"გამორიცხულია გახარიასთან ჩემი თანამშრომლობა თუნდაც იმის გამო, რაც..." - კვირის პალიტრა

"გამორიცხულია გახარიასთან ჩემი თანამშრომლობა თუნდაც იმის გამო, რაც..."

რამდენიმე მოწვევის ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერობისთვის რომ იბრძოლებს, ამას თავად ადასტურებს. ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ადგილობრივებმა სთხოვეს. ამ თანამდებობას ბატონი თამაზი 2020 წელს იკავებდა. თიანეთის მერის თანამდებობა მაშინ თავისი სურვილით, ვადაზე ადრე დატოვა იმ იმედით, რომ ოპოზიციონერი მაჟორიტარი კანდიდატი არჩევნებს რეგიონში მოიგებდა, მაგრამ "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციაში გადასულმა ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა, თამაზ მეჭიაურმა, ამჯერად გამარჯვება ვეღარ შეძლო. ის ამის მიზეზად არჩევნების ტოტალურ გაყალბებას ასახელებს. მაშინ ამბობდა, რომ ამ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა, თუმცა ახლა ისევ აპირებს, გახდეს თიანეთის მერი. არც იმას გამორიცხავს, რომ მომავალში საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა და დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლოს.

ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პარლამენტარი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიაში გაწევრებას გეგმავს და შესაძლოა ის ამ პარტიაში აღმოჩნდესო. იმასაც ამბობენ, უკვე შეხვდა ყოფილ პრემიერსო. ამ ინფორმაციის გადამოწმება ბატონ თამაზთან ვცადეთ. მან კატეგორიულად უარყო თიანეთში გავრცელებული ეს ინფორმაცია.

თამაზ მეჭიაური:

- არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია, ეს არ არის სიმართლე. ცუდია თუ კარგია, მე ჩემი პარტია მაქვს და არ მჭირდება სხვა პარტიის სახელით კენჭი ვიყარო. გამორიცხულია გახარიასთან ჩემი თანამშრომლობა თუნდაც იმის გამო, რაც საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა. მაშინ ჩემს წინააღმდეგ ყველანაირი მეთოდით იბრძოდნენ. კერესელიძე მათი კანდიდატი და მათი რჩეული იყო, ამ ამბების შემდეგ როგორ შეიძლება მე აღმოვჩნდე გახარიას პარტიაში. ვინ მოიტანა ეს ამბავი და საიდან გავრცელდა, არ ვიცი. არც იგეგმება მსგავსი არაფერი, ტყუილია.

(სპეციალურად საიტისთვის)