"ოცნებას" სურს "ნაციონალებისა" და გახარიას ერთ ნავში აღმოჩენა" - კვირის პალიტრა

"ოცნებას" სურს "ნაციონალებისა" და გახარიას ერთ ნავში აღმოჩენა"

"ნაციონალების" ხელისუფლებაში მოსვლის ალტერნატივა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს - 2012 წლის შემდეგ იმას "მიაღწიეს", რომ არათუ თავად ვერ დაბრუნდებიან, ქართულ პოლიტიკაში რადიკალური ძალა ვერ შემოვა. თუ ასეთი გუნდის მოსვლის შანსი ძალიან ცოტაა, უფრო ადვილად შესასრულებელია მემკვიდრეობითობა, იქნება ეს "ქართული ოცნების" წევრებით თუ მათგან წამოსული პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული..."

რომელი პოლიტიკური ძალა როგორ ცდილობს მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებას და როგორ აფასებენ ქართული სპექტრის მოქმედებას უცხოელი პარტნიორები, ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:

- ვერსია, რომ ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც ვაშინგტონია, ერთ სასტუმროში როგორ მოხვდებოდნენ სააკაშვილი და გახარია, ცოტა უსაფუძვლო მგონია. ასევე დიდი ქალაქია მოსკოვიც, მაგრამ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ქართველებიც ხშირად ხვდებოდნენ სასტუმრო "როსიაში", რადგან იქაურობა, უბრალოდ, მისაღები იყო მათთვის. კიდევ ერთი - შესაძლოა მან, ვისი ორგანიზებითაც იმართებოდა ეს ღონისძიება, ყველა ერთ ადგილას მიიწვია. კონსპირაციული შეხვედრა რომ ნდომოდათ, სხვა ადგილს ვერ აარჩევდნენ? უფრო შეუმჩნეველი დარჩებოდნენ, რადგან იმ სასტუმროში თავმოყრილი იყო მთელი "ნაცმოძრაობა". შესაძლოა მართლაც იყვნენ ერთ სივრცეში, მაგრამ ამით დაინტერესებული პარტიის ვერსიები ჯერ შორს არის დამაჯერებლობისგან.

- დაინტერესებული პარტია შესაძლოა "ქართული ოცნება" იყოს? - დიახ, სხვას ვის უნდა სურდეს "ნაციონალებისა" და გახარიას, მისი ორი ძლიერი კონკურენტის, ერთ ნავში აღმოჩენა? ვისთვისაც მიუღებელია "ნაციონალები", მათთვის მიუღებელი გახდა გახარიაც.

- ქართული პოლიტიკური სპექტრის მოქმედებებს ყურადღებით ადევნებენ თვალს სტრატეგიული პარტნიორები, რაც მუდმივ რჩევებში, შენიშვნებსა და რეკომენდაციებში გამოიხატება. ეს ეხება საპარლამენტო და მის მიღმა მყოფ ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც. რამდენად ითვალისწინებენ ისინი რჩევებს? - ამ ეტაპზე ორივე მხარე ამომრჩეველთა ხმების მოზიდვაზეა ორიენტირებული. "ნაციონალებს" ხანდახან ისევ მოუვლით ძველი ჟინი, ქუჩისკენ იქაჩებიან, მაგრამ არც ერთი ოპოზიციონერი არ აჰყვა, რადგან მიხვდნენ, რომ ქუჩაში გატარებული ექვსი თვე მათ ავტორიტეტზე ძალიან ცუდად აისახა. ეს კი სწორედ საერთაშორისო პარტნიორების დამსახურებაა. მათი ეს ქმედება არც ქართველ საზოგადოებას მოეწონა და არც უცხოელებს. როდესაც უცხოელი პარტნიორების როლზე ვსაუბრობთ, ამის ნათელ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ გახარიას პოლიტიკური შეხვედრები.

ამერიკულ სინამდვილეში გახარიასთან უფრო წონიანი პოლიტიკური ფიგურები მოდიოდნენ, ვიდრე თუნდაც მელიასთან შეხვედრაზე, რაც უნდა უჭირდეს ამის აღიარება და ცდილობდეს მისი პოლიტიკური გარღვევა რაღაც შარჟებით გადაფაროს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ რადიკალური ოპოზიციური გუნდები თავიანთი რადიკალური გამოსვლებით უკვე დრომოჭმულია. მათ არაერთხელ აჩვენეს, რომ ასეთ ძალებს აღარ უჭერენ მხარს და ორიენტაციას მათზე იღებენ, ვინც ნებისმიერ რამეზე ქუჩაში გამოვარდნას არ აპირებს... ასეთი რეალობის ფონზე უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ დასავლეთი მმართველ გუნდს უჭერს მხარს, მუდმივი შენიშვნების მიუხედავად. ეს ეხება მოსამართლეთა არჩევის წესსაც... "ნაციონალებისა" და მათი გზით მოსიარულე ოპოზიციონერების ფონზე, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჰალსტუხს გაიკეთებს, პოლიტიკაში წავა და დაბალანსებულად ისაუბრებს, ევროპისთვის ქართველი პოლიტიკოსის ეტალონად შეიძლება იყოს აღქმული.

- მიშელის დოკუმენტის მიხედვით, "ამბიციური სასამართლო რეფორმა" ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, მაგრამ... - გეთანხმებით... მანტიამოსხმულ მოსამართლედ არავინ დაბადებულა, ისინი სისტემამ შექმნა, თუმცა "ოცნებას" ბარემ დახვდა ასეთი ჯგუფი და მზამზარეულს დათანხმდა. თუ ახალ ჯგუფს მოიყვანდნენ და კლანად წოდებულს განზე გასწევდნენ, სასამართლო სისტემა მთლიანად ამოტრიალდებოდა. საქართველოში ხომ ყოველთვის ასე ხდება - თუ ვინმე თანამდებობიდან მოხსნეს ან ნებით წავიდა, ყველამ პარტია შექმნა და ოპოზიციაში ვიხილეთ. ასე მოხდებოდა აქაც. მმართველმა გუნდმა ივარაუდა, რომ ეს სახიფათო იქნებოდა ქვეყნისთვის, რადგან სასამართლო სისტემა ერთი დიდი შტოა და მას გავლენა აქვს სხვადასხვა სფეროში. 9 წელია "ოცნება" ხელისუფლების სათავეშია და ამ სისტემას ძვრა ვერ უყო...

- პრემიერ--მინისტრმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ღარიბაშვილის გამოსვლამ? - პრემიერმა ათწლიანი გეგმა წარმოადგინა, რაზეც ოპოზიციამ ჩვეულებას არ უღალატა და იღლიცინა. არადა, ჩვენი უბედურება ის არის, რომ პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები მოკლევადიანი ცნობიერებით მოქმედებენ. რადგან ესა თუ ის ძალა ოთხი წელია მართავს ქვეყანას, მხოლოდ ოთხწლიანი გეგმა უნდა წარადგინოს? სინამდვილეში, ოთხწლიანი საქმიანობა გრძელვადიან კონტექსტში რომ ჩაეწეროს, სწორედ გრძელვადიანი გეგმაა მოსამზადებელი. სხვა შემთხვევაში, ოთხი წლის გეგმა არაფრის მომცემი იქნებოდა. ამიტომ ეს გეგმა პრინციპულად დადებით კონტექსტად მიმაჩნია. მაგალითად, ვიცით, რომ დღეს-ხვალ ევროკავშირსა და ნატოში არ მიგვიღებენ, მაგრამ ხომ ვამბობთ, რომ ამ ორგანიზაციებისკენ მივდივართ? ეს გეზი გვკარნახობს კონკრეტულ ნაბიჯებს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ სტრუქტურებში. შესაბამისად, ყველა გრძელვადიანი გეგმა გვკარნახობს ადგილობრივ დონეზე, იქნება ეს დემოკრატიის ხარისხი, ეკონომიკა თუ სოციალური პროექტები, სამოქმედო გეგმას, რომელიც დროთა განმავლობაში ზუსტდება, იხვეწება და კონკრეტდება, მაგრამ თავიდან არ დაიწერება. შევთანხმდით იმაზეც, რომ საგარეო გეზი არ გადაიხედება... "ნაციონალების" ხელისუფლებაში მოსვლის ალტერნატივა კი ფაქტობრივად, აღარ არსებობს, რადგან თავად გააქრეს - 2012 წლის შემდეგ იმას "მიაღწიეს", რომ არათუ თავად ვერ დაბრუნდებიან, ქართულ პოლიტიკაში რადიკალური ძალა ვერ შემოვა და თავს ვერ დაიმკვიდრებს. თუ ასეთი გუნდის მოსვლის შანსი ძალიან ცოტაა, უფრო ადვილად შესასრულებელია მემკვიდრეობითობა, იქნება ეს "ქართული ოცნების" წევრებით თუ მათგან წამოსული პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული...