"არ არის გამორიცხული, ჟვანიას გადადგომა სასამართლო რეფორმის ჩაგდების გადაწონას ემსახურებოდეს" - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, ჟვანიას გადადგომა სასამართლო რეფორმის ჩაგდების გადაწონას ემსახურებოდეს"

"თუ სასამართლო რეფორმა გამჭვირვალედ არ წარიმართა, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის გაკეთება ნონსენსი იქნება"

როგორ შეიძლება დააზიანოს ქვეყნის იმიჯი გაჭიანურებულმა სასამართლო რეფორმამ; რამდენად თანამიმდევრული არიან პოლიტიკური ძალები თვითმმართველობის არჩევნებამდე და ვის რა პერსპექტივა აქვს, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება:

- მმართველი გუნდისგან ცოტა გაუგებარია, რატომ აფერხებს სასამართლოს რეფორმას. ქვეყანას ეს საგარეო ფაქტორების გამოც სჭირდება - 2024 წელს საქართველო ევროკავშირში განაცხადის შეტანას აპირებს და თუნდაც ბოლო პოლიტიკური კონსულტაციების დროს ხომ გამოჩნდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერა აუცილებელია, რომ არაფერი ვთქვათ თავად ქვეყანაში არსებულ განწყობებზე - სასამართლოს რეფორმა თუნდაც იმიტომ არის აუცილებელი, რომ მოსახლეობა ამ ინსტიტუტს არ ენდობა.

არაერთი საერთაშორისო პარტნიორი, მათ შორის აშშ, ხედავს, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა არ დასრულებულა, მოსამართლეთა დანიშვნა გამჭვირვალე არ არის. ამის გამო მუდმივად აკრიტიკებენ ხელისუფლებას და ის მაინც ჯიუტობს. დაუჯერებელია, რომ სასამართლოს იმ გუნდს, რომელიც იუსტიციის საბჭოს წარმოადგენს, ამხელა გავლენა ჰქონდეს მთავრობაზე, ბლოკავდეს ამ გადაწყვეტილებას.

ევროსაბჭოსა და აშშ-ის შესახებ იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრის განცხადება, თითქოს ისინი ჩვენს სუვერენულ უფლებებში ერევიან, გამაღიზიანებელი იყო. ეს ძალიან ჰგავს ლუკაშენკოსა და პუტინის გაკეთებულ შეფასებებს. ასეთი დამოკიდებულება კარგს არაფერს მოგვიტანს.

- რა შეიძლება მოჰყვეს ამგვარ დამოკიდებულებას? - ქვეყნის პრესტიჟის დაქვეითება და პერსპექტივების შემცირება. თუ ეს რეფორმა გამჭვირვალედ არ წარიმართა, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის გაკეთება ნონსენსი იქნება. მით უფრო, რომ რამდენიმე პოლიტიკოსისგან უკვე იყო მსგავსი განცხადებები, მაგრამ შესაძლოა ოფიციალურადაც გვითხრან უარი.

მართლა ვერ ვხედავ საბაბს, რატომ უნდა სურდესQ "ქართულ ოცნებას" სასამართლო სისტემის არსებული ფორმით დატოვება, მით უფრო, რომ არ ჩანს ისეთი პოლიტიკური მიზნები, რომ სასამართლოს გამოყენებით პოლიტიკური ოპონენტები დააშინონ ან ოპოზიციის მხარდამჭერების გასანეიტრალებლად გამოიყენონ, როგორც ბელარუსში ხდება. რეფორმის გაჯანჯლებით, ხელისუფლება თავსაც იზიანებს.

- არ ფიქრობთ, რომ მმართველ გუნდს კლანური სასამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის სჭირდება?

- ასე ხდებოდა მათი მმართველობის პირველ წლებში. როდესაც "ნაცმოძრაობის" წევრებს სცემდნენ, ამისთვის არავინ ისჯებოდა. იმ 9 წელზე აღარაფერს ვამბობ, თავად "ნაციონალები" როგორ უსწორდებოდნენ ოპონენტებს სასამართლოს მეშვეობით, მაგრამ ეს დრო წავიდა... ახლა "ოცნებას" არც სჭირდება სასამართლო პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისთვის...

საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის შემცირებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რითაც ასე მოაქვთ თავი, ასეთი შეცდომები მათ ამომრჩევლის ხმებს დააკარგვინებს და ოპოზიციას გააძლიერებს.

- ცესკოს თავმჯდომარის გადადგომამ არაერთი კითხვა გააჩინა. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- არ არის გამორიცხული, ეს სასამართლო რეფორმის ჩაგდების გადაწონას ემსახურებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მას გადადგომის რეკომენდაცია მისცეს, მაგრამ ასეთი მანიპულაციებით, ხომ დაგითმეთ, ჟვანია წავიდა, ახლა მოსამართლეების საკითხში ჩვენ დაგვითმეთო, მაგრამ არავინ მოტყუვდება. სულ რომ დიმიტრი გელოვანი დანიშნონ ცესკოს თავმჯდომარედ, სასამართლო რეფორმა ბევრად მნიშვნელოვანია, რადგან ამ პოსტზე ვინც უნდა დანიშნონ, თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ იქნება, ის დამნიშნავის დიქტატით იმოქმედებს. სახელმწიფოში ძალაუფლება სასამართლო ხელისუფლებაში უნდა იყოს კონცენტრირებული.

- ოპოზიციური ძალების გაძლიერებაზე ისაუბრეთ, კონკრეტულად რომელ ძალას აქვს პერსპექტივა?

- როდესაც მოსახლეობა ხედავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები არ მიმდინარეობს და სამართლიანობის განცდაც არა აქვთ, საპროტესტო ელექტორატი იზრდება... ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რომელი ძალა შეიძლება დაწინაურდეს, მაგრამ თუ "ოცნება" ასე გააგრძელებს, ეს გარდაუვალი იქნება.

გიორგი გახარიას გარშემო ბუნდოვანება მეტია, ვიდრე კონკრეტიკა, ჯერჯერობით კვლავ "ოცნების" განაყოფად აღიქმება, როგორც "ევროპული საქართველო" აღიქმებოდა "ნაციონალური მოძრაობის" განშტოებად. გახარიამ უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სხვა ტიპის ძალაა და განსხვავებული მიზნები ამოძრავებს. შესაძლოა ივანიშვილის ჩანაფიქრია, რომ გახარიამ გადაიბიროს ის ამომრჩეველი, რომელიც იმედგაცრუებულია "ოცნების" მუშაობით, მაგრამ ვერ იტანს "ნაციონალებს". არ გამოვრიცხავ, ეს გახარიას დამოუკიდებლადაც სურდეს, რათა პარლამენტში შესვლის შემდეგ კოალიცია შექმნან. ვფიქრობ, ეს ლოგიკურია, რადგან ვერც "ლელოსთან" შექმნიან კოალიციას და ვერც "სტრატეგია აღმაშენებელთან", მით უფრო "ნაციონალებთან". შესაბამისად, თუ საკმარისი ხმა აიღო, ლოგიკური იქნება "ოცნებასა" და გახარიას შორის გარიგება შედგეს. არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს "ნაციონალების" და მისი სატელიტი პარტიების მოძლიერება.

ასე რომ, არაფერს ნიშნავს კობახიძის კრიტიკა. გახარიას დაკნინებას იმიტომ ცდილობს, რომ თავად აიღოს ის ხმები, რის წართმევასაც გახარია უპირებს. "ოცნებას" სჭირდება გახარიას გაშავება, რათა მათ, ვინც ჯერ კიდევ მისი მხარდამჭერია, ყოფილი პრემიერის მხარეს გადასვლის უფლება არ მისცეს და აჩვენოს, რომ გახარია იმიტომ კი არა წავიდა, ჩვენ ვართ ცუდები, უბრალოდ, თავად იყო ცუდი მენეჯერი, უვარგისი პრემიერ-მინისტრიო...

არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი. ოპოზიციამ დრო დაკარგა, ბოიკოტი სწრაფად არ დაასრულა და დღემდე არ ღალატობს ამ მიდგომას. მოსახლეობასთან მუშაობისთვის დრო არ დაიტოვეს.

მმართველ ძალას ისედაც ბევრი რესურსი აქვს, თუნდაც ადმინისტრაციული, უამრავი საბიუჯეტო ორგანიზაცია როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. მეტი მხარდამჭერის მოპოვება შეუძლია. ოპოზიციურ პარტიებს კი მხოლოდ ერთადერთი რესურსი აქვთ - ხალხთან ახლო ურთიერთობა, მათი პრობლემების გაცნობა, თუმცა შვიდი თვის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ილაპარაკეს, თუ რა ცუდია "ოცნება" და რა კარგები არიან თავად. ეს არ არის ადგილობრივი არჩევნების მიზანი. ოპოზიციას უნდა დაენახებინა, რომ იცნობს ხალხის პრობლემებს და ხედავს მისი მოგვარების გზებს. თუ ეს ვერ დაანახა ხალხს, როგორ უნდა მოიპოვოს მისი ნდობა. ვერ გასცდნენ იმ თემას, მელია უნდა დაეჭირათ თუ არა და საპროცესო გარიგების თანხა უნდა გადაიხადოს თუ არა. ამასობაში, კი მოადგა კარს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მელია კი გამოუშვეს, მაგრამ მთავარ მიზანს ასცდნენ - ხალხთან მისვლა დააგვიანდათ.

მელიას გამოშვება არა მგონია საკმარისი მიზეზი იყოს იმისთვის, რომ მოსახლეობამ ადგილობრივ არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" მისცეს ხმა. პოლიტიკური ინტრიგებზე იოლად ეგებიან და ამით ოპოზიცია მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ვერ გაიაზრეს.

ახლა ახალი თემაა ყურადღების გადასატანად - სააკაშვილი-გახარიას ე.წ. კონსპირაციული შეხვედრა ვაშინგტონის ერთ-ერთ სასტუმროში. პოლიტიკურ ძალებს შორის ყოველთვის შეიძლება კონსულტაცია გაიმართოს. ისიც არ იქნება გასაკვირი, "ოცნებისა" და "ნაციონალების" ფარული შეხვედრა რომ გაიმართოს. ბოლოს და ბოლოს, მოსისხლე მტრები, სტალინი და ჰიტლერი ხვდებოდნენ ერთმანეთს... საქართველოში პოლიტიკოსებს ინტრიგების ხლართვის უნარი განსაკუთრებულად აქვთ განვითარებული. შესაძლოა დღეს ერთ სუფრაზე ვიხილოთ, სადაც ერთმანეთს დითირამბებს უმღერიან, მეორე დღეს კი რაღაც საშინელება მოუწყონ. წლებია ასეთ რამეებში ვხარჯავთ დროს და ენერგიას...

- საინტერესოა, საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებაც ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართ. - ოპოზიციამ თავისი ულტრაკონსერვატიული, არაპროგნოზირებადი ქცევითა და განცხადებებით დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა გაიფუჭა.

დასავლეთში ძალზე ეშინიათ რადიკალური ძალების, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ჩემდა გასაკვირად, "ევროპულმა საქართველომაც" არაერთხელ გამოავლინეს. ამიტომაც გაუჭირდებათ ურთიერთობის აღდგენა, თუ საფუძვლიანი რეორგანიზაცია არ ჩაატარეს. სალომე სამადაშვილის წასვლა იყო იმის ინდიკატორი, რომ მათ რიგებში პროდასავლელ წევრებს დარჩენა უკვე უჭირთ. სააკაშვილი, რომელიც თითქოს ძალიან კარგად იყო დასავლეთთან, ისიც შეიცვალა, ევროსკეპტიკური და რადიკალური გახდა. ამგვარ მთავარ ოპოზიციურ ძალასთანY დასავლეთს თანამშრომლობა გაუჭირდება. მეორე მხარეს არის შედარებით დაბალანსებული "ქართული ოცნება", ირაკლი კობახიძესა და კიდევ ერთ-ორ ფიგურას თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ასეთი რადიკალური პერსონებიც მიდიან დათმობაზე, მეტად ამჟღავნებენ რაციონალიზმს. ოპოზიციაშიც არიან ასეთები, მაგალითად, "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი", შედარებით რბილი ძალა. "ნაციონალებისგან" განსხვავებით, რომლებიც სულ იბრიქებიან და კუნთებს ათამაშებენ, რომელიც უკვე აღარც შერჩათ, ის გუნდები კომპრომისის გამონახვას ცდილობენ. თუმცა დიდი მხარდაჭერა არა აქვთ. პარლამენტში სულ რაღაც ათი დეპუტატი ჰყავთ და დასავლეთი მათზე ვერ აიღებს გეზს.

- სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზეც გკითხავთ - რას ნიშნავს ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება რეგიონისთვის? - სომხები ძალზე პრაგმატული ერია, ბევრი რამის გათვლა შეუძლია. ძლივს მოიშორეს ყარაბაღელი ელიტა, რომელიც ქვეყანას ძარცვავდა - მათ რუსეთს მიჰყიდეს ან აჩუქეს ინფრასტრუქტურა. ამიტომ მათ დაბრუნებას არ დაუშვებენ. თუმცა ფაშინიანის მსგავსი ანტიკორუფციული მიზნების მქონე პროდასავლური ფიგურა რომ გამოჩენილიყო, მას მისცემდნენ ხმას... ყარაბაღის ომმა დააზიანა ფაშინიანის იმიჯი, მაგრამ სომხებმა გააანალიზეს, რომ ამაში წინა ხელისუფლება მეტად არის დამნაშავე. ფაშინიანის გამარჯვებამ აჩვენა, რომ სურს ეს ვინმეს თუ არა, პროგრესი შემოდის და საზოგადოებას კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი აქვს. პუტინმა და ლუკაშენკომაც კი ვერ შეძლეს თავიანთი მოსახლეობის ცივილიზებული სამყაროსგან გათიშვა, ვერც სომხეთში შეძლეს პრორუსულმა ძალებმა ვითარების მთლიანად გაკონტროლება. ადგილობრივი მოსახლეობა ხედავს, რა ხდება მეზობელ საქართველოში და ლოგიკურია, რომ ახალი, უფრო სამართლიანი წყობა სურთ, კანონის უზენაესობა. სომეხი მოსახლეობა აცნობიერებს, რომ ერდოღანის ინიციატივა ე.წ. კავკასიის ექვსეულთან დაკავშირებით რეგიონიდან დასავლეთის გაძევებასა და სამხრეთ კავკასიაში გავლენების რუსეთსა და თურქეთს შორის გაყოფას ემსახურება. იმავდროულად, ხედავენ, რომ დღე არ გავა, საქართველოს ნატოსა და ევროსაბჭოდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრები ან მაღალი რანგის პირები არ ესტუმრონ და ყველა იმ საჭირო საკითხის გადაწყვეტაში ეხმარებიან ქვეყანას, რაც უკეთესი სახელმწიფოს შექმნაში დაგვეხმარება. რასაკვირველია, არც რუსეთი და არც თურქეთი ასე მარტივად არ დაუთმობენ რეგიონს დასავლეთს, მაგრამ მათ შორის ჭიდილი აშკარაა. დასავლეთი და ამერიკა მაღალი კლასის დიპლომატიასა და პოლიტიკას აჩვენებენ, რუსეთი და თურქეთი კი ხისტად უტევენ. ამ სიტუაციაში კი არც სომეხ და მით უფრო, არც ქართველ საზოგადოებას არ აწყობს დესტაბილიზაცია.

საბედნიეროდ, ჩვენ სომხეთზე ბევრად წინ ვიარეთ, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს, ჩვენივე სიკეთისთვის ფეხი უნდა ავუწყოთ იმ რეალობას, რასაც საერთაშორისო პარტნიორები გვავალდებულებენ.