქართულ ოცნებას" ასეთი ვერსიის გავრცელება?
- ნახეთ, გახარია როგორ დისტანცირდება არამხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისგან", არამედ - მთელი ოპოზიციისგან. მისი გზავნილები, ტონი და შინაარსიც სრულიად განსხვავდება დანარჩენი ოპოზიციისგან. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გახარიას "ქართული ოცნების" ამომრჩეველზე აქვს გათვლა გაკეთებული. ამას მშვენივრად ხვდება მმართველი გუნდი, რეალურ საფრთხესაც ხედავს და ახლა ცდილობენ, საკუთარ ამომრჩეველს უთხრან - შენ რომ გგონია, გახარიას შენს საძულველ "ნაციონალებთან" კავშირი არ აქვს, სინამდვილეში სააკაშვილთან თანამშრომლობს. მცირე ნაწილმა შესაძლოა კიდეც დაიჯეროს ეს ზღაპარი, მაგრამ არ მგონია, ამან შედეგი მოიტანოს. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია, "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული მანქანა გებელსის მეთოდით მუშაობს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თუ ერთსა და იმავე სისულელეს ბევრჯერ იტყვი, ხალხი ბოლოს მაინც დაიჯერებს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

d777
28 ივნისი 2021 09:14
ტყუილად იწვალებს თავს ოცნება, მათ თავისი შანსი ქონდათ ნორმალური სახელმწიფოს აშენების ისევე , როგორც მიშას, მაგრამ ვერაფერი ისწავლეს. ეხლა გვიანაა. კობახიძეს ხმას მაინც არ მივცემ, ხმას გახარია და ივანიშვილი იღებდა.
გიო
25 ივნისი 2021 19:13
არ ცხვენია ოცნებას, როგორ შეიძლება გიორგი გახარია სააკაშვილს შეხვედროდა.. ალბათ ბავშვი თუ დაიჯერებს..წარმატებები გიორგი გახარიას...
nnnn
25 ივნისი 2021 14:22
გახარიას სახელის ხსენება სააკაშვილის სახელის გვერით, გახარიას რეიტინგს აზიანებს .

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები