"ერთი ხელით კანონი მიიღო და იგივე ხელისუფლება ამბობს, არ გამოხვიდე ქუჩაში, ეს არ გააკეთოთო, ასეთ ხელისუფლებას რა უნდა ელაპარაკო?" - კვირის პალიტრა

"ერთი ხელით კანონი მიიღო და იგივე ხელისუფლება ამბობს, არ გამოხვიდე ქუჩაში, ეს არ გააკეთოთო, ასეთ ხელისუფლებას რა უნდა ელაპარაკო?"

რუსთაველის გამზირზე 6 ივლისს ისევ დაძაბული ვითარება იყო. ვითარების ესკალაციამდე რუსთაველზე წინა დღეს მომხდარი ძალადობის გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდა. "თავისუფლებისათვის" - ამ გზავნილით მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და წინა დღეს ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტები დაგმეს. ამ აქციის ორგანიზატორი რამდენიმე ოპოზიციური პარტია და მოძრაობა "სირცხვილია" იყო. მათ აქციას მოგვიანებით "თბილისი პრაიდის" მონაწილეებიც შეუერთდნენ. ამის პარალელურად, რუსთაველზე მოწინააღმდეგეთა აქციაც გაიმართა.

განსაკუთრებით ღამის 11 საათიდან იქ დაძაბულობამ პიკს მიაღწია. სამართალდამცველებმა მდუმარე აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანა მოახერხეს, თუმცა ამან აგრესია არ შეაჩერა. მდუმარე აქციის გასაპროტესტებლად მისულმა ჯგუფებმა მაინც დაიწყეს ქვებისა და სხვადასხვა ნივთის სროლა პოლიციის, აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართულებით. პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს. სამართალდამცავებმა არა ერთი ადამიანი ადგილზე დააკავეს და მათი სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება.

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ფაქტს სამართალდამცავები იძიებენ. დაკავებულებს შორის მოპედის მძღოლია. ჟურნალისტებზე თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი კადრია სწორედ მოპედზე შემომჯდარი კაცი როგორ ცდილობს მიზანმიმართულად მოპედი ჟურნალისტებს და ოპერატორებს დააჯახოს. კადრებში კარგად ჩანს, რამდენჯერმე მიდის იმ ადგილისკენ, სადაც ჟურნალისტები დგანან. რომ არა ერთ-ერთი ჟურნალისტის სისწრაფე, შეიძლება ამ ამბავს მსხვერპლიც მოყოლოდა. მინიმოპედის მძღოლს გამოძიება ახლა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებს ედავება, რაც ფიზიკური ძალადობასა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

დაზარალებული ჟურნალისტების უფლებების დაცვის პროცესში აქტიურად ჩაერთო "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ასევე, "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი". კიდევ რამდენიმე დამოუკიდებელმა ადვოკატმა გამოთქვა უსასყიდლოდ დაზარალებული ჟურნალისტების ინტერესების დაცვის სურვილი.

მირიან ნიკოლაძე, იურისტი: - სამართლებრივი შეფასების გარდა, როგორც მოქალაქეს, ძალიან მძიმე განცდა მაქვს. რაღაცნაირად მოიძებნა ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი საზოგადოებრივი განხეთქილების. ეს განხეთქილება სახეზეა და ძალიან მძიმე ფორმებს აღწევს. ვხვდები, სადღაც ცუდ კონდინციაში შევედით. ვფიქრობ, ყველა მოქალაქეს აქვს დღეს ეს განცდა. ამ მოვლენაში უპირობოდ დადასტურებული ფაქტებია და, ასევე, სადავო თემებია, რომელსაც შეიძლება სხვადასხვაგვარად იგებენ მხარეები. უპირობოდ სამართლებრივად დასჯადია ის ქმედებები, რასაც ჩვენ ეს დღეები ვუყურებთ. როგორც უნდა გულშემატკივრობდეს ადამიანი ამა თუ იმ ქმედებას, თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ცხოვრობ სახელმწიფოში, თუ გინდა კანონმა იკანონოს და თავზე არ ჩამოგექცეს ყველაფერი, მაშინ პასუხი უნდა აგონ დამნაშავეებმა. ის, რაც ვნახეთ, ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულია და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ამას მართლა არ აქვს ალტერნატივა. მეორე საკითხია, რის გამოც ხდება ეს ყველაფერი. ძალიან პროვინციულ კონტექსტში გადადის ყველაფერი. სარგებლობენ რაღაც ჯგუფები და საქმეში ჩაუხედავი ადამიანები აწყობენ ამ პროტესტებს, მაშინ, როცა შეიძლება წესიერი, კომპეტენტური კონსულტანცია გაიარონ და ამის შემდეგ სწორი სამართლებრივი საყრდენი გააკეთონ და ისე გააპროტესტონ, თუ რამეს აპროტესტებენ, რათა მერე მთელმა დასავლეთმა არ გწყევლოს, საელჩოების და ოფიციალური სახელმწიფოების სახით არ აღაშფოთოს ცივილიზებული სამყარო იმ ქმედებამ, სასწაული რომ არ ქნა.

სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება. 40 პროცენტი ამტკიცებს, რომ ქრისტე ლიბერალია, 40 პროცენტი ამბობს, რომ პირიქით - ქრისტე მათრახით დასდევდა ჰომოსექსუალისტებს და განსხვავებული სექსუალური მიდრეკილების მქონე ხალხს, ეს ორი აგრესიული წრე კი ერთმანეთს უსწორებს ანგარიშს, რაც თავი მახსოვს. მიშა სააკაშვილის დროს იყო ამ ლიბერალების ანგარისწორება მასკულინური განწყობების ხალხთან. ეს ის ხალხია, რომელთათვის ქრისტიანობა არის, ცხვარი რომ შეუთქვას და სისხლით მორწყას მონასტრის ეზო იმის გამო, რომ ცხვარი შეწირა. არც ერთ მხარეს ნორმალური ადამიანები არ დგას. რაც შეეხება არსებით მომენტს, ყველას ავიწყდება, რომ 2014 წლის მარტში ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ე.წ ანტიდისკრიმინაციული კანონი. ეს კანონი სწორედ იმ ხალხმა მიიღო, რომელიც ახლა ისევ მთავრობაშია და ამბობს, არ უნდა გამოვიდეს ეს უმცირესობა ქუჩაში, გაღიზიანება რომ არ გამოიწვიოსო. გარკვეულწილად, ამას ვეთანხმები. შეიძლება ამ კუთხით ვიღაცის თავისუფლება იზღუდება, მაგრამ არსებობს ზოგადი საზოგადოებრივი პრიორიტეტები. ეს ხალხი რომ გამოცვივდა ახლა "ტაბურეტკებით" და კომბლებით, მოცვივდნენ და დასდევენ ადამიანებს, მაინტერესებს, ისინი ამ სახელმწიფოში საერთოდ ცხოვრობენ? იციან, რა წერია ანტიდისკრიმინაციულ კანონში? თუ მაინცდამაინც პროტესტის გამოხატვა გინდა, გინდა ვიღაცის წინააღმდეგ გაილაშქრო, ამ დასავლეთს არ ვაწყევლინებ თავს და არ მოვიჭრი თავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, აიღე ეს კანონი, ნახე, აღიარე, რომ საერთოდ აზრზე არ ხარ და რომ სახელმწიფოებრიობა შენთვის არაფერს ნიშნავს. ეს კანონი ზუსტად ამავე ხელისუფლების პირობებში მიღებულია და ამ კანონის თანახმად, ამ ხალხს შეუძლია, უნდა რუსთაველზე ატაროს აღლუმები, უნდა შუა ქუჩაში გამოვიდეს. უფლებები, რაც ანტიდისკრიმინაციულ კანონშია, ისედაც იყო კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები ბევრად მეტი ხნით ადრე, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და მოთხოვეს ხელისუფლებას, რადგან შენ გინდა ევროკავშირთან ინტეგრირება, ახლა ამ ფარგლებში უნდა მიიღო ეს ახალი კანონიო. ამ კანონით კი მათ მართლა ყველაფრის უფლება აქვთ, მათ შორის - განათლების სისტემაში ჩარევის და მონაწილეობის. სად არის აქ ნაციონალური კონსერვატიზმი? ქუჩაში კი არ უნდა გაამათრახო ადამიანი, ამას აკეთებს იდიოტი, წარმართი, მოძალადე, რომელიც თავის ცოლ-შვილსაც სახლში დაბრუნებული იმავეს გაუკეთებს. ამ ხალხს არ აქვთ რელიგიასთან არანაირი კავშირი. სირცხვილია, სად ცხოვრობენ. კანონით განსაზღვრულია უკვე მათი უფლებები.

სულისკვეთებას ვეთანხმები - პროპაგანდის თემას ეხება, რომ ითხოვ ამის პროპაგანდირება მოხდეს და მცირეწლოვნებში ჩაინერგოს, ეს კარგიაო, ეს არ არის კარგი, მაგრამ ამ ფორმით ბრძოლა არის მიუღებელი. ორი აგრესიული დაჯგუფება ერთმანეთს ებრძვის და სახელმწიფოებრივად ჩემი და ჩემნაირების ადგილი არ არის ამ ქვეყანაში. ამ კომბლიანებმა და ამ ცისარტყელიანებმა უნდა დაჭამონ ერთმანეთი და შენ უნდა უყურო ამას, სწორედ ეს არის უბედურება. დამრიგებელი არ ჰყავთ. პროტესტი გამართე სამართლებრივად ისე, ვიღაც რომ მოვა შენთან, რომ თქვა, მე ამას ვაპროტესტებო. იმას, - არ მევასება ის ხალხი რომ ქუჩაში დადისო, ამას შენგან არავინ მიიღებს და ეს მართალიცაა. მოქმედ კანონში დეტალურად არის გაწერილი ყველაფერი, თავის დროზე გაატარა ამ ხალხმა ეს კანონი და მიაღებინა პარლამენტს და ახლა აპროტესტებს? 2014 წელს პრემიერ-მინისტრი ვინ იყო? - ღარიბაშვილი. მის დროს არის მიღებული ეს კანონი. მახსოვს, მაშინ გაუჭირდათ ამ კანონის დამტკიცება, არ შეიძლება, მართლმადიდებლურ უფლებებს ლახავსო, მთელი უმრავლესობა "აკაჩავეს", შიგნით პარლამენტში მოგვარდა ეს საკითხი და მიიღეს ეს კანონიც. მაშინაც იყო გარკვეული აჟიოტაჟი, აკლდებოდათ ხმები, კანონის გატანის დროს სერიოზული დაქსაქსულობა იყო. ბევრი დრო დასჭირდა უმრავლესობას, რომ შეეკრიბა მომხრეები, მაგრამ - მიიღეს. ეს გადაგორდა მაშინ დიდი ტკივილების გარეშე. ახლა, 6 წლის შემდეგ ახსენდებათ ეს საკითხები? არ იცი, რომ იმავე ხელისუფლებამ, რომელიც ახლა ისე თამაშობს, რომ გგონია, შენ გვერდით დგას და მხარს გიჭერს, იგივე ამ ურთიერთობების თემაში მას მიღებული აქვს ეს კანონი.

- ანუ გამოდის, ხელისუფლება და პრემიერი ორმაგ თამაშს თამაშობენ?

- ვეთანხმები იმას, რომ ახლა ასეთ გაღიზიანებას რომ იწვევს და მოუწოდებენ, ვიღაცამ თავი შეიკავოსო, არსებობს მაღალი მნიშვნელოვანი თემები, ვიდრე - კონკრეტული ჯგუფის ინტერესია. მესმის ეს საზოგადოებრივი თვალსაზრისით, მაგრამ სამართლებრივ ენაზე ეს არის, - დედა დაიფიცე, მიიღე ეს კანონი, მერე გამოდიხარ და ეუბნები არ გამოხვიდეთ ქუჩაშიო.

- თქვენი აზრით, რატომ დაერივნენ ასე სადისტურად ჟურნალისტებს? - ყველამ თავის თავში ჩაიხედოს. რა კონტიგენტი აკეთებდა ამას? ამ ხალხს არც სამართალი აინტერესებს, არც ქრისტე აინტერესებს და არც ადამიანის სიყვარული. ის, რომ, ზოგადად, ჟურნალისტიკის მიმართ აგრესია არსებობს ამ ქვეყანაში და უნდობლობა, - ეს ასეა. საკუთარ მოსაზრებას არ ვამბობ, ყველა ფენასთან მაქვს შეხება, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და ყველა ილანძღება, კვლევებიც ვნახეთ. ხალხი იმედგაცრუებულია და არ სჯერა პროპაგანდის. ეს ქართული ჟურნალისტიკის სენი და პრობლემა არ არის. მსოფლიოში ასეა, ზოგადად - ტელევიზია, მასობრივი საშუალებები გახდა პროპაგანდის მანქანა და მასას გაუჩნდა აგრესია. რაღაც ჯგუფი ამ დანაშაულს ჩადის, ამის ყურება რთულია. ყველა უნდა დაისაჯოს.

- გუშინ სასამართლო პროცესები ჩატარდა და რამდენიმე დაკავებული ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს და გაუშვეს. ხშირად ვხედავთ, მსგავსი აქციების და ძალადობის შემდეგ ადვილად თავისუფლდებიან, დაუსჯელობამ ხომ არ მიგვიყვანა იქამდე, რომ უკვე თავს ესხმიან ჟურნალისტებს და აგრესიას ყოველდღე ვხედავთ? - ორი დიდი პრობლემაა სისხლის სამართალსა და ადმინისტრაციულ სამართალს შორის. ბევრ შემთხვევაში არსებობს ძალიან ფაქიზი ზღვარი და ესეც უნდა დარეგულირდეს და სასამართლო პრაქტიკამ ეს დააკანონოს. პოლიციელი თუ ჩათვლის, რომ ადმინისტრაციული დარღვევაა, პირს გაუშვებს ადმინისტრაციულით, თუ ჩათვლის, რომ სისხლია, გაუშვებს სისხლით. თუ გადახედავთ პრაქტიკას, ნახავთ, რომ ბევრისთვის ადმინისტრაციული სასჯელი აქვთ შეფასებული და, ამის პარალელურად, ხშირად დასჯილია სისხლის სამართლის წესით ბევრად უფრო მსუბუქი დანაშაულისთვის ადამიანი. ასეთი თვითნებობის საშუალებას გაძლევს კანონი. როგორც უნდათ, ისე იყენებენ, წლებია, ასეა.

- გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაისჯებიან ადამიანები? - მიშას ავანგარდში რომ იყვნენ, რეპრესიის და ხალხის გაუბედურების ავანგარდში მყოფები ვნახე, ამ ხელისუფლების დროს გავლენებს როგორ მოიპოვებდნენ. დღეს ვერაფერს ვიტყვი ამაზე. პროგნოზს ვერ გავაკეთებ, დაისჯებიან თუ არა. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რაც დღეს ხდება. არ შეიძლება იმის ყურება, ორი რადიკალური დაჯგუფება როგორ ესხმის ერთმანეთს თავს. რაც ხდება, ეს ხომ ტრაგიზმია, შენი შვილების მომავლის არქონაა. ადვილია, ამ თამაშს გაეთიშო? ეს არის ქაჯების საუფლო, ეს ქვეყანა არ არის. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. 30 წელია, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ვარ და ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, რაც ხდება დღეს ეკლესიის სახელით. ესენი ქრისტიანები არ არიან. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც აქ ძალიან დიდია, ის კანონი ხელისუფლებას იმიტომ მიაღებინეს, რომ ასეთი რამ არ მომხდარიყო ქვეყანაში. ერთი ხელით კანონი მიიღო და იგივე ხელისუფლება ამბობს, არ გამოხვიდე ქუჩაში, ეს არ გააკეთოთო, ასეთ ხელისუფლებას რა უნდა ელაპარაკო? იმიტომ ხარ სახელგატეხილი, რომ ვერ იცავ სახელმწიფო კანონს. ასეთ სახელმწიფოს კი არავინ დაგელაპარაკება.

(სპეციალურად საიტისთვის)