"ყოჩაღ მთავრობას შეეძლო ყველაფერი აეცილებინა, მაგრამ საქართველოში არ არის ყოჩაღი მთავრობა და ამიტომ უნდა დავიმხოთ ყველაფერი თავზე?"
"ყოჩაღ მთავრობას შეეძლო ყველაფერი აეცილებინა, მაგრამ საქართველოში არ არის ყოჩაღი მთავრობა და ამიტომ უნდა დავიმხოთ ყველაფერი თავზე?"
"ვიღაცას ძალიან აწყობდა აშკარად, რაც თბილისში მოხდა, ეს უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც"

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება გუშინ დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი. ისინი სამართალდამცავებმა გუშინვე დააკავეს და "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან. ისიც ცნობილია, რომ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში 3 პირი მიეცა. შს სამინისტროში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების
მიზნით, ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა მიმდინარეობს.

"თბილისი პრაიდის" მიმართ აგრესიულად განწყობილმა ჯგუფებმა 5 ივლისს 55 ადამიანზე იძალადეს. მათ შორის - 53 მედიის წარმომადგენელია. გუშინ ისინი დილიდან შეიკრიბნენ რუსთაველზე და პარლამენტის წინ გაშლილი კარვები აშალეს, ჩამოაგდეს ევროკავშირის დროშა, დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და ცდილობდნენ "სირცხვილიას" ოფისში
შეჭრასაც. მთელი დღის განმავლობაში თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, ამის ამსახველი უმძიმესი კადრები საზოგადოებამ ნახა და შედეგადაც სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა. რამდენიმე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:
- საკმაოდ მძიმე ამბები იყო. ამ ყველაფერს სხვანაირი საფუძველი ჰქონდა. "პრაიდის" გამართვას, როგორც პროვოკაციას, ისე აღვიქვამ. ნათელი იყო, ეს შედეგი აუცილებლად დადგებოდა.

- ჟურნალისტებზე ამხელა აგრესიას რით ხსნით?
- ეს მიუღებელია. სამწუხაროდ, საზოგადოება რადიკალურად გახლეჩილია, საზოგადოების რღვევის პროცესი მიმდინარეობს ქვეყანაში. ამას ხელს უწყობს ის ვითარება, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და ის იდეოლოგიაც, რომლის დამკვიდრებასაც დღეს ცდილობენ. საბოლოოდ, ამ ყველაფრის შედეგია დაპირისპირების ასეთი მაღალი ხარისხი. თუ ადრე პოლიტიკური ელფერი უფრო დაკრავდა ყველაფერს, ახლა ამან საზოგადოებრივი დაპირისპირების ეფექტი მიიღო. ადრეც ასე იყო, პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაყოფილი ადამიანები და სხვადასხვა მხარეს იდგნენ. ის, რაც დღეს ხდება, მხოლოდ საზოგადოების თემა ნამდვილად აღარ არის. ეს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების თემაა.

- რამდენად დამაზიანებელია ეს ჩვენი ქვეყნისთვის?
- ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო იყო ამ "პრაიდის" მოწყობა ახლა. როგორც ვიცით, 17 მაისს აწყობენ ამ ღონისძიებას და უცებ რატომღაც ივლისში დაიგეგმა. ვიღაცას ძალიან აწყობდა აშკარად, რაც თბილისში მოხდა, ეს უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. საბოლოოდ, მივიღეთ გალახული ჟურნალისტები, შეურაცხყოფილი საზოგადოება, კიდევ უფრო გაღრმავებული დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს შორის.

