"ამდენმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონისხელა ქალაქის ერთ სასტუმროში როგორ მოიყარა თავი?!" - კვირის პალიტრა

"ამდენმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონისხელა ქალაქის ერთ სასტუმროში როგორ მოიყარა თავი?!"

"ნაცმოძრაობა" ყველაფრის მიმართ, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა, ნეგატიურად არის განწყობილი... პარლამენტში პრემიერის გამოსვლის დღეს მათი ქცევიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს იყო ზიზღის, გესლისა და ბოღმის ნთხევის გაგრძელება. პრემიერისგან კონკრეტული დაპირებების მიღება მხოლოდ რამდენიმე დეპუტატმა შევძელით"

საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე, პარლამენტში ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობასა და სხვა აქტუალურ- პოლიტიკური საკითხების შესახებ "მოქალაქეების" წევრს ლევან იოსელიანს ვესაუბრეთ.

- ვაშინგტონში ოპოზიციური პარტიების ნაწილის ვიზიტსა და კონსპირაციულ შეხვედრა-არშეხვედრაზე რა ვერსიებიც უნდა ვთქვა, ან მედიამ რაც უნდა ივარაუდოს, ყველაფერი მარჩიელობა იქნება, რადგან დანამდვილებით არავინ ვიცით, ნამდვილად შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი. თუმცა მართლაც გაუგებარია, ამდენმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონისხელა ქალაქის ერთ სასტუმროში როგორ მოიყარა თავი. ეს მეც მიჩენს კითხვებს, თუმცა პოლიტიკაში მუდმივი მტრები არ არსებობენ, ისევე როგორც მუდმივი მეგობრები.

თეორიულად ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ ასეთი რამე რომ მომხდარიყო, ძალიან გამიკვირდებოდა, რადგან სააკაშვილი მუდმივად იმეორებდა, რომ გახარია რუსეთის ემისარია. გახარიაც ძალიან მძიმედ აფასებდა სააკაშვილს. თუმცა არაფერია გამორიცხული, ისევე როგორც ის, რომ შესაძლოა ვიღაცას მათი გაშავება გადაეწყვიტა.

- ოპოზიციის ნაწილისთვის ისევ აქტუალურია ბოიკოტის თემა. - დიახ, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ დააზუსტა, რომ "ლელო" პარლამენტიდან გასვლას არ აპირებს. ასეთი ტიპის ბოიკოტს არც განვიხილავ სერიოზულად. დიდი შრომის შედეგად შევძელით "ლიბერთი ბანკთან" მოლაპარაკება, რის შედეგადაც ახალი სატენდერო პირობები გამოცხადდება. პრემიერ-მინისტრიც დაგვპირდა, რომ ვეტერანების პენსია გაიზრდება; მეორე მოსმენით საარჩევნო რეფორმა გავიტანეთ, ასევე დაინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირა.

- ეს თქვენთვის მოულოდნელი იყო? - არა, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ პოლიტიკური პარტიის წევრები ყველაფრის მიმართ, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა, ნეგატიურად არიან განწყობილი. მაინც გამიკვირდა, რადგან ბოლო წუთამდე ამბობდნენ, რომ ამნისტიის გარდა, შარლ მიშელის დოკუმენტში შეტანილ ყველა საკითხს დაუჭერდნენ მხარს. დასაბუთებული არგუმენტები, თუ რატომ არ მოსწონთ ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც არჩევნების ჩატარებას მართლაც ობიექტურად ითვალისწინებს, არა აქვთ. ამას ერთი ახსნა აქვს - პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ ასეთი - არ იყვნენ არაფრის მონაწილე და შემდეგ ყველაფერი გააკრიტიკონ. ასე რომ, რა მნიშვნელობა აქვს, პარლამენტში იქნებიან თუ გარეთ.

პარლამენტში პრემიერის გამოსვლის დღეს მათი ქცევიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს იყო ზიზღის, გესლისა და ბოღმის ნთხევის გაგრძელება. პრემიერისგან კონკრეტული დაპირებების მიღება მხოლოდ რამდენიმე დეპუტატმა შევძელით. პარლამენტში უკეთ ჩანს, თუ "ნაციონალური მოძრაობა" რამდენად შორს არის იმ ფუნქციისგან, რაც ოპოზიციას ეკისრება. იქნება ეს პრობლემური საკითხების მოგვარება, დასაბუთებული პოლემიკა და ა.შ. ისევ სკანდალები, სპეკულაციები, ინტრიგები და ამის გამოძახილი საზოგადოებაში - დაახლოებით ისეთი, ვაშინგტონში ვარდისფერ ფერებში გადაწყვეტილი მელია რომ იყო წარმოდგენილი. ძალიან კარგი "მიმი" იყო, ვიხალისე... რას ვიზამთ, იმის გარდა, რომ მათზე სიმართლე ვილაპარაკოთ, ჩვენ სხვა მექანიზმი არა გვაქვს.

ლევან ბეჟაშვილი საარჩევნო კოდექსის განხილვაში აქტიურად იყო ჩართული, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, მხარი არ დაუჭირეს კოდექსს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ? - მუშაობის ასეთი "სტილი" აქვთ. პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობენ და არა ხალხის ინტერესით.

- "ედისონ რიჩერსის" კვლევებზეც გკითხავთ, სადაც მერობის კანდიდატებს შორის იყო დასახელებული ალეკო ელისაშვილიც ხმათა 8%-ით... - მე არ მჯერა კონკრეტული ტელევიზიების დაკვეთილი კვლევების, რადგან შემდეგ არჩევნებზე სრულიად სხვა ციფრები ჯდება ხოლმე. ალეკოს სხვა კვლევებშიც ასე უწერდნენ - ხან 3%-ს და ხანაც 4%-ს, 10%-ც იყო და 18%-ც. ამიტომ ეს კვლევები ჩვენი მუშაობის განმსაზღვრელი ვერ იქნება.