"ხელისუფლებას ნუ ჰგონია, ამ ვერსიის განვითარებით პასუხისმგებლობას მოიხსნის..." - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას ნუ ჰგონია, ამ ვერსიის განვითარებით პასუხისმგებლობას მოიხსნის..."

"მეორე დღეს კარგად იმუშავა პოლიციამ, მაგრამ 5 ივლისს ხელისუფლების ქცევა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა"

ჩვენს დედაქალაქში 5 ივლისის მოვლენები მთელი კვირის განმავლობაში მსოფლიო მედიის განხილვის თემად იქცა. "თბილისი პრაიდის" ღონისძიება, რომელიც კვირეულის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო, კარგა ხნის წინ დაანონსდა, თუმცა რადიკალურ-ძალადობრივმა ჯგუფებმაც მზადება, როგორც აღმოჩნდა, ასევე კარგა ხნით ადრე დაიწყეს. შესაბამისად, მათი მოქმედებებიც ორგანიზებული გახლდათ. რაც ყველაზე მოულოდნელი იყო, თავდასხმის სამიზნედ მასმედიის მუშაკები იქცნენ - დაშავდა 50-ზე მეტი ჩვენი კოლეგა, მათ შორის მძიმედ დაშავდნენ "პალიტრამედიის" ორი ოპერატორი და ფოტოგრაფი. მოძალადეების თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა "ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა. საბოლოოდ რადიკალური ჯგუფების კონტრაქცია ანტიდასავლურ ღონისძიებად იქცა, სადაც ცხადად გამოჩნდა რუსული ხელი. ვინ მოიგო მომხდარით და რა ბედი ელის ქვეყნის განვითარების დემოკრატიულ კურსს? - ამ კითხვით მივმართეთ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს და მომხდარის შეფასება ვთხოვეთ:

- ნება მომეცით საუბარი სამძიმრით დავიწყო. გისამძიმრებთ თქვენ, ოჯახსა და ახლობლებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს დიდი ტრაგედიაა. გამოძიება ისე უნდა წარიმართოს, რომ საზოგადოებას ეჭვები არ დარჩეს, რადგან პასუხგაუცემელი კითხვები დაუსრულებელი მღელვარების საფუძველი იქნება, რაც ქვეყანას აზარალებს. საკმარისია, ამ ქვეყანაში შიშით სიარული შეღებილი თმის, პირსინგისა თუ ტატუს გამო, ადამიანების ქუჩაში დევნა, სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს და ეს არის მთავრობის გასაკეთებელი. თუ დროულად არ მოუვლიან ამას, მაშინ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

- მოგეხსენებათ, 11 ივლისს საღამოს მასმედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს კანცელარიასთან და 5 ივლისის თავდასხმების ორგანიზატორებისა და მასში მონაწილეების უმკაცრესი დასჯა მოითხოვეს. ხალხმრავალი აქცია გაიმართა რუსთაველის პროსპექტზეც, სადაც მოთხოვნები უფრო მკაცრი იყო, მათ შორის ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომა. - სულითა და გულით ვუერთდები ჟურნალისტების საპროტესტო აქციას, თბილისში არა ვარ, თორემ აუცილებლად მივიდოდი კანცელარიასთან. მედიაზე თავდასხმა პირდაპირი დარტყმაა დემოკრატიაზე. თქვენ ხართ, პრაქტიკულად, ერთადერთი გარანტი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა. პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რიგითი ადამიანები ვერაფერს ვიზამთ, რაც უნდა ვიყვიროთ, რადგან ჩვენი ხმა უთქვენოდ ვერსად მიაღწევს. ახლა რაც შეეხება, პარლამენტთან ჩატარებულ აქციას. ნახეთ, ვინ გამოაცხადა ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომის მოთხოვნა? - ნიკა გვარამიამ... უფრო დიდი ცინიზმი არაფერი მგონია, როდესაც ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. უდიდესი ტრაგედიის რევანშისტული ძალების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია, ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის მოვლენებზე მთავრობის პასუხი იყო დილეტანტური და ყოვლად არაადეკვატური. ვთქვათ, გადადგნენ ბატონები ღარიბაშვილი და გომელაური, ვინ უნდა მოვიდნენ მათ ადგილას? რაღაცის შეცვლა რომ მოინდომო, ალტერნატივა ხომ უნდა არსებობდეს? ვინმეს სჯერა, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობას უმცირესობას ჩააბარებს? ჩემი აზრით, ეს ყოვლად ფუჭი და არარეალური მოთხოვნებია. ჯობია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ უმკაცრესად დაისაჯონ არა მარტო ძალადობაში მონაწილე პირები, არამედ ამ ყველაფერის ორგანიზატორებიც. რაც უნდა აღმოჩნდეს ამ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, თუნდაც ზედოზირება, რის დამტკიცებასაც ცდილობს შსს, მთავარი მიზეზია ის უმოწყალო ცემა, რამაც ადამიანს შეიძლება ფსიქოლოგიური და ნერვული აშლილობა დამართოს. ხელისუფლებას ნუ ჰგონია, ამ ვერსიის განვითარებით პასუხისმგებლობას მოიხსნის...

რაც შეეხება 5 ივლისის მოვლენების ზოგად შეფასებას, შექსპირის ცნობილ პიესას გავიხსენებ, იმ ეპიზოდს, როდესაც ჰამლეტი ამბობს, რაღაც დალპა დანიის სამეფოშიო... დიახ, სამეფო, სადაც რაღაც დალპა, საბოლოოდ შიდა კონფლიქტებს გადაჰყვა, შედეგად კი ის ნორვეგიელმა ფორტინბრასმა დიდი ჯარისა და ძალისხმევის გარეშე აიღო.

სახელმწიფოს ყოველთვის შიდა კონფლიქტები ასუსტებს. ჩვენი მტერი ამით სარგებლობს და ძველებურად ცდილობს მეტად დაგვასუსტოს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი დროის პრობლემა. სამწუხაროდ, ამისთვის ის იყენებს ინსტიტუტს, რომელიც ქვეყნის დანაწევრების კი არა, გაერთიანების სიმბოლო უნდა იყოს.

2004 წელს სასულიერო სემინარიისა და აკადემიის 24-მა სტუდენტმა გამოაქვეყნა ღია წერილი. ცნობილია, რომ იმჟამად მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა მედიას, რომ წერილი არ გაეხმაურებინათ და შესაბამისად, პრობლემები, რაზეც სტუდენტები წერდნენ, უყურადღებოდ დარჩა. არადა, ეს იყო საღად მოაზროვნე ახალგაზრდების გულისტკივილით დაწერილი წერილი, რომელიც აჩვენებდა, თუ რა ხდებოდა ჩვენს ეკლესიაში იმჟამად, რომ ყურადღებამისაქცევი იყო მოძღვართა ნაწილის უვიცობა, მრევლის ნაწილის მლიქვნელობა, რომელიც არ კითხულობს სახარებას და ტლუდ მისდევს რაღაც რჩევებს. ასევე ლაპარაკი იყო კორუფციულ საფრთხეებზეც ეკლესიაში. სამწუხაროდ, მაქვს პირადი გამოცდილება როგორც ეკლესიის ყოვლად უწიგნურ მსახურთან ურთიერთობის, ასევე მინახავს იმგვარი ვითარებაც, რაც ბუნებრივად აღმიძრავდა კორუფციის არსებობის ეჭვს. მაგალითად, მინახავს ერთ-ერთი მაღალი იერარქიის პირი, რომელიც ახლა ხშირად ლაპარაკობს ეკლესიის სახელით, როგორ მასპინძლობდა რუსული ეკლესიის წარმომადგენლებს, მიაცილებდა მათ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას უძვირფასესი მანქანით და თან დაჰყვებოდა ასევე ძვირფასი ჯიპებისგან შემდგარი დაცვის ესკორტი. თუმცა, იმავდროულად, მინახავს მონაზონი, რომელიც 47 კილომეტრს გადიოდა ტვირთით ხელში, რათა ერთ-ერთ მონასტერში საკვები ჩაეტანა. ისმის კითხვა, პრივილეგირებული იერარქებისთვის ძვირად ღირებული მანქანების შეძენის ფული თუ აქვს საპატრიარქოს, მართლა პატიოსანი, გულწრფელად მორწმუნე ბერ-მონაზვნებისთვის ცოტაოდენი თანხა რატომ არ ემეტება, რათა ურთულეს პირობებში ფეხით მაინც არ იარონ?! ასეთი უთანასწორობა ეკლესიაში ქმნის ძალიან სახიფათო პრეცედენტებს. დღეს, როდესაც ცოტა დასუსტდა ჩვენი პატრიარქი, ეკლესია ძალიან მძიმე გზას გადის. უკვე ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეკლესიის სათავეში მყოფი გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე. სამწუხაროდ, არსებობს დიდი ეჭვი, რომ ისინი პრორუსულად განწყობილი ჯგუფებია.

მოგეხსენებათ, უკრაინის ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და ქართული ეკლესიის გარდა, ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მას მიულოცა. ჩვენთან, ოღონდ რუსულ ეკლესიასთან არ გავიფუჭოთ ურთიერთობაო, არც შეიმჩნიეს.

5 ივლისს ამ შავ-ბნელი მასის მობილიზება მიზანმიმართული იყო და რა გააკეთა ამ დროს ეკლესიამ? სად ვნახეთ ქრისტიანული სათნოება, შემწყნარებლობა, სულის სიწმინდე? იმის ნაცვლად, რომ ეს ექადაგათ, რიგი სასულიერო პირები, მათ შორის მაღალი იერარქებიც, პირდაპირ მოუწოდებდნენ ძალადობისკენ ხალხს. მეტიც, ჩვენ ვნახეთ ვიდეოფირები, როდესაც სასულიერო პირები თვითონ ძალადობდნენ. ვინმემ დაიჭირა ისინი? საპატრიარქომ საყვედურები გამოუცხადაო, მაგრამ, სად არის კანონის უზენაესობა? ყველას შევახსენებ, რომ ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. იცით, უბედურება რა არის? ხელისუფლებას ეკლესიის ეშინია. აგერ, პარლამენტთან დადგეს რკინის ჯვარი, რომელიც, ფაქტობრივად, განხეთქილების მიზეზად არის ქცეული, და მიდის მსჯელობა, უნდა აიღონ თუ არა... ახლა მე რომ წავიდე და იქ დავდგა არისტოტელეს ან ჩვენი რომელიმე დიდი წინაპრის სკულპტურა უნებართვოდ, თუ იცით, რა მოხდება? მაშინვე აიღებენ, მე კი პასუხს მაგებინებენ. როგორ შეიძლება კანონისადმი ასეთი დამოკიდებულება?! რა ქვეყნის მართვაზეა ლაპარაკი, როცა მთავრობას ეშინია და კანონს ვერ იცავს?!

- მომხდარზე ვინ არის პასუხისმგებელი? - რაც სახელმწიფოში ხდება, პასუხისმგებელია ხელისუფლება. იმის გათვლა, რომ 2013 წელზე უარეს პროცესებს მივიღებდით, ძალიან მარტივი იყო. ის, რომ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოდის და ამბობს, ვერ გავთვალეთო, სრული სიბეცეა. რას ნიშნავს ვერ გათვალეს, აბა, რას მიკეთებს ხელისუფლება? რატომ არ გამოიყვანეს სპეცრაზმი? მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდოდათ იმ ხალხთან დაპირისპირება. იმის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს ხისტი განცხადებები გაეკეთებინა, გამოვიდა და ისევ პრაიდს შესთავაზა ალტერნატიულ ადგილზე შეკრება. მეორე დღეს კარგად იმუშავა პოლიციამ, მაგრამ 5 ივლისს ხელისუფლების ქცევა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა...

პირველად ჟურნალისტი გალახეს დაახლოებით 11:00 საათზე, ბოლო - 17:00 საათისთვის, 6 საათის განმავლობაში როგორ ვერ შეძლლო შსს-მ ძალების სწორად განაწილება?!

- ალბათ, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მასმედიის მუშაკებზე ამდენი მიზანმიმართული თავდასხმა ერთი დღის განმავლობაში. - სანამ ამ საკითხზე გადავალ, ერთ თემას შევეხები - თუ დააკვირდით, აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი აღჭურვილი იყო რაციებით, რომელიც იაფი სულაც არ ღირს. მაინტერესებს, ვინ დააფინანსა ეს ხალხი და ვინ დაგეგმა მათი ერთმანეთთან ამგვარად კომუნიკაცია? ვინ მართავდა ამ ყველაფერს? ჩვენს მთავრობას მხოლოდ პატარ-პატარა განტევების ვაცების პოვნა და ციხეში მცირე ხნით ჩასმა სურს. მაინტერესებს, ამ ყველაფრის ორგანიზატორებს პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ? მათ, ვინც პირდაპირ მოუწოდებდნენ ისედაც გავეშებულ ხალხს კონსტიტუციის დარღვევისკენ.

ხელისუფლების ქცევის მოტივი კარგად ახსნა იაგო ხვიჩიამ, როდესაც თქვა, წელს საარჩევნო წელია და "ქართულ ოცნებას" არ სურს ამ ხალხთან კონფლიქტიო. ყოვლად არასწორი გათვლაა. საქმე ისაა, რომ ეს ხალხი სულაც არ არის ბევრი, მაგათ 9 ივლისსაც სცადეს რუსთაველზე აქციის გამართვა, მაგრამ 800 კაცი ან შეიკრიბა, ან არა, რაც ნიშნავს, რომ თბილისის მოსახლეობას არ აინტერესებს ეს თემა. დამერწმუნეთ, ის ხალხი, ვინც ამ ძალადობითა და ამ დროს ხელისუფლების მოქმედებით არის გაბრაზებული, გაცილებით მეტია ქვეყანაში, ხოლო ხელისუფლება, რომელიც მუდმივად ცდილობს არც მწვადი დაწვას და არც შამფური, აუცილებლად მარცხისთვის არის განწირული.

აქვე უნდა აღვნიშნო ერთი საკითხიც - ბოლო წლებია პრემიერ-მინისტრებს ვთავაზობ, შეიქმნას მძლავრი სტრატეგიული ანალიტიკის ცენტრი, სადაც გაანალიზდება ყველა საფრთხე და რისკი, დაიგეგმება პრევენციული პოლიტიკა და ასე შემდეგ... მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ამგვარი ცენტრი არ ფუნქციონირებს.

- არის ვერსიაც, რომ ხელისუფლებამ სწორედ არჩევნების წინ ძალადობრივი ჯგუფების ხელით გადაწყვიტა მედიის დაშინება... - რაღა დაგიმალოთ და, არა მგონია, ამდენის გათვლის ინტელექტუალური რესურსი ჰქონდეთ. რატომ მიიტანეს ასეთი შეტევა მედიაზე? - ამაზე მაქვს ჩემი მოსაზრება. რამდენად ბევრი პრობლემაც უნდა გვქონდეს და რა სიმახინჯეებიც უნდა ვლინდებოდეს, ფაქტია, საქართველო ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოა რეგიონში და პოსტსაბჭოთა სივრცის დიდ ნაწილშიც, ამის უმთავრესი გარანტი კი თავისუფალი მედიაა. ის ქვეყანა, რომელსაც სურს ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასამარება, საკუთარ მტრად განიხილავს სწორედ თავისუფალ მედიას. ამიტომაც ეს იყო მიზანმიმართულად დაგეგმილი სადამსჯელო აქცია, რომელსაც ჩვენი ჩრდილო მეზობელი მართავდა. მათ გამოიყენეს შექმნილი ვითარება მედიაზე იერიშის მისატანად, თუმცა ეგონათ, რომ რაღაც მათთვის სასარგებლო მოიფიქრეს და გააკეთეს, მაგრამ გამოუვიდათ ის, რაც ყოველთვის გამოსდით, ანუ საწინააღმდეგო ეფექტი მიიღეს - თქვენ კი არ შეგეშინდათ, კიდევ უფრო გაბრაზდით...

ლევან ვასაძე ხალხს პირდაპირ მოუწოდებდა ძალადობისკენ, თან რუსეთის დედაქალაქიდან. რაღაა აქ გასაკვირი ან მოულოდნელი?! ეს ხალხი პირდაპირ აცხადებს, რომ ვინც მათთან არ არის, ის მათი მტერია, რაც ნეობოლშევიკური ლოზუნგია. ამგვარი პოზიციები წარსულში, სიბნელეში გვაბრუნებს... როდის იყო ჩვენი სახელმწიფო ძლიერი, როდესაც აღმაშენებელმა რუის-ურბნისის კრება ჩაატარა და რეფორმა გაატარა - ეკლესიიდან განდევნა ძალები, რომლებიც სახელმწიფოს ასუსტებდნენ. სამწუხაროდ, სასულიერო პირების ნაწილი ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა დღესაც, ერევა ქვეყნის მართვაში, საარჩევნო პროცესში... სახელმწიფო მათთან შემწყნარებელი კი არა, ხისტი და პრინციპული უნდა იყოს. ხელისუფლების სისუსტე უპირველესად სახელმწიფოს ასუსტებს და ახეირებს რუსეთს!

- კონტრაქცია ანტიდასავლურ აქციად იქცა, იმ დღეს ევროკავშირის დროშა დაწვეს... - ბევრ ჩვენს არაკეთილმოსურნეს სურს, რომ დასავლეთმა ჩვენს ქვეყანაზე ხელი ჩაიქნიოს, მაგრამ ეს გამორიცხულია ბევრი მიზეზის გამო. დასავლეთი, საქართველოსგან განსხვავებით, ხვდება, რომ ეს ყველაფერი წარმავალია და წინ მიმავალ გზაზე ერთი რიგითი წაბორძიკებაა. ისიც მშვენივრად იციან, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სურს დემოკრატიული განვითარება. ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეეცდებიან მოგვცენ ამის შესაძლებლობა, მაგრამ აქ არის ერთი საკითხი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. მაგალითად, ჩვენს პრეზიდენტს ვეთანხმები და მეც მიმაჩნია, რომ ის საარჩევნო სისტემა, რაც სწორედ დასავლეთმა მოგვახვია თავს, საქართველოსთვის უვარგისია. ვგულისხმობ პროპორციულ სისტემას, რომელიც საშუალებას აძლევს ყოვლად უსახურ ხალხს მოხვდეს პარლამენტში. ასევე თავშივე არასწორად დაიგეგმა სასამართლო რეფორმა, შედეგად კი მძიმე ვითარება მივიღეთ.

ახლა გაიძახიან, არ უნდა დაინიშნონ მოსამართლეებიო, მაგრამ 5-6 კაცის არდანიშვნა რას შეცვლის? არც არაფერს. ჩემი აზრით, სანამ არ მოხდებოდა სისტემის სრული ლუსტრაცია და გაწმენდა ყოვლად დისკრედიტებული კადრებისგან, არაფრით არ შეიძლებოდა მისთვის ასეთი დამოუკიდებლობის მიცემა. ეს ხომ იგივეა, რაც შევქმნათ "კანონიერი ქურდების" მმართველობა.

სისტემა სრულად უნდა შეიცვალოს, უნდა შეიქმნას ისეთი ბერკეტები, რომ ვინც უნდა იყოს მოსამართლე, ვერ გაბედოს უკანონო გადაწყვეტილებების მიღება.

მე, რიგით მოქალაქეს, სულ არ უნდა მაინტერესებდეს, ვინ განიხილავს ჩემს საქმეს. ამისთვის 2 საშუალება არსებობს: პირველი - გაიხსნას იუსტიციის საბჭოს კარი და შევიყვანოთ მასში ავტორიტეტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგალითად, ადვოკატთა ასოციაციის... მეორე გზა კი ის არის, რაც გაკეთდა ყველა წამყვან ქვეყანაში - სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას შემოვიღოთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. მოკლედ, სასამართლო რეფორმა არასწორი გზით წავიდა. ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირიც უნდა მიხვდნენ, რომ ძველი "ვოლგა" როგორც უნდა შევაკეთოთ, მაინც "ვოლგად" დარჩება. ასეთი რეფორმით ისევ ძველ, ელფერშეცვლილ კომუნისტურ სისტემას მივიღებთ, იმას, რასაც მერაბ მამარდაშვილი უწოდებდა "გადასხვაფერებას ცვლილებების გარეშე". მოკლედ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ამ მიმართულებითაც დრამატული შეცდომა დაუშვეს.

- საზოგადოების ნაწილი მათ ასევე შეცდომად უთვლის იმ მხარდაჭერასაც, რაც, მაგალითად, "თბილისი პრაიდის" კვირეულის ჩატარების პროცესში გამოიჩინეს. არსებობს მოსაზრება, რომ მათი ასეთი დაჟინებული აქტიურობა ჩვენი საზოგადოების იმ ჯგუფებში, რომელთაც ბევრი სხვადასხვა პრობლემის, მათ შორის განათლების დეფიციტის გამო, ამ საკითხის სრული მიუღებლობა აქვთ, ანტიდასავლურ განწყობას აღვივებს, რასაც მშვენივრად იყენებს რუსეთი. - გეთანხმებით, რომ ჩვენს პარტნიორებს სიფრთხილე მართებთ. რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, არ ითვალისწინებენ ჩვენს ხასიათს. სამხრეთულ ქვეყნებში არის ეს პრობლემა, მაგალითად, ასეთი ტიპის პრაიდის გამართვა ძალიან გაუჭირდებათ პალერმოში, ნეაპოლში... ხომ ევროკავშირის წევრია იტალია, დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ არის ამგვარი განწყობა. მე ეს განათლების დეფიციტისა და დემოკრატიული განვითარების პრობლემა უფრო ნაკლებად მგონია. გარდა ამისა, თუ ვიცავთ ერთი ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას, მაშინ უნდა დავიცვათ სხვა ჯგუფისაც. ამას მოითხოვს სამართლიანობა. რა თქმა უნდა, მოძალადე რადიკალებს არ ვგულისხმობ. თუ თანასწორობაა, მეც მაქვს უფლება გამოვიდე და დავიცვა ქართული ოჯახი, მაგრამ ისმის კითხვა, სოლიდარობას გამომიცხადებს კი ევროკავშირი? მოკლედ, სხვის აზრსაც უნდა ვცეთ პატივი, რაც უნდა არ ვიზიარებდეთ მას. როცა ლაპარაკია დემოკრატიზაციაზე, ფორმალურ მხარეს კი არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არამედ სიღრმისეულად უნდა ჩავწვდეთ ამა თუ იმ პრობლემას.

- რუსეთის მიზანი ცხადია, რაც შეიძლება დაანაწევროს და ერთმანეთს გადაჰკიდოს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ ჩვენ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამას? - ერთი კარგი თვისება კი გვაქვს - კრიტიკულ ვითარებაში ვერთიანდებით ხოლმე, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, 2008 წლის ომის დროს. სამწუხარო კი ის არის, რომ წყნარი ცხოვრების დროს გვირჩევნია ერთმანეთს ვებრძოლოთ, ვიდრე ერთად ვიყოთ. დანაწევრების პოლიტიკა ჯერ კიდევ რომიდან მოდის და ამაში ახალი არაფერია. რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ და მიზნის მისაღწევად ბევრ ბერკეტს იყენებენ. გაგახსენებთ ენერგეტიკული პროექტების საწინააღმდეგო კამპანიებს. სხვათა შორის, 5 ივლისის მოვლენებმა ამ ე.წ. რიონის ხეობის გუშაგთა სრული ლუსტრაციაც მოახდინა. ამ დანაწევრების მცდელობისთვის კრემლს ბევრი ცნობილი მეთოდი აქვს, რასაც აკეთებს კიდეც იმ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით, რომლებიც საქართველოში უპრობლემოდ მუშაობენ. ჩვენი მთავრობა კი ამის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებს. ასეთი უმოქმედობით არაფერი გამოვა. არ შეიძლება სირაქლემის პოზაში ყოფნა.