- მაინც ვის აწყობს საქართველოში ქაოსი და არეულობა?
- ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, აქ კონკრეტულ ქვეყანაზე არ არის საქმე, აქ საქმე გვაქვს იმ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან, რომელიც ზოგადად შექმნილია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქვეყანას, რომელიც არის საყრდენი ერთ-ერთი მხარის, შეექმნას მაქსიმალური დისკომფორტი. ან სხვა ვარიანტიც შეიძლება იყოს, სამეზობლოდან შეიძლება მოდიოდეს. ანალოგიური რამ კეთდებოდეს იმისთვის, რომ ეს შედეგი დადგეს. რთული სათქმელია, ამაზე ცალსახად პასუხი რთულია. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ვადანაშაულებთ ყველაფერში მტრებს და ვიძახით, მტერია დამნაშავე. კი ბატონო, მართლა დამნაშავეა ბევრ რამეში, მაგრამ ეს ფორმულა ხშირ შემთხვევაში საშუალებას არ გვაძლევს, რომ ჩავიხედოთ, რეალურად რა ხდება ქართველ საზოგადოებაში. ძალიან მარტივია, მუდმივად სხვისკენ ხელის გაშვერა. კი ბატონო, გავიშვიროთ ხელი იმ მტრისკენ, მაგრამ აქაც ვნახოთ, რა ხდება. ერთმანეთს არ უფრთხილდებიან ადამიანები, ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და ერთმანეთისთვის აბსოლუტურად გაუცხოვდნენ. რომ ვუყურებ, ამას საზღვარი აღარ აქვს. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ღრმავდება ეს გაუცხოვება. ძალიან რთული ვითარებაა. იმასაც მივაქციე ყურადღება, ორივე მხარე კონკრეტულ შემთხვევაში იშველიებს სახარებიდან ამონარიდებს. ქრისტიანული რელიგიის პოსტულატებზე მსჯელობა აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის. ეს ინციდენტი ჩაივლის. ხვალ და ზეგ ეს ყველას დაავიწყდება, მაგრამ იმდენად გაღრმავებულია საზოგადოებაში დაპირისპირება, იმდენად მაღალია დაპირისპირების ხარისხი, რთულად მეჩვენება საქართველოს ხვალინდელი დღე. ეს პროცესი ასე არ გაჩერდება. ეს არ იქნება, სხვა რამე იქნება. ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი და უკეთესი ადგილი მოიპოვოს მზის ქვეშ, არავითარი პრინციპი, სამოქალაქო მორალი არ არსებობს. არავითარი პრინციპი არ არის იმის, რომ სახელმწიფოებრიობა არის მთავარი, მაგალითად, რომ ავიღოთ ისრაელში რაც ხდება, ის ჩვენთან აღარ არის.

ხელისუფლებას შეეძლო, ეს ყველაფერი აეცილებინა, მაგრამ ფაქტია, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ხელისუფლების ნაწილობრივ დისკრედიტაცია მომხდარიყო. ამის აცილება რთული იყო. იმის თქმა შეიძლება, რომ ცუდი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ისიც ფაქტია, საკუთარ თავში ჩახედვა არ გვინდა და არ გვინდა დავინახოთ, ჩვენ თვითონ როგორები ვართ, ჩვენ რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ვითარება არ შეიქმნას ქვეყანაში. ცხადია, პრაქტიკულად არც არაფერს ვაკეთებთ.

- როგორ ფიქრობთ, საპატრიარქოს შეეძლო ეს პროცესები აეცილებინა?
- ვერანაირად ვერ აიცილებდა, გაუჭირდებოდა. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ყოჩაღ მთავრობას, შეეძლო ყველაფერი აეცილებინა, მაგრამ არ არის ყოჩაღი მთავრობა და ამიტომ უნდა დავიმხოთ ყველაფერი თავზე?

- თქვენ შიდა ძალებზეც საუბრობდით, ვის ინტერესში შედიოდა მაინც ეს ყველაფერი?
- როგორც კი ერთს ვახსენებ, მეორე მრჩება უყურადღებოდ, ამიტომ არ მინდა დავასახელო. ჩემს აზრს ვამბობ, უბრალოდ, და ვთვლი, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, რასაკვირველია. ეს იყო კლასიკური პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც სხვადასხვა დროს გვინახავს, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს?! ასეთი ქმედებებით ქვეყანას ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ ვაყენებთ ყოველდღიურად და, რაც უფრო გავაგძელებთ ამ ტენდენციებს, მით უფრო ნაკლები შანსი გვაქვს, როგორც სახელმწიფოს, რომ შეიქმნას. მარტო გეოგრაფიული სივრცე ხომ არ ვართ? სახელმწიფო გვინდა შევქმნათ, მაგრამ რაც უფრო მეტად იქნება ასეთ რაღაცები, მით უფრო შორს გადავდებთ ამ ამბავს.

