"ივანიშვილი ნაწყენი იქნება, რადგან გახარიას არანაირი პოლიტიკური წარსული არ ჰქონდა 2013 წლამდე" - რატომ გადაწყვიტა კვლავ მერობისთვის ბრძოლა თამაზ მეჭიაურმა
"ივანიშვილი ნაწყენი იქნება, რადგან გახარიას არანაირი პოლიტიკური წარსული არ ჰქონდა 2013 წლამდე" - რატომ გადაწყვიტა კვლავ მერობისთვის ბრძოლა თამაზ მეჭიაურმა
ყოფილი პარლამენტარი თამაზ მეჭიაური თიანეთის მერობისთვის ბრძოლას კვლავ აპირებს. ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხალხის თხოვნით ჩაებმება. 2020 წელს თიანეთის მერის თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა იმ იმედით, რომ ოპოზიციონერი მაჟორიტარი კანდიდატი არჩევნებს თავის რეგიონში მოიგებდა. მაგრამ "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციაში გადასულმა ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა, ამჯერად გამარჯვება ვერ შეძლო. მიზეზად არჩევნების ტოტალურ გაყალბებას ასახელებდა. ახლა კი კვლავ მიიღებს მონაწილეობას და არც ის არის გამორიცხული, მომავალში საპარლამენტო არჩევნებშიც იბრძოლოს გამარჯვებისთვის.

- ბატონო თამაზ, თიანეთელებს
სოციალური ქსელით აცნობეთ, რომ ისევ აპირებთ მერობას, არადა, შარშან თქვენი სურვილით დატოვეთ ეს თანამდებობა, გვესაუბრეთ თქვენს გეგმებზე.
- ჯერ იმ სტადიაში ვარ, რომ ვარკვევ, ვიყარო თუ არა კენჭი მერობის კანდიდატად. განწყობას რომ ვუყურებ, ეს აუცილებელია. სიმართლე გითხრათ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმედგაცრუებული ვიყავი, ვინაიდან, გაყალბდა. მაგრამ არის
ხალხის კატეგორია, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად, თავისი პრინციპებისთვის არ უღალატია, ბოლომდე იდგა ჩემ გვერდით. ახლა ამ ადამიანებს სურთ, ისევ ვიყარო კენჭი. მინდოდა, მომეძებნა ისეთი ახალგაზრდა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნებოდა, მაგრამ ცოტა გვიჭირს უცებ ასეთი კადრის მოძიება. ამიტომ გადავწყვიტე, ისევ ჩემი კანდიდატურა დავაყენო. სოციალურ ქსელში ჩემს სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ეს ხალხის სურვილია. საპარლამენტო არჩევნები მაინც სხვა იყო - 5 მუნიციპალიტეტი, პლუს წეროვნის 4 დასახლება, ახლა მხოლოდ თიანეთია და აქ გამარჯვება არ გამიჭირდება. თან ჩემი მერობის დროს დაწყებული საქმეებიც დასამთავრებელია. აქედან გამომდინარე, დავდე ის სტატუსი სოციალურ ქსელში, პირადშიც მწერდნენ, მირეკავდნენ, ძირითადად, პოზიტიური განწყობაა. უნდა ვიბრძოლოთ მხოლოდ გამარჯვებისთვის. არც იმის იმედზე უნდა ვიყოთ, რომ ვიღაც მოგვეხმარება. თუ ვინმე მოგვეხმარება, მადლობას ვეტყვით.

- თქვენი კონკურენტების ვინაობა უკვე ცნობილია?
- ჯერჯერობით არ არის ცნობილი. შტაბები გაიხსნა, გახარიას პარტიამაც გახსნა უკვე. არც ის ვიცი, გაერთიანებულ ოპოზიციას ვინ ეყოლება კანდიდატად, ალბათ, მალე ყველაფერი გამოიკვეთება.

- როგორ ფიქრობთ, "ქართულ ოცნებას" მოუგებთ თიანეთში?

- არ მგონია, ორჯერ ერთი და იგივე შეცდომა დაუშვას ხალხმა. მაშინ ის დეპუტატი ყველაფერზე მიდიოდა, ოღონდ აერჩიათ. ხალხის ნაწილმა მხარი დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ არც კი იცნობდნენ - მოსყიდვით თუ სხვა მიზეზით... ახლა მიხვდნენ, რომ ის თანხა დიდხანს არ ეყოფოდათ და იმედები გაუცრუვდათ კიდეც. ამიტომ, არ მგონია, ისევ შეცდომა დაუშვან. იმის იმედი მაქვს, რომ აქ გაცილებით მეტი მოტივაცია ექნებათ პარტიებს. მაშინ იყო საპარლამენტო არჩევნები, მაჟორიტარიც ბევრი არ იყო, საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლებიც არ გვყავდა სათანადოდ და ხმების დაცვა ვერ შევძელით. ახლა გაცილებით დიდი კონკურენცია იქნება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ეს არჩევნები გადაწყვეტს, როგორი პოლიტიკური მომავალი ექნება საქართველოს, დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები, აქედან გამომდინარე, ხმებიც გაცილებით აქტიურად იქნება დაცული. ალბათ, მერობის ბევრი კანდიდატიც იქნება. ცოტათი გაუმჯობესდება საარჩევნო კოდექსიც. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობა კომისიებში გაიზრდება და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ საარჩევნო ხმები წინა არჩევნებზე მეტად იქნება დაცული. გამომდინარე აქედან, გაყალბების შანსი გაცილებით ნაკლები იქნება, თუმცა იდეალური არ მგონია, იყოს.

- საპარლამენტო არჩევნებში იბრძოდით. თუ რიგგარეშე არჩევნები იქნება, ისევ იყრით კენჭს?

- პირველ რიგში, ჩემთვის ამოსავალი ჩემი კუთხეა. რაც შეეხება მომდევნო არჩევნებს, თუ დაინიშნება, ეს ჯერ გასარკვევია. იმასაც აქვს მნიშვნელობა, როგორი წესით ჩატარდება, შეიძლება პარლამენტმა შეიტანოს ცვლილებები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცემულობა გვექნება. ჩემი გადაწყვეტილება უნდა მოემსახუროს ჩემს კუთხეს, რომელიც გამოადგება მას და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინო ჩემს თიანეთს, ყველა შემთხვევაში, ჩემი კუთხის ინტერესი დაცული უნდა იყოს. ჩემი პირადი ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო ჩემი კუთხის ხალხისთვის. მათთან კომუნიკაციის პრობლემა მე არ მაქვს. თუ ვერ ვუპასუხე ვინმეს, მერე გადავრეკავ. ვერავინ იტყვის, რომ მე ამომრჩეველს და მოქალაქეებს ვემალები. ამ წუთას მცირე "პროფილაქტიკური სამუშაოები" მინდა ჩავიტარო ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რადგან აქამდე ვერ მოვიცალე. ახლა შევიმოწმებ ჯანმრთელობას, მერე უნდა ავიღო ოფისი და შევუდგე საარჩევნო კამპანიას. ყველას პატივს ვცემ, ვინც უნდა იყაროს კენჭი, მაგრამ ყველას სერიოზულ კონკურენაციას გავუწევ. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები.

- ახლა შორიდან ადევნებთ თვალს პოლიტიკას, დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე რას იტყვით?
- დღევანდელი პარლამენტი ვერ ასახავს მოსახლეობის განწყობას, რადგან სრულად არ არის წარმოდგენილი ყველა ამომრჩევლის გემოვნების შესაბამისი პოლიტიკური წარმომადგენლობა, სწორედ ამიტომ არის კითხვის ნიშნის ქვეშ პარლამენტის ლეგიტიმურობა. თუმცა, რადგან ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შევიდა, მაინც შეუძლია ამ პარლამენტს შეასრულოს დადებითი მისია საქართველოს ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეჭვი ეპარება მათ ლეგიტიმურობაში. იმედია, ამ შანსს გამოიყენებენ და ისეთ კანონმდებლობას შექნიან, რომელიც ხალხს გამოადგება.

- გიორგი გახარიას ახალ ამპლუაში გამოჩენას როგორ უყურებთ?
- გახარია პრემიერ-მინისტრი იყო. მას არავინ უშლიდა ხელს, შეეძლო ის ეკეთებინა, რასაც თვლიდა საჭიროდ. რაც შეეხება პრინციპულ საკითხებს, ის დღესაც, ფაქტობრივად, თვლის, რომ რაც კეთდებოდა მმართველი გუნდის მიერ, ყველაფერი სწორი იყო. ერთადერთი, მხოლოდ ნეპოტიზმზე გაამახვილა ყურადღება. არადა, ნეპოტიზმი ყვაოდა მისი მმართველობის დროს, თუნდაც ჩემს რეგიონში. ახლა, რამდენად დამაჯერებელია ის, რომ ნეპოტიზმს გამოექცა იქიდან, ესეც ძნელი სათქმელია.

- თქვენს რეგიონში რა ხდებოდა?
- არ ვამბობ, "ნაციონალი" არასდროს უნდა ამუშავო-მეთქი, მაგრამ კერესელიძე "ნაციონალი" იყო. როგორც კი გახარია გამოჩნდა "ქართულ ოცნებაში", ისიც გახდა "მეოცნებე". მერე, უცებ, კერესელიძე გუბერნატორი გახადეს. მოგვიანებით "ოცნებამ" დეპუტატობა უბოძა და მაჟორიტარად აირჩიეს, მაგრამ ერთ-ორ თვეში, თურმე, გაეხსნა გონება და ახლა ახალ პარტიას ქმნიან. ამან ვის უნდა უთხრას ნეპოტიზმი იყოო? ნეპოტიზმი, რა თქმა უნდა, იყო "ნაციონალების" დროსაც და ახლაც არის. არადამაჯერებელია გახარიას განცხადება, რომ ნეპოტიზმს გამოექცა, რეალურად, ეს ხალხი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. წამოსვლის მეორე მოტივი - თითქოს, ორი დღით ადრე უნდა დაეჭირათ ნიკა მელია თუ ორი დღის შემდეგ, - ამაზე უთანხმოების გამო რომ უნდა გადამდგარიყო პრემიერი, ესეც ღიმილის მომგვრელია. მაშინ თუ სხვაგვარად ფიქრობდა, უნდა გადამდგარიყო ნამახვანის ხელშეკრულებას სანამ მიიღებდნენ, ეს გააპროტესტა? თუნდაც 20 ივნისს ან მეორე დღეს გადამდგარიყო, მაგრამ პირიქით, იმის შემდეგ დაწინაურდა. არადამაჯერებელია ბევრი რამ. დღემდე ვერ გავიგეთ, პრემიერობიდან მისი წასვლის რეალური მიზეზი.

