პრემიერის ანგარიში, ქართული "შტურმი" ვაშინგტონში ანუ რაზე მიანიშნა სენატორმა რიშმა ქართველ პოლიტიკოსებს - კვირის პალიტრა

პრემიერის ანგარიში, ქართული "შტურმი" ვაშინგტონში ანუ რაზე მიანიშნა სენატორმა რიშმა ქართველ პოლიტიკოსებს

"საზოგადოებაში არ არის აგრესია, შესაბამისად, ოპოზიციის აგრესიულობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების ნიველირებასაც კი ახდენს"

25 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშით წარდგა.

გამოსვლის შემდეგ პრემიერს დაუსვეს არაერთი შეკითხვა, რომლებზეც მოუწია პასუხის გაცემამ, თუმცა პროცესის დასრულება ვერ მოესწრო, შესაბამისად, ანგარიშის მოსმენა 28 ივნისს გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის 151-გვერდიანი ანგარიში პარლამენტში 1-ლ ივნისს შევიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ისაუბრა სამთავრობო გეგმაზეც, რომელიც გათვლილია ქვეყნის განვითარების მომდევნო 10 წელიწადზე და რომელზეც მთავრობა ახლა მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილმა სხვადასხვა სექტორზე საუბრისას ახსენა ის მიზნებიც, რასაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს მომდევნო 10 წელიწადში.

9-წლიანი მმართველობის შემდეგ როგორ შეიძლება შეფასდეს მთავრობის 10-წლიანი გეგმა? - ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძესთან:

- არაერთი ხელისუფლება და მათი გეგმები მინახავს. იყო დრო, კომუნიზმში შესვლა იგეგმებოდა, მინახავს 30 და 20-წლიანი გეგმები და ა.შ. ყველა ხელისუფლება ცდილობს რაღაც ახალი თქვას, ოღონდ დღეს-ხვალ კი არა, არამედ მომავალში. თავისთავად, როცა დღეს ხელისუფლება ლაპარაკობს 10-წლიან გეგმაზე, ეს ყოვლად გაუგებარია და რატომ, ახლავე ავხსნი...

უპირველესად იმიტომ, რომ საპარლამენტო მმართველობა გვაქვს და ხვალ რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რა ეშველება ამ გეგმას? ამასაც რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ ასეთი ან შეიძლება უკეთესი გეგმა ჰქონდა ღარიბაშვილის წინამორბედ პრემიერსაც, რაც, სხვათა შორის, პარლამენტშიც გაახსენეს "ქართულ ოცნებას", მაგრამ სად არის დღეს ეს პრემიერი და სად მიიკარგა მისი გეგმა? როგორც მახსოვს, გეგმა ჰქონდა კვირიკაშვილსაც. ერთადერთი "პატიოსანი" კაცი ამ თვალსაზრისით, ბახტაძე აღმოჩნდა, თუმცა, მგონი, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოასწრო გეგმის შედგენა.

მოკლედ, ამ შემთხვევაშიც არანაირი სიახლე არ ყოფილა. რა 10-წლიან გეგმაზეა ლაპარაკი, როდესაც ხვალ-ზეგ რა იქნება, კაცმა არ იცის. ჩემი აზრით, ეს გამიზნული იყო წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის. კვლავაც დაპირებებით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას.

თუ ლაპარაკია შინაარსზე, რაც ითქვა, მშვენიერი გეგმაა, თუმცა არც მისი შესრულების გზები და არც ის, რა დრო აქვს "ქართულ ოცნებას" ამისთვის, ცნობილი არ არის. მოკლედ, ეს გეგმა არარეალურია.

ხვალ რომ შეცვალონ ღარიბაშვილი, მისი გეგმა არქივში წავა. რომც არ შეცვალონ, მაინც არქივისთვისაა განწირული, რადგან ის მიმართულებები, რაზეც იქ ლაპარაკობს, საკითხავია, თუ რამდენად შეესაბამება დღევანდელ ჩვენს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებას, თან ყოველივე ეს ხომ ცვალებადია.

კი ითქვა, რომ 5 წელიწადში გადავხედავთ და კორექტივებს შევიტანთო, მაგრამ ისიც უცნობია, 5 წლის შემდეგ რა იქნება ქვეყანაში. ამიტომაც მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა, ღარიბაშვილს იმის გეგმა წარმოედგინა, 2024 წლამდე რას აპირებენ, როგორ უნდა დასძლიონ ეკონომიკური კრიზისი.

- იყო სოციალურ საკითხზე რამდენიმე კონკრეტული ინიციატივაც, რაც მალევე უნდა განხორციელდეს... - კი ბატონო, კარგია, მაგრამ უფრო წინასაარჩევნო ერთჯერად ინიციატივებს ჰგავს, ვიდრე კრიზისის დაძლევის რეალურ გეგმას და შესაძლებლობების მოძიებას. ვიღაცას სოციალურ დახმარებას რომ გაუზრდიან, კარგია, მაგრამ საამისო ფული საიდან უნდა გაჩნდეს ქვეყანაში? აი, ესაა მთავარი პრობლემა და ხელისუფლებისგან ამ კითხვაზე პასუხს ველოდებით.

გამოაცხადეს, რომ აპრილში თურმე ეკონომიკა 44%-ით გაიზარდა, მაგრამ სად ჩანს ეს ზრდა, როგორ აისახა ეს რიგით მოქალაქეზე, ქვეყნის მოსახლეობამ ეკონომიკის 1%-იანი ზრდა მაინც იგრძნო საკუთარ თავზე? როგორ ხდება, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის შემოსავლების უკუპროპორციულია?

2024 წლამდე გასაკეთებელ საქმეებზე, იცით, რატომ ვერ ლაპარაკობენ? იმიტომ, რომ მაგ დროს არჩევნებია და დღეს რომ დაპირებები გასცენ, ამაზე პასუხი მოეთხოვებათ, აი, 10 წლის მერე კი, კაცმა არ იცის, რა იქნება... ღარიბაშვილმა არ ილაპარაკა იმაზე, თუ სასამართლო რეფორმისთვის რა იგეგმება, არც საარჩევნო კოდექსზე უთქვამს დიდად რამე. მოკლედ, იმ თემებზე იმდენად არ ყოფილა ლაპარაკი, რამდენიც პრობლემაა ქვეყანაში.

ამის დასტური იყო დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემის ნაწილიც, როდესაც, ფაქტობრივად, მხოლოდ უმრავლესობის წევრებს უპასუხა. დანარჩენს - ოპოზიციის შეკითხვებს, ძირითადად, აგრესიულად, აგდებით და არასაგნობრივად გამოეხმაურა. მოკლედ, "ქართული ოცნებისთვის" მტკივნეული თემები ღარიბაშვილმა უპასუხოდ დატოვა.

ეს საანგარიშო გამოსვლა დაახლოებით იმის მაჩვენებელი იყო, არჩევნებზე რა ლოზუნგებით გამოვა "ქართული ოცნება". იყო ლაპარაკი მუნიციპალური განვითარებისთვის დასახარჯ 500.000 მილიონზე, რაც პირდაპირ უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებს.

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში პირველად ვნახეთ ოპოზიცია პრემიერთან ოპონირების რეჟიმში, თანაც სრული შემადგენლობით. საინტერესოა, მან რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე? - ოპოზიციის ქცევაში არსებითად არაფერი შეცვლილა, ისევ ერთსა და იმავეს იმეორებენ. რაზეც ლაპარაკობენ, მტკივნეული თემებია, მაგრამ ხელისუფლებისადმი მათი დამოკიდებულება კვლავაც უკიდურესად აგრესიულია, რაც არ პასუხობს მოსახლეობის განწყობას. საზოგადოებაში არ არის აგრესია, შესაბამისად, ოპოზიციის აგრესიულობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების ნიველირებასაც კი ახდენს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო "ლიბერთი ბანკისა" და პენსიონერების, ასევე ვეტერანების თემის წამოწევა და ვიცით, რომ ხელისუფლებაც აპირებს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს კითხვები დაისვას უფრო ზუსტად და პარლამენტარები დროს შეფასებებში არ კარგავდნენ. ეს ყველას არ შეეხება, მაგრამ ოპოზიციის დიდი ნაწილი უფრო შეფასებებით გამოდიოდა და კითხვებს ნაკლებად სვამდა. ველოდი, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ოპოზიციის ქცევაში დიდი არაფერი შეიცვლებოდა, უბრალოდ, ქუჩიდან გადაინაცვლებდნენ შენობის კედლებში და ასეც მოხდა.

- ბოლო 10 დღის განმავლობაში აშშ-ში ქართველ ოპოზიციონერთა გახშირებული ვიზიტები ვიხილეთ. ჯერ ვაშინგტონს ეწვია "ნაციონალური მოძრაობის" დელეგაცია, რომელსაც უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილიც შეუერთდა. ვაშინგტონში იმყოფებოდნენ გახარიას პარტიისა და "ლელოს" წარმომადგენლებიც. სანამ სააკაშვილისა და გახარიას ერთ სასტუმროში გაჩერების სკანდალზე ვილაპარაკებთ, მანამდე გთხოვთ შეაფასოთ, რას ემსახურება ოპოზიციონერთა ეს ვიზიტები? საინტერესოა, რომ აშშ-ში მყოფმა პარლამენტარმა სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ქართული შტურმით გაოცებულმა სენატორმა ჯინ რიშმა საჯაროდ შეგვახსენა, თქვენ ბედს თავად განაგებთო... - ერთხელ ვიხუმრე, ქართველი "უფლისწულები" აშშ-ში, როგორც "ოქროს ურდოში", ისე მიდიან, რათა კურთხევა მიიღონ-მეთქი, და იგივე ხდება ახლაც.

ყველა ოპოზიციური პარტია ჩადის და ცდილობს ის იქცეს ვაშინგტონის ფავორიტად და საქართველოში დაბრუნდეს მხარგაშლილი, როგორც ძალა, რომელზეც ფსონს დადებენ.

ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მუდმივად არის სამი მოთამაშე: ადრე თუ რუსეთი იყო მესამე ძალა, ახლა ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან ერთად, უკვე დასავლელი პარტნიორები არიან, თუმცა რიშის განცხადებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მინიშნება ასეთია: აშშ-ში კი არ უნდა ირბინოთ, თქვენს ქვეყანაში უნდა მოიპოვოთ მოსახლეობის მხარდაჭერაო.

პოლიტიკურ პარტიებს - არც სახელისუფლებოს და არც ოპოზიციურს, საქართველოში რეალური მხარდაჭერა არა აქვთ.

უნიკალური აღმოჩნდა დასავლელი პარტნიორების ძალისხმევა, განსაკუთრებით ნოემბრის არჩევნების შემდეგ. არ მახსენდება სხვა მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი ასე ჩარეულიყოს რომელიმე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ზოგჯერ ეს შეიძლება ცოტა გამაღიზიანებელიც იყოს, მაგრამ ამას განაპირობებს სწორედ ჩვენი ხელისუფლებისა და ოპოზიციის არასწორი, ინფანტილური ქცევა.

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციონერები აშშ-ში ვისაც შეხვდნენ, ყველას იმას უმტკიცებდნენ, "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერა არა აქვს, 43%-ს ვერ აიღებს და თუ არჩევნების შედეგად მაინც ასე გამოაცხადეს, ესე იგი გააყალბესო. სინამდვილეში დღეს "ქართული ოცნება" თუ წარმატებულია, ამას სწორედ ოპოზიციის უსუსურობა განაპირობებს.

ცალკე აღებულ "ოცნებას" შეიძლება არც ჰქონდეს მხარდაჭერა, მაგრამ დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერის გათვალისწინებით მაინც ახერხებს ხელისუფლებაში დარჩენას. რიშის ნათქვამიც სწორედ ამაზე მიანიშნებს.

ვერაფერს ვიტყვი იმაზე, აიღებს თუ არა "ქართული ოცნება" 43%-ს, მაგრამ ამის სათქმელად აშშ-ში ჩასვლა უფრო ოპოზიციას წარმოაჩენს არაადეკვატურად, ვიდრე ხელისუფლებას.

მივრბივართ და ვჩივით შარლ მიშელთან, რომ თურმე "ქართული ოცნება" არღვევს შეთანხმებას. ცხადია, არღვევს, კელი დეგნანის განცხადებაც აშკარად აჩვენებს, რომ სასამართლოს საკითხში ხელისუფლება მართლაც არასწორად იქცევა, არ ითვალისწინებს პარტნიორების აზრს, მაგრამ აქაც არის ერთი საკითხი - მოსამართლეების დანიშვნის თემა ძირითადად პოლიტიკურ პროცესში ჩართულ პირებს აინტერესებთ, რიგითი სტატისტიკური ქართველისთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. ეს იცის "ქართულმა ოცნებამ" და ამიტომაც იქცევა ასე. კი, ოპოზიციამ ამაზე აქცენტები უნდა დასვას, მაგრამ ამასთან სხვა თემები აქვს წამოსაწევი, თან მასშტაბურად და არა ლოზუნგების დონეზე.

- რაც შეეხება სააკაშვილსა და გახარიას, როგორ ფიქრობთ, ეს მართლაც შემთხვევითობა იყო თუ მათ შორის ალიანსს შეიძლება ველოდოთ? ბარემ აქვე ვიტყვი, რომ საქართველოში არაერთი გამაოგნებელი პოლიტიკური ალიანსი გვინახავს... - ნაკლებად რეალური მგონია, რომ სააკაშვილმა და გახარიამ კონფიდენციალური შეხვედრა დაგეგმეს და თანაც ერთ სასტუმროში გადაწყვიტეს ცხოვრება. როგორც ჩანს, ეს შემთხვევით მოხდა, მით უფრო, როგორც ქართველი პოლიტიკოსებისგან გავიგეთ, ამ სასტუმროს მდებარეობიდან გამომდინარე, მას საქართველოდან ჩასული პოლიტიკოსები თურმე ხშირად სტუმრობენ. მართალი ბრძანდებით, საქართველოში რა ალიანსები არ გვინახავს, მაგრამ

თვითმმართველობის არჩევნების წინ გიორგი გახარიას ორ ძალასთან ალიანსს გამოვრიცხავ, "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობასთან".

რაც შეეხება დასავლეთის გახარიათი დაინტერესებას, ეს ცხადად ჩანს, მაგრამ უკვე ვთქვი და გავიმეორებ - მართალია ოპოზიციურ ძალებს დასავლელ პარტნიორებთან კავშირი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ მხარდაჭერა აქ, საქართველოში უნდა ეძებონ.

- ქვეყანაში მხარდაჭერა ახსენეთ და, გავიხსენოთ, რომ გასულ კვირას გამოქვეყნდა 2 სოციოლოგიური კვლევის შედეგები და ორივეში გახარიას პარტია სოლიდურ მხარდაჭერას აღწევს. მაგალითად, ტელეკომპანია "ფორმულის" მიერ გამოქვეყნებული Edison research-ის კვლევის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 24% - "ნაციონალურ მოძრაობას", 13% კი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის"... - არ ველოდი ასეთ მხარდაჭერას. ვფიქრობდი, რომ სასტარტოდ 5-6%-იანი რეიტინგი ექნებოდა.

გიორგი გახარია მელიასთან დაკავშირებული ვითარების შედეგად წავიდა ხელისუფლებიდან. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რაც დასავლეთმა ადეკვატურად შეაფასა და როგორც ეს გამოკითხვები აჩვენებს, გახარიას ეს ნაბიჯი ქვეყანაშიც არანაკლებ პოზიტიურად შეფასდა. ეს გამოკითხვები ცხადყოფს იმასაც, რომ პარტიებმა, რომლებიც გახარიას გამოჩენამდე იყვნენ პოლიტაიკურ ასპარეზზე, მნიშვნელოვნად დაკარგეს მიზიდულობის ძალა. სურდათ თუ არა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ასე ვთქვათ, ერთ, "ნაციონალური მოძრაობის" ქვაბში მოიხარშა ყველა. გახარია კი, რომელიც პოლიტიკურ ველზე რიხიანად შემოვიდა, ყურადღების ცენტრში მოექცა. მას იცნობდნენ როგორც პრემიერს, როგორც შს მინისტრს და ახლა აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ანგარიშგასაწევი ძალა, თუმცა "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს არ მოხდეს. თუ გახარია მოახერხებს პროცესის სწორად წარმართვას, ნამდვილად იქცევა მესამე ძალად.

ამ ეტაპზე, როდესაც "ქართულ ოცნებას" 43% აქვს ასაღები, მისთვის გახარია დიდი პრობლემაა, მაგრამ თუ არჩევნების შემდგომ წარმატებას მიაღწია, ექსპრემიერი პრობლემად იქცევა ოპოზიციური სპექტრისთვისაც. თუ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას სურს დასავლეთის მხარდაჭერა, ჯერ მხარდაჭერა ქვეყანაში უნდა მოიპოვოს. თუ გახარიამ მომავალ არჩევნებზე მართლაც აიღო 10% და მეტი, მაშინ დასავლეთის მხარდაჭერა საგრძნობლად გაეზრდება.

ჩემი აზრით, დღეს გახარიას პარტიის რეიტინგის დიდი ნაწილი მაინც "ქართული ოცნების" ამომრჩევლის ხარჯზეა, თუმცა, ვფიქრობ, პატარა პარტიებსაც წაართვა უკვე ელექტორატის მცირე ნაწილი. უმნიშვნელოდ დააზარალა "ნაციონალური მოძრაობაც", მაგრამ თუ მესამე ძალის ცენტრად იქცა, მაშინ შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ვეღარ დარჩეს გულგრილი გახარიას მიმართ.

- პოლიტიკოსთა რეიტინგს თუ გადავხედავთ, Edison research-ის კვლევისვე თანახმად, გამოკითხულთა 57% გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი, 50% თბილისის მერ კახა კალაძის, 47% კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას მიმართ... - გახარიასადმი დამოკიდებულება ცხადად ჩანს ამ პროცენტებითაც და რამდენიც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ 20 ივნისზე, ეს არსებითად არაფერს შეცვლის. მოკლედ, გახარიას კარგი სასტარტო პირობები აქვს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მესამე ძალად იქცეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რა ნაბიჯებს გადადგამს, თანაც გავითვალისწინოთ, რომ ეს მაინც მისი პერსონალური რეიტინგია. აი, გახარიას გუნდი კი პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან სუსტია, მათ შორის პარლამენტშიც. მოკლედ, გახარიას ბევრი თავსატეხი აქვს, რათა პოლიტიკურ ველზე რეალურ ძალად იქცეს.

- მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს იმ დასავლელი პარტნიორების დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვინც ჩართული იყვნენ 19 აპრილის შეთანხმების მომზადებაში. ოპოზიციასთან ერთად, ისინიც აცხადებენ, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს. თუმცა "ქართული ოცნება" ჯიუტად ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს არ არის შეთანხმებასთან კავშირში. - ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" დიდ შეცდომას უშვებს, თუმცა ამაში ახალიც არაფერია. თუ დააკვირდებით სხვადასხვა დროის ქართული ხელისუფლებების მართვის ბოლო პერიოდს, ყველა მათგანი ცდილობდა მოსახლეობისთვის დაემტკიცებინა, რომ არ აინტერესებს სხვისი აზრი. ერთადერთი ახსნა "ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებას შეიძლება ის ჰქონდეს, რომ ხისტი პოლიტიკა აჩვენოს ამომრჩეველს და დაარწმუნოს ელექტორატი, რომ არც ოპოზიციის და არც დასავლელი პარტნიორების აზრი არ აინტერესებს და მუშტის დარტყმით შეუძლია გადაწყვიტოს ყველაფერი. სხვა რეალურ და ლოგიკურ ახსნას ამ მოვლენას ვერ ვუძებნი. ამბობენ, რომ თურმე მოსამართლეები საქმეებს ვერ აუდიან, რაც ძნელად დასაჯერებელია, რადგან ძნელად მოსაძებნია იმის მაგალითები საქართველოში, როდესაც ვინმე რამეს ვერ აუდის და ამის გამო ხელისუფალი თავს იწუხებს. მოკლედ, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ასეთ ხისტ პოლიტიკას პოზიტიური შედეგი არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის არ მოუტანია და არც "ქართულ ოცნებას" მოუტანს. რატომ ვერ ხვდებიან ამდენს, არ ვიცი.