- როგორ ფიქრობთ, მედიის ყველა წარმომადგენელს რატომ ერჩოდნენ?
- საერთო გაღიზიანება არსებობს. მე, როგორც ყოფილი ჟურნალისტი, ვამბობ, ის რაც მედიაში ხდება, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. რასაკვირველია, ძალადობა არ შეიძლება, არც ჟურნალისტების და არც ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ, მაგრამ, რაც ჟურნალისტურ სივრცეში ხდება, ესეც წარმოუდგენელია. იმდენად კარგად ჩანს პოლიტიკური კონიუქტურა ნებისმიერი ჟურნალისტის პოზიციაში, უკვე ამის ყურება სირცხვილიც კია. ვსაუბრობ ელექტრონულ მედიაზე, ძირითადად. ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, 1-2 პროცენტის გარდა, რომელიც მაღალი ხელოვნებით აკეთებს იმავე საქმეს, ოღონდ ნაკლებად ჩანს. აგრესიაც ვფიქრობ, ამან გამოიწვია. მომწიფდა სიტუაცია, ეს მომხდარიყო, მაგრამ ძალიან ცუდია, რაც მოხდა. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. მე არ მაინტერესებს, გამოიძიებენ თუ არა, გამოიძიონ, დასაჯონ, მაგრამ ეს პრობლემა ამით არ მოგვარდება. ეს არის საზოგადოების პრობლემა და უნდა მოინახოს იმის რესურსი, საზოგადოებამ ეს პრობლემა რომ გადაჭრას...

გია ხუხაშვილი, ანალიტიკოსი:

- რაც ხდება, ამის შეფასება უკვე შეუძლებელია. როდესაც სახელმწიფოში აგრესიული ემოცია იმარჯვებს საღ აზრზე, ეს არის უკეთესი მომავლის წინაპირობა. ასეთი ტიპის აგრესია, სამოქალაქო დაპირისპირება, ხდება ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანებს უჭირთ, არიან უმუშევრები. მათ უქმნიან ფსევდო, არარსებულ მტერს და, ფაქტობრივად, მთელი აგრესია გადააქვთ აქეთკენ. სამწუხაროა, რომ ამას აკეთებს დღეს ხელისუფალი, ასეთი ხელისუფალი ძალიან სწრაფად და ძალიან ცუდად ამთავრებს. რაც მოხდა, დამაზიანებელია ქვეყნისთვის, მაგრამ ქართველი ხალხის იმედი მაქვს. მათზე ბევრად მაღალი აზრის ვარ და სულაც არ მიმაჩნია, გუშინ იქ რაც ხდებოდა, ეს ქართველი ხალხის დაკვეთა იყოს. მით უმეტეს, იქ დაზარალდნენ მათი "მტრები", ჟურნალისტები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, მათ შორის - ტურისტებიც კი. მარჯვნივ და მარცხნივ, ვინც მათთან არ იყო, ყველას სცემდნენ და უტყაპუნებდნენ. მე ვფიქრობ, ქართველი ხალხი გამოიტანს შესაბამის ვერდიქტს და ყველაფერი კარგად იქნება.

- მაინც რატომ წამოვიდა აგრესია მედიაზე?
- ამხელა აგრესია იმიტომ წამოვიდა, რომ ხელისუფლებამ შექმნა ამის წინაპირობა. იგივე, პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ ამის უკან დაინახა საააკაშვილი, მედია და ა.შ. მისცა მიმართულება. როცა ადამიანს ძალიან უჭირს და რაციონალური აზროვნება უკანა პლანზე გადადის, როცა შია და წყურია, მაშინ ძალიან ადვილია ინსტიქტებით, ამ ნეგატიური ემოციებით მანიპულირება. ეს ინსტრუმენტი გამოიყენა გუშინ ხელისუფლებამ, ბუნებრივია, რომელსაც ისტორია არ აპატიებს.

- საპატრიარქოს განცხადებებიც მოვისმინეთ, შეეძლოთ მათ ეს პროცესები აეცილებინათ?
- საპატრიარქო ცალკე დიდი პრობლემაა. მე მაინც მგონია, ეს არის მათი შიდა პრობლემების გამოძახილი. კარგს იზამენ, თუ ამას თავად მიხედავენ.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები