მარინა კალიურანდი: "ქართველი ხალხი იმსახურებს, სიმართლე პირდაპირ ვუთხრათ" - კვირის პალიტრა

მარინა კალიურანდი: "ქართველი ხალხი იმსახურებს, სიმართლე პირდაპირ ვუთხრათ"

"ევროპარლამენტში 705 პარლამენტარია და მგონია, დერეფანში რომ გავაჩერო და ვკითხო, რომელია საქართველოს დედაქალაქი, ბევრი მათგანი ვერ მიპასუხებს. ბევრი იმასაც ვერ იტყვის, რომელია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია..."

ორი კვირის წინ Euractiv-ის კონფერენციაზე ესტონელმა ევროპარლამენტარმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა ისეთ "საიდუმლოს" ახადა ფარდა, რაშიც, ალბათ, ეჭვი ისედაც ერთეულებს ეპარებოდათ - "ევროკავშირის წევრობაზე 2024 წლისთვის დაგეგმილ განაცხადზე საქართველო დადებით პასუხს არ უნდა ელოდეს, რადგან ეს "არარეალურია", - განაცხადა მან და "ამბიციების მოთოკვისა" და "ცრუ მოლოდინის" აღკვეთისკენ მოგვიწოდა, ახლო მომავალში მაინც. თავისთავად ცხადია, ევროპარლამენტარის უჩვეულოდ გულწრფელმა განცხადებამ თბილისში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. GISP-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მარინა კალიურანდი განმარტავს, რატომ ჯობს თბილისმა ახლავე თვალი გაუსწოროს სიმართლეს და რა უნდა ქნას საქართველომ, რათა ევროპული ოცნება არარეალურიდან მიღწევადად აქციოს.

- მე ესტონელი ვარ, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა და შევძელით, საკუთარი მომავალი თავადვე განგვესაზღვრა და ევროკავშირის წევრები გავხდით. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, მის უფლებას, თავად გადაწყვიტოს, რომელი ორგანიზაციის წევრობა სურს, მაგრამ მეორე მხარეს არის რეალობა, რომლის აღქმა ემოციების გარეშე უნდა შეგვეძლოს. დღეს ევროპარლამენტი და, საერთოდ, ევროკავშირი მზად არ არის გაფართოებისთვის, იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე ქვეყანას კარი გაუღოს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი: დღემდე ზოგიერთი წევრი ქვეყანა, განსაკუთრებით - დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ფიქრობს, რომ 2004 წლის გაფართოებაც კი შეცდომა იყო, რომ ეს ზედმეტი პრობლემა აღმოჩნდა ევროკავშირისთვის, რომელმაც ვერ მოახერხა ამ ქვეყნების სრული ინტეგრაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ შემდგომ ბულგარეთსა და რუმინეთის დამატებაზე. ამის გარდა, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით გარკვეული გადაღლილობა შეინიშნება.

ბრიუსელში კითხულობენ: როგორ მოხდა, რომ ამ ქვეყნებს, 1991 წლიდან მოყოლებული, თითქმის 30 წელია, ვეხმარებით, ისინი კი ისევ ვერ მორჩენილან დემოკრატიული რეფორმების გატარებას? როგორ მოხდა, რომ იმას, რასაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თავი 10 წელიწადში მოაბეს, ეს ქვეყნები 30 წელზე მეტს ანდომებენ? აი, ასეთი ემოციებია ბრიუსელში და მნიშვნელოვანია, ვიყოთ გულწრფელი და სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. მცირეა ალბათობა, რომ სამ წელიწადში საქართველოს გაწევრებას დასთანხმდებიან. ქართველი ხალხი იმსახურებს, სიმართლე პირდაპირ ვუთხრათ. გაფართოება უკიდურესად კომპლექსური პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რასაც ევროკავშირის სრული კონსენსუსი სჭირდება და მე დღეს ამ კონსენსუსს ვერ ვხედავ.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში სულ უფრო და უფრო ნაკლებ პრიორიტეტული ხდება. რატომ? - იმიტომ, რომ ისმის კითხვა: რატომ ვიწუხებთ თავს აღმოსავლეთ პარტნიორობის პრობლემების მოგვარებით მაშინ, როდესაც დღეს გადაუჭრელი გვრჩება ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები, მაგალითად, მიგრაცია, ტერორიზმი, კლიმატური და ციფრული უსაფრთხოების გამოწვევები, რომ აღარაფერი ვთქვათ პანდემიაზე.

ევროკავშირში თქვენი რეგიონის შესახებ ძალიან ცოტა იციან. ევროპარლამენტში 705 პარლამენტარია და მგონია, დერეფანში რომ გავაჩერო და ვკითხო, რომელია საქართველოს დედაქალაქი, ბევრი მათგანი ვერ მიპასუხებს. ბევრი იმასაც ვერ იტყვის, რომელია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია. ამაზე საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, როგორც იმ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საკითხებზე მუშაობს. როგორც საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეგობარი და გულშემატკივარი, გპირდებით, რომ ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში დარჩება. ამავდროულად, ვფიქრობ, ქართველ ხალხს მცდარი მოლოდინი არ უნდა შევუქმნათ. მაგალითად, გავიხსენოთ უვიზო რეჟიმის მიღება - თქვენ უფრო ადრე იყავით ამისთვის მზად, ვიდრე უკრაინა, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო საქართველოს მოუწია, უკრაინას დალოდებოდა. ასეთია რეალობა - თქვენ მზად იყავით, მაგრამ ლოდინი მოგიხდათ, რადგან პოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობდა. ასეთივე დამოკიდებულებაა გაფართოების საკითხისადმი.

ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, თქვენი მეგობრები ვართ, ჩვენთან საქართველოს წარდგენა არ სჭირდება.

ჩემი რჩევა იქნება, მეტი ესაუბროთ თქვენს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს.

როდესაც ჩვენ ნატოსა და ევროკავშირში შევდიოდით, ჩვენი იქ ხილვა არავის უხაროდა. გვინდოდა კლუბში გაწევრება და ამისთვის იმაზე მეტის კეთება გვიწევდა, ვიდრე, მაგალითად, ფინეთს მოუწია. როდესაც სამი რამის გაკეთებას გვთხოვდნენ, ხუთს ვაკეთებდით, როდესაც გვთხოვდნენ, რაღაც ორშაბათისთვის გაგვეკეთებინა, პარასკევს უკვე მზად ვიყავით. ვატარებდით რეფორმებს, არა მხოლოდ ევროკავშირის ხათრით, არამედ ჩვენი ხალხისთვის, რადგან გვჯეროდა, ერთ დღეს შესაძლებლობების ფანჯარა ჩვენთვისაც გაიღებოდა. ასეც მოხდა და ამ ფანჯარაში "შეძრომა" მოვასწარით. საქართველოსაც ექნება ამის შანსი. არ ვიცი, როდის, მაგრამ ექნება, ოღონდ ამ დროისთვის ყოველმხრივ მზად უნდა იყოთ, 100%-ით მზად ხელსაყრელი პოლიტიკური მომენტის გამოსაყენებლად.

- რეფორმების გარდა, ალბათ, საგარეო ფაქტორებზეც უნდა ვისაუბროთ, კერძოდ, ე.წ. კრემლის ფაქტორზე. როგორია მისი გავლენა ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე, როდესაც საქმე უკრაინასა და საქართველოს ეხება? - რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს, მაგრამ ვფიქრობ, უფრო ნაკლებად, ვიდრე, მაგალითად, ხუთი წლის წინ. ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა ამ ეტაპზე ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. ასეთი ცუდი ის ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა. ვფიქრობ, პრეზიდენტ ბორელის მოსკოვში ვიზიტმა და იმ საჯარო დამცირებამ, რაც ბორელისა და ლავროვის ერთობლივ პრესკონფერენციაზე დავინახეთ, საბოლოოდ ცხადყო, რომ შეუძლებელია, რუსეთში პარტნიორს ხედავდე. როდესაც ლავროვმა აშარად დასცინა ევროკავშირის ღირებულებებს, პრინციპებს, ღვაწლს, ამაზე თვალის დახუჭვა უკვე შეუძლებელი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობას შევწყვეტთ. ვითანამშრომლებთ იმ საკითხებში, სადაც ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე რუსეთის გავლენა შესუსტებულია. რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოჩნდება ერთი-ორი ქვეყანა, რომლებიც საერთო ინტერესებს არაფრად აგდებენ და რუსეთთან მაამებლურ პოლიტიკას ემხრობიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 2014 წლიდან შევძელით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება, რომლებიც შვიდი წლის შემდეგ კვლავ მოქმედებს, ეს კი დიდი მიღწევაა. ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ სანქციები უკეთ უნდა იყოს გათვლილი და მიზანში ამოიღონ ისინი, ვისაც პუტინი იცავს, ანუ მისი გარემოცვა და ადამიანები, ვინც მისი რეჟიმისთვის მუშაობენ. ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

- ზემოთ თქვით, მეტი უნდა ვესაუბროთ სკეპტიკოს ქვეყნებს, რომ საქართველოს შესახებ ევროპაში მეტი გაიგონო. ანალოგიური გამოწვევის წინაშე თავის დროზე თქვენი ქვეყანაც იდგა. როგორია ამ მხრივ ესტონური ნოუ-ჰაუ? - ადვილი არ არის პატარა ქვეყნის "გაქაჩვა". სულ იმის ახსნით მიწევდა დაწყება, რას წარმოადგენდა ესტონეთი, სად იყო და ა.შ. ეს რთულია, მაგრამ - შესაძლებელი. ჩვენი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი "სკაიპი" იყო, რომელიც ესტონური პროდუქტია. ვამბობდით, შეიძლება, ევროპის პერიფერია ვართ, მაგრამ აი, "სკაიპი" რომ გაქვთ, ეს ჩვენი დამსახურებააო. თქვენც ისეთი რამე ან ვინმე უნდა იპოვოთ, რაც საერთო ინტერესის საგანი იქნება. მახსოვს, ვაშინგტონში ელჩობისას კომპოზიტორ არვო პარდის კონცერტი გავმართეთ და, ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ საათ-ნახევარში მაესტრო პარდმა მეტი მხარდამჭერი მოუპოვა ესტონეთს, ვიდრე მთელმა ესტონურმა დიპლომატიამ 10 წლის განმავლობაში.

საქართველო ჩვენსავით პატარა ქვეყანაა, ამიტომ საკუთარი მარგალიტები უნდა იპოვოს. ვინ არის თქვენი ბონო? უნდა იპოვოთ და სავიზიტო ბარათად გამოიყენოთ.

- უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ხელი მოაწერეს დოკუმენტს ე.წ. ტრიო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელსაც დაევალება სამი ქვეყნის განვითარება ევროკავშირსა და ნატოში. რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე? - ეს ძალიან კარგი იდეაა. ეს არა მხოლოდ სამი ქვეყნის პოპულარიზაციაა, არამედ მათ შორის უკეთესი თანამშრომლობის წახალისება და ხელშეწყობაც. თავის დროზე იგივე გააკეთეს ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ. ჩვენ ყოველთვის ვეჯიბრებით ერთმანეთს, მაგრამ ეს მეგობრული შეჯიბრია. ჩვენ უფრო ძლიერი ვართ, როგორც რეგიონი, როგორც ერთიანი ძალა, ასე რომ, მე რეგიონული თანამშრომლობის მტკიცე მხარდამჭერი ვარ. ამ სამი ქვეყნის ერთი ხმით საუბარს უფრო მეტი დაუგდებს ყურს, ვიდრე მათ ცალ-ცალკე გამოსვლებს. ამიტომ ითანამშრომლეთ ყველა იმ სფეროში, სადაც კარგად გაკეთებული საქმე თქვენს საერთო ევროპული მისწრაფებებს გამოადგება.

ვაჟა თავბერიძე