"არ გამოვრიცხავ, რიონის ხეობის მოსახლეობის გულწრფელი ემოციები ვინმემ თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს" (ექსკლუზივი)
28-06-2021
"არ გამოვრიცხავ, რიონის ხეობის მოსახლეობის გულწრფელი ემოციები ვინმემ თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს" (ექსკლუზივი)
"რიონის ხეობის მოსახლეობა არ არის მესამე ძალის ინტერესების დამცველი, თუმცა ამ ძალის ინტერესების გამომხატველთა მონაწილეობა კითხვებს ბადებს. მეტიც - ეს უკვე შეშფოთების საგანია, რაზეც უნდა ვიზრუნოთ და ვზრუნავთ კიდეც..."

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან.

- ბატონო ლევან, წლების განმავლობაში­ გარემოს დაცვის სამინისტრო მხოლოდ იმიტომ არსებობდა, რომ სტანდარტულად მინისტრთა კაბინეტის შემადგენელი ნაწილი­ იყო... ალბათ, ამიტომ სამინისტროს ხელმძღვანელად რა პროფესიის ადამიანი აღარ ვიხილეთ. ეს უწყება არცთუ
იშვიათად, დიდი კომპანიებისა და მათი ლობისტი ჩინოვნიკების ინტერესების დამცველად რჩებოდა, რის მავნე შედეგებსაც დღეს ყველა ვიმკით... 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც გარემოსდაცვითი თემები საზოგადოებაში აქტუალური გახდა, გარემოს­ დაცვის სამინისტრო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების შუაგულში აღმოჩნდა და პრიორიტეტულობით ისეთი სამინისტროები დაჩრდილა, რომლებიც, როგორც წესი, ამინდს ქმნიდნენ მინისტრთა­
კაბინეტში... ამ ფონზე ადეკვატურია თუ არა სამინისტრო, წარმართოს სწორი და არა, მაგალითად, "საქმეს ასე სჭირდება" პოლიტიკა?

- გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში არ იყო მთავარი უწყება მინისტრთა კაბინეტში. არის სამინისტროები, რომლებიც რაღაც ტიპის ეკონომიკას ქმნიან, ასევე - სამინისტროები, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე არიან პასუხისმგებელი, გარემოს დაცვა კი მხოლოდ გარკვეული ჯგუფების ზრუნვის საგნად რჩებოდა. გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამინისტროს რთული ფუნქცია­ აქვს - მუდმივად უწევს ოპონირებას დარგობრივ სამინისტროებს და ეს იოლი არ არის. დღეს გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობასთან ერთად ანგარიშგასაწევი ძალა გახდა.

- ანუ სამინისტროების შეერთებამ გარემოს დაცვის სამინისტრო გააძლიერა?
- რა თქმა უნდა! და მინისტრთა კაბინეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული, მნიშვნელოვანი გახდა, ამის მიზეზი კი საზოგადოებიდან წამოსული მუხტი და ხელისუფლების შეცვლილი პოზიციაა, რომელიც ამ მუხტს იღებს და პასუხობს. რაც შეეხება ბერკეტებს, არ გვაქვს იდეალური პოლიტიკა, თუმცა ეს პოლიტიკა ვიღაცამ უნდა შექმნას. ჩემი მიდგომა ყოველთვის იყო ასეთი: თუ ვიტყვით, რომ ამ კანონმდებლობის არეალში ვმოქმედებთ და მორჩა, რადგან მხოლოდ ეს შეგვიძლია, ეს ნიშნავს, რომ არავინ არაფერი უნდა ვაკეთოთ. ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. სადაც ვხედავთ, რომ ახლანდელი პოლიტიკა, ბაზა არ გვაძლევს კონკრეტული შედეგის მისაღწევად მოქმედების საშუალებას, პოლიტიკის გაუმჯობესებას ვცდილობთ და ეს პროცესი ორნაწილიანია. პირველი ნაწილი უფრო ხანგრძლივია. ეს არის პირობები და ვალდებულებები, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ფორმატით აიღო, რადგან მიუხედავად ჩვენი აქტიურობისა, ევროკავშირმა მკაფიოდ განგვისაზღვრა, რომ თუ ამ კუთხით შეცვლით პოლიტიკას და შემოიღებთ ამ სტანდარტებს, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ პროგრესი და მიჰყვებით დაახლოების გეგმას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ასრულებთ თქვენს ნაწილს და ჩვენც ჩვენს ნაწილში არ ვიქნებით ადეკვატურებიო. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს არის ქმედებები, რომლებიც პასუხობს ყოველდღიურ გამოწვევებს.

- და ეს ყველაფერი პრაქტიკაში თავს როგორ იჩენს?
- მაგალითად, გავიხსენოთ რუსთავის ჰაერის დაბინძურების პრობლემა. ყველას გვახსოვს, როგორი აქტუალური იყო ეს საკითხი და ამის შედეგია ის, რომ ფაქტობრივად, ახალი კანონმდებლობა დავწერეთ და პარალელურად, მოქმედ კანონმდებლობაშიც მყისიერი ცვლილებები შევიტანეთ თუნდაც სანქცირების თვალსაზრისით, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა. ცვლილებებია კანონში ჰაერის შესახებ. ეს ქმედებები საშუალებას მოგვცემს, ობიექტების ზედამხედველობა ისე განვახორციელოთ, რომ სამრეწველო დაბინძურების მხრივ ჰაერის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ვფიქრობთ, მიმდინარე წელს ამ პრობლემას გადავტეხთ მაინც და 200-ზე მეტი დამაბინძურებელი საწარმო გარემოსა და ჩვენს მოსახლეობაზე მავნე ზემოქმედების წყარო ვეღარ იქნება... როცა დავინახეთ, რომ გადაუდებელი მოქმედება იყო საჭირო, ჩვენ ეს გავაკეთეთ.
დღეს სამინისტროს სხვაგვარი რეპუტაცია და სხვა ავტორიტეტი აქვს, რაც იმითაც დასტურდება, რომ მთავრობამ ერთმნიშვნელოვნად მიიღო ჩვენი ინიციატივა.

- რას გულისხმობთ?
- წითელ ხაზებს. ჩვენ გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესი პრიორიტეტია და ყველა მიმართულებით მას ანგარიშს ვუწევთ, თუმცა ვეღარ გავუწევთ ანგარიშს, მაგალითად, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე. ეს უკვე წითელი ხაზია, რომელსაც არ გადავკვეთთ. არაერთხელ შევხვდით კომპანიებს, ბიზნესასოციაციებს, იყო არაერთი თხოვნა თუ მოთხოვნა, მათ შორის უკვე მიღებული კანონმდებლობის გადავადების შესახებ, რაც წლების განმავლობაში მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა. რა თქმა უნდა, "კოვიდიც" ისეთი პირობაა, რომ... თუმცა პრინციპულად მივყვებით პროცესს და ვამბობთ, რომ არაფერი იცვლება და ახლა მოგვიწევს ბევრი იმ საწარმოს სანქცირება, რომლებმაც ვერ მოასწრეს ახალი რეგულაციების შესრულება.

- ნებისმიერ ქვეყანაში დიდი პროექტების ბედს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი წყვეტს, რომელმაც უნდა დაადგინოს პროექტის ზარალი თუ სარგებლიანობა, საბოლოოდ კი მას ვიზას გარემოს დაცვის­ სამინისტრო აძლევს. ეს - სხვა ქვეყნებში, ჩვენთან კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროექტების ბედს არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, არამედ საინვესტიციო თანხის მაჩვენებელი, ანუ ეკონომიკური ინტერესი წყვეტს. ეს ბევრგან იჩენს თავს. მინდა რიონის ხეობის მცველებთან ქუთაისში გამართული შეხვედრა გავიხსენო, სადაც თქვენს კოლეგასთან ერთად მხოლოდ ხუთი წუთი დაჰყავით. მე ვიცი, რომ აქტივისტებთან შეხვედრებს არ გაურბიხართ, მაგრამ მაშინ შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს იქ, სადაც ეკონომიკის სამინისტროა, გარემოს დაცვის სამინისტროს დამოუკიდებელი დღის წესრიგი არ გააჩნია.­ ეს ღარიბი ქვეყნის ხვედრია თუ კიდევ მანკიერ პრაქტიკასთან გვაქვს საქმე?
- ასე არ არის! გვესმის, რომ რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, ინვესტიციები მით უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა გარემოს დაცვის საკითხები უმნიშვნელოვანესია და აქ კომპრომისი არ არსებობს. ასეა ნამოხვანთან დაკავშირებითაც. ინვესტორს სურდა, ძველი ნებართვის პირობებით განეხორციელებინა პროექტი, ოღონდ - უკვე შეცვლილი დიზაინით, რაზეც გარემოს დაცვის სამინისტრომ გამოავლინა მკაფიო პოზიცია - რადგან ხდება ცვლილებები, უნდა შეფასდეს გარემოზე ზემოქმედებაც. ვაზუსტებ: ნებართვა გაცემული იყო ძველი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც გახლდათ აბსოლუტურად სხვა (ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ინვესტორისთვის უფრო კომფორტული ყოფილიყო ნაკლები დავალება და შესაბამისად, ნაკლები გარჯაც). ქვეყანამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი კოდექსი მიიღო. გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჩვენში ახალი კულტურაა, ამიტომ აქ საზოგადოების უფრო აქტიური მონაწილეობაა საჭირო.

ნამოხვანის პროექტთან დაკავშირებით მართლაც ძალიან ბევრი კარგი კვლევა ჩატარდა და არამხოლოდ ახლა - როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო იქ კვლევა-დაკვირვება, ყველა ინფორმაციამ კი თავი მოიყარა და ანგარიშის სახით არის წარმოდგენილი. კომპანიას პირობით დადგენილი დოკუმენტების წარმოდგენა მოუწევს.

მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა, როცა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გარკვეული საკითხები ზუსტდება. მაგალითად, როცა ვსაუბრობთ გვირაბზე, მუშაობის პროცესში შეიძლება ბევრი რამ გამოიკვეთოს. ეს ტექნიკური საკითხებია, რომელთაც დამატებით დაზუსტებული მონაცემები სჭირდება.

- თუ ნამოხვანჰესის პროექტი ასეთი­ მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგოდა­მოუკიდებლობისთვის, თუ პროექტში ყველაზე კარგად არის გათვალისწინებული სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესები, მაშინ რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ მოსახლეობა­ საკუთარ სიმართლეში დაერწმუნებინა?
- იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჰესების დემონიზაცია ხდება. მსხვილი ჰესები და დიდი ჰიდროპროექტები ხშირად აღრეულია, ამასთან, არის ბევრი ემოციური ფაქტორიც. ჩვენ გვახსოვს დამოუკიდებლობისკენ მიმართული პირველი მოძრაობა, რომელიც პროტესტთან იყო გადაჯაჭვული.



- ხუდონს გულისხმობთ?
- დიახ. ვფიქრობ, ნამოხვანის პროექტი სხვა ტიპის რომ ყოფილიყო და არა ჰიდროელექტროსადგური, უფრო ადვილად დავარწმუნებდით მოსახლეობას, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში ჩვენი გადაწყვეტილებები სამართლიანია.
არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ ორგანიზაციებს ჰქონდეთ კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც ხელს უწყობს ემოციების გაღვივებას და რიონის ხეობაზე ზრუნვით გამოწვეული მოსახლეობის გულწრფელი ემოციები ვინმემ თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს.
სამინისტროს მუდმივად აქვს სასამართლო დავა ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე, მაშინ, როცა სხვა ტიპის სამრეწველო ობიექტებთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილებები არავის გაუსაჩივრებია.

- და ამ პროცესს რას უპირისპირებთ?
- ჩვენ კარგად გვესმის, რატომ ხდება ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ პროცესი წარვმართეთ მაქსიმალურად ადეკვატურად, იქნებოდა ეს საჯარო მოსმენა თუ ჩემი მოადგილის შეხვედრები ხეობაში, პროტესტის მონაწილეებთან, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

- შეხვედრები როდის გაიმართა, ამ ბოლო დროს?
- არა, ეს იყო მანამდე, სანამ ასეთი ხმაური ატყდებოდა. როცა დავინახეთ, რომ ჩვენი მონაწილეობა გახდა საჭირო, ჩავერთეთ კიდეც, თუმცა არც ამან გამოიღო შედეგი, რადგან, დამეთანხმებით, ჩვენთვის ნდობის საკითხი უმთავრეს გამოწვევად რჩება. იმედი მაქვს, ევროკავშირის მონაწილეობის შედეგად ვითარება გაუმჯობესდება, რადგან, როგორც ვხედავთ, მოსახლეობა ავტორიტეტულ მედიატორს ენდობა. ჩვენც სრულად ვენდობით ენერგოგაერთიანებას. მათ თქვეს, რომ ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით მსგავსი რამ ბევრ ქვეყანაში ხდება.

- გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ მიუხედავად პროტესტისა, მისი ხმა ხელისუფლებას არ ესმის; გვყავს საზოგადოების ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ მისივე არჩეული ხელისუფლება არაფრად აგდებს... ერთი სიტყვით, პოლარიზებულია საზოგადოება, ამან კი ათასი ჯურის ძალას საკუთარი ინტერესების გამოსახატავად ნოყიერი ნიადაგი­ შეუქმნა. პროცესი გასცდა ერთი ქვეყნის ფარგლებს და სამეზობლოსთან ურთიერთობას უქმნის საფრთხეს. გარე ძალის ინტერესები რკინის ბარიერებზე მობრახუნე ხალხში კი არ უნდა ვეძიოთ, ალბათ, იმ გულგრილ და უპასუხისმგებლო ჩინოვნიკებში, რომლებმაც პროცესი აქამდე მიიყვანეს.
- ალბათ, ყველას აკისრია თავისი წილი პასუხისმგებლობა, მათ შორის - სამოქალაქო საზოგადოებასაც. ბუნებრივია, მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფლება და სახელმწიფოა და არ მგონია, ამ პასუხისმგებლობას ვინმე გაექცეს. ვერც გაექცევა. მე ჩემს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ, მაგრამ, ამავე დროს, დავიცავ თითოეული ჩემი თანამშრომლისა და ყველა იმ თანამშრომლის ინტერესებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში მონაწილეობდნენ, რადგან ამ ადამიანებს ჰქონდათ მხოლოდ ერთი მიზანი - თავიანთი საქმე ეკეთებინათ პროფესიონალურად, მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

კიდევე ერთხელ გავიმეორებ - ეს არ არის დღევანდელი პრობლემა. ასეთი პრობლემები საზოგადოებაში ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით წლების განმავლობაში ილექებოდა. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობა და ხელისუფლება ერთმანეთს არ ენდობა და გულწრფელი პროტესტის მონაწილეები­ ვერაფერში­ დავარწმუნეთ. გეთანხმებით, რომ რიონის ხეობის მოსახლეობა არ არის მესამე ძალის ინტერესების დამცველი, თუმცა ამ ძალის ინტერესების გამომხატველთა მონაწილეობა კითხვებს ბადებს. მეტიც - ეს უკვე შეშფოთების საგანია, რაზეც უნდა ვიზრუნოთ და ვზრუნავთ კიდეც.

- როგორც ხელისუფლება აცხადებს, ნამოხვანჰესის პროექტში უცხოური და, ამავდროულად, ავტორიტეტული ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. რატომ არ ისმის მათი ხმა ასეთ გადამწყვეტ მომენტში, რატომ არ იცავს ის მხარე თავის პოზიციებს თუნდაც დებატებში მონაწილეობით?
- კვლევებს ატარებდნენ კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლები, ექსპერტები. ეს კვლევები სხვადასხვა დროს არის ჩატარებული და ისინი დაინტერესებული მხარე არ არიან. ჩვენ შევთავაზეთ სამოქალაქო საზოგადოებას, ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერ კითხვაზე მიეღოთ პასუხი. არაერთხელ ვთქვით, რომ ჯობდა, ექსპერტებს ესაუბრათ, რათა საზოგადოებისთვის ყველაფერი გასაგები ყოფილიყო. პირობითად, გეოლოგი გეოლოგს შეხვედროდა და არა - ადამიანს, რომელსაც გეოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ამას ვერ მივაღწიეთ. ჩემმა კოლეგამაც იგივე შესთავაზა პროტესტის მონაწილეებს. პროცესი რომ თემატური ყოფილიყო, ეს ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ თანხმობა არ მიგვიღია.

- თანხმობას ვისგან ელოდით?
- პროტესტის მონაწილეებისგან.

- პროტესტის მონაწილეების აზრი მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს საზოგადოების უფრო დიდი, ნეიტრალური ნაწილი, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, დაუჭიროს თუ არა მხარი ჰესის აშენებას და არგუმენტებს ელოდება...
- ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენი ექსპერტები არაერთ გადაცემაში გამოჩნდნენ. თუ საზოგადოებას ექნება კონკრეტული კითხვები და საჭირო გახდება უცხოელების ჩამოყვანა, შეიძლება მოსახლეობის დასარწმუნებლად კომპანიამ ჩამოიყვანოს კიდეც ის ადამიანები, ვისი კომპეტენციაც ეჭვს არ იწვევს. შეიძლება თავიდანვე ასეთი მიდგომა უკეთესიც ყოფილიყო. კომპანიის მიმართ მეც მქონდა კრიტიკული შენიშვნები: ადგილობრივ მოსახლეობასთან არ იყო სათანადო ურთიერთობა, რაც ხშირად პრობლემების სათავეა, არადა სწორედ ასეთმა ურთიერთობამ შეიძლება ბევრი სადავო საკითხი საწყის ეტაპზევე მოაგვაროს.

არ ვამბობ, რომ როცა სიტუაცია რთულდება, ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას. ხელისუფლება სწორედ იმისთვის არის, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი, თუმცა პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა კონკრეტულ მენეჯმენტს ეკისრება, მენეჯმენტი კი ეფექტური არ იყო.

- ბოლო დროს ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას ცდილობს... თუმცა­ როცა არსებობს უპირობო მოთხოვნები, ერთი მხარის, რომ ჰესი უნდა აშენდეს და მეორე მხარის, რომ არ უნდა აშენდეს, რჩება კი დიალოგის ადგილი?
- იმედი მაქვს, რომ ევროპული მედიაციით სიტუაცია განიმუხტება. ჩემი აზრით, კატეგორიული მიდგომა, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, იცვლება. ვამბობთ, რომ საჭიროა კითხვებს პასუხი გავცეთ, ოღონდ - კონკრეტულ კითხვებს. იმედი მაქვს, ევროპელთა მონაწილეობა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება შედეგს მოგვიტანს. აპრილში შეიქმნა პლატფორმა.­ მასში ჩაერთო ყველა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, რომლებსაც­ რაღაც კომპეტენცია აქვთ ამ სფეროში. მაშინ ითქვა, რომ სურვილის შემთხვევაში ისინი მიიღებენ ნებისმიერ დოკუმენტს. გარდა ამისა, მათ ერთი წელი აქვთ ალტერნატიული შეფასებისთვის, მოსაზრებების გამოთქმისთვის­. შეიძლება დიზაინშიც რაღაც შეიცვალოს. რთულია, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკითხი, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, მაინც დადებითად გადაწყდება, ქვეყნის ინტერესი კი გახლავთ, რომ ნამოხვანჰესი აშენდეს.

- ბოლოს მინდა შევეხო საკითხს, რომელმაც მთელი საქართველოს ყურადღება მიიპყრო. ეს არის "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის შედეგად ჭიათურაში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობა. ფაქტობრივად, საცხოვრებელ სახლებში გათხრილი კარიერები და ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე...
- ვერ ვიტყვი, რომ ჭიათურაში პრობლემები მოგვარებულია. ჩვენი სურვილია პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა. მოგეხსენებათ, ჭიათურა ყველაზე ძველი, ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო მოპოვების ცენტრია, სადაც პრობლემები, მათ შორის - სოციალური, ათწლეულობით გროვდებოდა. საყურადღებოა ისიც, რომ ლიცენზია ფარავს ყველაფერს და კონკრეტული ინფორმაცია მარაგებთან დაკავშირებით არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც საწარმოს დროებითი მმართველი ჰყავს, პროცესის ეტაპობრივი გაუმჯობესება დაიწყო. მაგალითად, ქალაქში სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები აღარ დადის და ისინი მთლიანად რკინიგზაზე გადავიდა. სხვათა შორის, შეხვედრებზე მოსახლეობის უპირველესი თხოვნა სწორედ ეს იყო. ამის შედეგად ქალაქში ატმოსფეროზე ზემოქმედება შემცირდა. ასევე გარკვეული წინსვლა შეინიშნება რეკულტივაციის მხრივ. ტარდება ექსპერიმენტები, ყალიბდება მეთოდოლოგია.

- როდესაც გადათხრილ სოფლებს, დაზიანებულ სახლებსა და პროტესტის ნიშნად პირამოკერილ მოსახლეობას ხედავ, ძნელია, ჭიათურაში პროგრესი დაიჯერო...
- მადნის ამოღების გამო სოფლებში შექმნილი მდგომარეობა წიაღის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა. რა თქმა უნდა, ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების შემთხვევები არის, თუმცა მზადდება ანგარიში, რას აკეთებს დროებითი მმართველი, რომელიც, სამინისტროს გარდა, ეგზავნება სასამართლოსაც. ასე რომ, პროგრესი აშკარაა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ახალი საწარმოს ამუშავება. ძველი, მოგეხსენებათ, ტექნოლოგიურად მოძველებული იყო და განსაკუთრებით უარყოფით ზემოქმედებას ახდენდა გარემოზე, ახალი საწარმო კი უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ეს გახლავთ ათეულობით მილიონის ინვესტივიცაა.

არაფერი კეთდებაო, ვერ ვიტყვით, თუმცა­ ვერც დავიტრაბახებთ, რომ ყველაფერი გამოსწორდა. მოვითხოვეთ დროებით მმართველთან გეგმის დეტალიზაცია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მდინარე ყვირილას დაბინძურების საკითხი. სამწუხაროდ, არ არსებობს მზა ტექნიკა, რომელსაც გარემოს დაცვის ნებისმიერი მმართველი საიდანღაც ჩამოიტანს და ჭიათურაში დანერგავს. წიაღისეულის მოპოვების თითოეული ოპერაცია მეტისმეტად სპეციფიკურია, მით უმეტეს, როცა ვლაპარაკობთ დაბინძურებული გარემოს ნეიტრალიზაციაზე. ასეთ დროს ჩვენი გეგმა და მცდელობა ხანდახან არ ამართლებს. ყვირილასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობენ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ექსპერტები, სამინისტროდანაც ვეხმარებით. თავის დროზე ჩეხეთს უდიდესი პრობლემები ჰქონდა წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებით და ამ სფეროში დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. საპროექტო მონახაზები არის და გრძელდება მუშაობა, რომ უახლოეს მომავალში ყვირილაზე ზემოქმედება შემცირდეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?