- ბევრს საუბრობდნენ, რომ ივანიშვილი ისევ იდგა გახარიას უკან, მაგრამ მერე გამოჩნდა ივანიშვილის განცხადება. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია მასზე?

- ნაწყენი იქნება, რადგან გახარიას არანაირი პოლიტიკური წარსული არ ჰქონდა 2013 წლამდე. შეიძლება ის წარჩინებული სტუდენტი იყო, სადმე კარგი ჩინოვნიკი, მაგრამ მისი ასეთი ელვისებური კარიერა, 5 წელიწადში პრემიერ-მინისტრამდე რომ მივიდა, ესეც ივანიშვილის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, განაწყენდებოდა.

- ივანიშვილმა თქვა, არ ჩავერევი პოლიტიკაშიო, თუმცა მისი ახალი განცხადებაც მოვისმინეთ. მასთან მეგობრობდით, როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან?
- ვიდრე ერთი ადამიანი მაინც არსებობს, რომელიც მან აარჩია და ივანიშვილის გარეშე ვერ მოხვდებოდა იმ თანამდებობაზე, ის მაინც ერევა პოლიტიკაში ირიბად. შეიძლება, ტაქტიკურ საკითხებში არ ერევა. მნიშვნელოვანი იყო ბოლო ჩარევაც, მგონია, თხოვეს ეთქვა, რომ მართლა არ იყო მისი პროექტი გიორგი გახარია. სხვაგვარად როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის იყო ივანიშვილის პროექტი, ფაქტობრივად, გახარია იჯდა "ოცნების" ელექტორატზე. ბიძინას ამ განცხადების შემდეგ უკვე შეეცადნენ, "ნაციონალებისთვის" "ჩაედოთ" გახარია და მოახერხეს კიდეც ბოლო მოვლენებით.

ახლა გახარია დაჯდება ორივე მხარის - როგორც "ნაცების", ასევე, "ოცნების" ხმებზე, რადგან მისი გარემოცვა შედგება "ნაციონალებიდან" და დეპორტირებულებისგან, ისინი მოერგნენ კარგად. გახარიას ეყოლება ამომრჩეველი. ივანიშვილის განცხადებაც ქვეტექსტით იკითხებოდა. გახარია წაიღებს "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" ხმებსაც.

- ექსპერტები ამბობენ, "ნაციონალების" ხმებს საფრთხეს ვერ შეუქმნის გახარიაო, თქვენ ასე არ ფიქრობთ?
- საფრთხე ემუქრება, არა მხოლოდ "ნაციონალების" ხმებს, არამედ - პატარა ოპოზიციური პარტიების ხმებსაც. სამეგრელოში კუთხური მომენტი უფრო მძაფრადაა, თავისიანის მიმართ და გახარია იქ უფრო მეტადაა მხარდაჭერილი. ყველა პოლიტიკური სპექტრიდან მიიღებს ის ხმებს. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ხალხის რაოდენობა, ამაზე საუბარი ცოტა ძნელია და დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები.

- ახლა დიდი ხმაური ატყდა გახარიას ამერიკაში ვიზიტზე, რას იტყვით ამაზე?
- ადამიანი ადამიანს რომ დაუკავშირდეს, ამისთვის დღეს უამრავი საშუალება არსებობს და სულაც არ არის საჭირო, ამერიკაში, ერთ სასტუმროში აღმოჩნდნენ, ერთად. არ არის აუცილებელი, ასეთი რამ მოხდეს. თუ მაინცდამაინც დაემთხვა, შეიძლება ეს მათი დადგემილი იყოს, ვინც მიიწვია ისინი...

დღეს ლევან ვასაძის მონაწილეობაც არ აწყობს "ქართულ ოცნებას", რადგან ის წაიღებს იმ "ძველი გვარდიის" ხმებს, "ქართული ოცნებისას", რომლებიც უფრო ეროვნულები და კონსერვატულები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მისი არმონაწილეობა ახლა "ქართული ოცნებისთვის" სასარგებლო იქნება. ამ ვითარებაში, გახარიას შანსებიც გაიზარდა, რადგან ვასაძე გაჩერებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები