"მართალი იყო პრეზიდენტი, როცა თქვა, ეს საქციელი არ ჰგავს საქართველოსო" - კვირის პალიტრა

"მართალი იყო პრეზიდენტი, როცა თქვა, ეს საქციელი არ ჰგავს საქართველოსო"

"ვნახეთ, რომ ცალკეულმა მღვდლებმა გადაარჩინეს ადამიანები ძალადობას. ეკლესია უნდა ჩამდგარიყო ძალადობის ბარიერად, ზოგი მღვდელი კი ძალადობისკენ მოუწოდებდა კიდეც. ამიტომ მათში ძალადობის იმპულსი რაღაცნაირად იგულისხმებოდა და ხალხმაც იგულისხმა, რომ ძალადობა მათი მხრიდან ნებადართულია, რაც კანონიკურად გაუმართლებელია"

"ამ დღეს რადიკალების გავეშებულმა ჯგუფმა სისხლის მოსურნე და მოძალადე ქართველის სურათი შექმნა, ამით თავად გაუწიეს ცუდი სამსახური ტრადიციებს და ეს არის დასანანი...", - გვეუბნება ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენების ფსიქოანალიზს გვთავაზობს:

- ბრბოს შესწავლა თავის დროზე მარტივად არ დაწყებულა, მას მოვლენებმა მისცა ბიძგი, კერძოდ, საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ. ევროპელმა მოაზროვნეებმა აღმოაჩინეს, რომ მათი დალაგებული სამყარო ადამიანური ცხოვრების წესზე არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ქუჩაში გამოვიდა ხალხი, რომელიც ცვლის ხელისუფლების, ძალაუფლებისა და სოციალური ცხოვრების წესებს. მერე წამოვიდა უკვე ბრბოს თემა და ფრანგმა სოციოლოგებმა, ტარდიმ, ლე ბონმა, სიგელემ და სხვებმა, იმუშავეს ბრბოს თეორიაზე. ლე ბონს მიაჩნდა, რომ ნებისმიერი დიდი თავყრილობა, მათ შორის პარლამენტიც, ბრბოს წარმოადგენს. ის თვლის, რომ ბრბოში მოხვედრილი პიროვნება კარგავს პიროვნულ თვისებებს და იქცევა სხვანაირად, ვიდრე ცალკე ყოფნისას იმოქმედებდა. სიგელეს თქმით კი ბრბო ყოველთვის აღგზნებულია, რაც გადადის რისხვაში და ბოლოს, გაცოფებაში. ამ მომენტში ბრბო ყველაფერს წალეკავს და მასზე ინტელექტით გავლენის ყოველი ცდა განწირულია.

- სიგელე ბრბოს თეორიაზე მუშაობისას ასეთ აზრს ავითარებდა: "ბრბო დანაშაულისკენ არის მიდრეკილი და მხოლოდ საბაბი სჭირდება, რომელსაც არათუ ცალკეული წევრი, არამედ რამდენიმეც არ ჩაიდენდა. გაბედულება რაოდენობასთან ერთად იზრდება და ძალას კარგავს შემაკავებელი ფაქტორები". მათი ძალა რომ რაოდენობაშია, ეს დავინახეთ კიდეც... - ასეა. პირველი სოციოლოგებისა და მკვლევრებისთვის ბრბო ყოველთვის იყო უარყოფითი მოვლენა, ენაშიც ასე შემოგვრჩა - ბრბო არ არის კომპლიმენტი. ნებისმიერი მიტინგი სტიქიური პროცესია, ასევე კონცერტიც, მაგრამ იქ მყოფებზე ხომ არ ვამბობთ, ბრბოაო. როცა ერთად შეკრებილები ცუდს აკეთებენ, მაშინ ვამბობთ მათზე ბრბოს. ისინი ერთმანეთს ჰბაძავენ: "მე ვიქცევი ისე, როგორც უმრავლესობა".

- ბრბო სტიქიურად ორგანიზდება და გაუცნობიერებლად მოქმედებს? - დიახ, მართლაც გაუცნობიერებლად მოქმედებს. ჩვენს გენებშიც ზის ის, რომ როგორც ბევრი მოქმედებს, მეც ისე უნდა ვიმოქმედო. ბრბო ყოველთვის ემოციურია და სტიქიურ პროცესად ქცევა ახასიათებს მაშინ, როცა ადამიანები პანიკაში არიან. მაგალითად, სტიქიური უბედურების დროს, როცა ადამიანები პანიკაში ვარდებიან და ვერ აცნობიერებენ, რას აკეთებენ. თუ მიწისძვრაა და შენობები ინგრევა, ამ დროს პანიკაში ჩავარდნილ ხალხს თუ ვიღაცამ დაუძახა, მარჯვნივ წადითო, ყველა მარჯვნივ მიაწყდება. ანალოგიური ემოცია ჩნდება მაშინაც, როცა ადამიანებს აქვთ განცდა, რომ სოციალური უბედურება დგება. სოციალური უბედურების ერთ-ერთი გამოხატულებაა, მაგალითად, ეროვნებას გვართმევენ, ტრადიციებს გვართმევენ, ქართველობას გვართმევენ და ამისთვის უნდა იბრძოლონ. 5 ივლისს რეაქცია აიგო კულტურის განადგურების გარდაუვალ საფრთხეზე. მაგრამ იმის თქმა, რომ ეს პროცესი სტიქიურია, არ შეიძლება. ვიღაცა ამ პროცესებს გამიზნულად მართავს. სტიქიურ პროცესებშიც ჩნდება ლიდერი და მართავს ბრბოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც პოლიტიკური ჩანაფიქრითაა მართული ეს ხალხი, ვიღაცამ უნდა დაუძახოს მათ, ჰკა მაგასო. ვინ არის მტერი, ვის უნდა შეუტიო, ამის მთქმელი ვიღაც უნდა იყოს. როცა დარბევას ჰქონდა ზუსტი მისამართი - უტევდნენ ჟურნალისტებსა და ლგბტ-ოფისებს, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ იქნებოდა.

- გასაგებია, რომ მათი ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ბრბო დისკრიმინაციას უწევს მათგან განსხვავებულ ადამიანებს, რათა საკუთარი სტატუსი აიმაღლოს, მაგრამ რატომ გავრცელდა მათი აგრესია ჟურნალისტებზე, ეს რისი ბრალია? - ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი პიროვნულად თავზე პასუხისმგებლები არ არიან, მოქმედებენ არა იმიტომ, რომ ასე მიაჩნიათ, არამედ ვიღაცამ შეუძახა. ამ შემთხვევაში ყველა იარაღია ვიღაცის ხელში. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ მოახდინა რეგიონებიდან მოქალაქეების მასობრივად ჩამოყვანის ორგანიზება, იყო თუ არა ჟურნალისტებზე ნადირობა წინასწარ დაგეგმილი და ვინ იძლეოდა მითითებებს."გარდა ფსიქოლოგიურისა, აქ პოლიტიკური მომენტიცაა. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე დიდი ხანია ტრიალებდა აგიტაციისმაგვარი, თუმცა რადიკალები ერთნაირად უტევდნენ ყველა არხის ჟურნალისტებს. იქ რომ მოტივი კონკრეტული არხის ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა ყოფილიყო, მაშინ გამოარჩევდნენ იმ არხებს, ვისაც ხშირად ლანძღავენ. ამიტომ დიდია ალბათობა, რომ მიზანი იყო ის ხმაურიანი შედეგი, რაც ამ ფაქტს მოჰყვა - ჟურნალისტებზე ხელის აღმართვა ძალიან მწვავე კრიტიკის საგანია ხოლმე...

- ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოგლიჯეს, ბოლოს კი დაწვეს, რაც, ალბათ, პრორუსული ძალების პროპაგანდის შედეგი ან მითითება უნდა ყოფილიყო. - გარდა აგიტაციისა, "ევროპა გაგვრყვნის", "თავს მოგვახვევს ერთსქესიანთა ქორწინებას", "ქართველები იდენტობას დავკარგავთ" და ა.შ., მაინც ძნელია იმის თქმა, ეს ქმედება რისი ბრალია, იმიტომ, რომ ადამიანი ბრბოდან ამ დროს თვითონ არ ფიქრობს, შესაძლოა მას ეს ლოგიკა დაუდეს და მიუშვეს როგორც ზომბი. ეს ლოგიკა ვის აწყობს, ეს არის საძებნელი. მარტივი ამოსახსნელია ის, რაც იმ დღეს მოხდა - აგრესია ჟურნალისტებისა და ევროკავშირის მიმართ რუსეთს აწყობს, მაგრამ ვისი ხელით შესრულდა მისი მიზანი, უფრო ზუსტად, ვინ ჰყავდა ჩანერგილი ამ სტიქიურ პროცესებში, ეს გამოძიებამ უნდა აჩვენოს. რბილად რომ ვთქვათ, პროვოკაციის სუნი გვცემს.

- ოპოზიციას მაინცდამაინც მძაფრი პოზიცია არ გამოუხატავს მომხდარზე. - არც ეცდება გამოხატოს, რადგან მართლაც რეალურად არის უკმაყოფილება მოეწყოს პრაიდი ლგბტ თემის თაოსნობით. უკმაყოფილებაა საზოგადოების დიდ ნაწილში და პოლიტიკოსებს არ სურთ ამაში გარევა. როგორც კი დაიწყებენ სექსუალური უმცირესობის დაცვას, იქვე, საზოგადოებისთვის აღმოჩნდებიან იმავე პოლიტიკის გამტარებლები, ლგბტ-ს პოპულარიზაციის და პროპაგანდის ავტორები.

ზოგიერთი ქვეყანა ეკონომიკითა და არსებობითაც კი დავალებულია დასავლეთისგან, მაგალითად, იაპონია დასავლეთმა დააყენა ფეხზე, მაგრამ იდენტობა არ დაუკარგავთ, ყველანაირი ტრადიცია შენარჩუნებულია და დაცული. იქ წარწერას ვერ ნახავთ არაიაპონურს, ჩვენთან კი წარწერები თითქმის ყველგან ინგლისურენოვანია. დასავლეთს ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვუწევთ ანგარიშს, იაპონია კი ენობრივ დონეზეც იცავს თავის კულტურას... ჩვენ მარტო სექსზე ვაკეთებთ აქცენტს. ის რეაქცია, რომელიც ამ ჯგუფს ჰქონდა, ლგბტ-ს პროპაგანდისტებმა გამოიყენეს ძალიან კარგად. იმას ხომ აუცილებლად იტყვიან, გვჩაგრავენო და კიდევ დამატებით გრანტებს მოიპოვებენ, მეორეც - ახალგაზრდებს აჩვენებენ, რომელი გირჩევნია იყო, ასეთი გაუპარსავი, კუნთებზე მაცქერალი და მოძალადე, თუ ჩვენს მხარეს გადმოხვიდეო... ამ რადიკალებმა კი იმ დღეს სისხლის მოსურნე და მოძალადე ქართველის სურათი შექმნეს, ამით თავად გაუწიეს ცუდი სამსახური ტრადიციებს და ეს არის დასანანი... მართალი იყო პრეზიდენტი, როცა თქვა, ეს საქციელი არ ჰგავს საქართველოსო. არ იყო საქართველო არასდროს ასეთი - მოძალადეების ქვეყანა.

- რამ გახადა? - დავაკვირდეთ იმას, ვის აწყობს ჩვენთან ეს სცენარი. გადავხედოთ, ვინ ვის და რის მხარესაა და ამით მივხვდებით, ვინ პრორუსია, ვინ პროევროპელი. შეძახილმა ხე გაახმოო, მაგრამ შეიძლება პირიქით, უკურეაქცია გამოიწვიოს, რადგან ადამიანს რომ უძახი რაღაცას, მის ემოციებზე თამაშობ. ჩვენ ადვილად ვეგებით ანკესზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალადობით იმის საწინააღმდეგო შედეგს მიიღებ, რისთვისაც იბრძვი, დევალვაციას გაუკეთებ პატრიოტიზმს. ჩვენ ვიცით ლევან ვასაძის პატრიოტული და კონსერვატული ორიენტაცია. 5 ივლისის შემდეგ კი ბევრი გადაიფიქრებს მის გვერდით დადგომას. ასე რომ, იმაში, რომ მის პოლიტიკურ ძალას პოლიტიკაში გავლენა ჰქონოდა, სწორედ ხუთმა ივლისმა შეუშალა ხელი...

- რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობას, რა არის მისი მიზანი, რას ცდილობს? - თუ პოლიტიკაში გადავიტანთ საუბარს, არ არის გამორიცხული, ვინც ევროპული ღირებულებების დევალვაციითაა დაინტერესებული, სწორედ ის უჩხიკინებდა ამათ შეფარულად, გინდა თუ არა, პრაიდი მოაწყვეთო, რათა მერე დაპირისპირება გამოეწვიათ. არც ის არის გამორიცხული, წმინდა წყლის დაუფიქრებლობა იყოს მიზეზი. არავინ ფიქრობს, რა შედეგი მოჰყვება იმას, როცა ცდილობენ მთელ ერს მოახვიონ თავზე ის, რაც ერს არ სურს. ასეთ შეცდომებს დასავლეთი ხშირად უშვებს. კი ბატონო, ჩატარდეს, მაგრამ რეაქცია არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც იყო. იყოს დაცინვა, ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვა, მაგრამ არა ძალადობა...

- საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებაზე რას იტყვით, რა როლი ჰქონდა მას ამ მოვლენებში? ამასთან, როგორ ფიქრობთ, აუცილებელია თუ არა რეფორმა ეკლესიაში დარღვევების აღმოსაფხვრელად? - აღმაშენებელს რუის-ურბნისის დროს გვერდით ჭყონდიდელი ეჯდა, ანუ რეფორმა გარედან არ ჩატარებულა, ეკლესიის წარმომადგენლები იყვნენ და მეფემ, უბრალოდ, მათ მხარი დაუჭირა. რეფორმა შიგნით უნდა მომწიფდეს, მერე მრევლმა და ნაწილობრივ სახელმწიფომაც უნდა გადაწყვიტონ, როგორ შეუწყონ ხელი ამას. ისიც ძნელი სათქმელია, რა იქნება ეკლესიისთვის რეფორმა. ისევე როგორც ყველა რელიგიურმა ერთობამ - მუსლიმანურმა, კათოლიკურმა, იუდაისტურმა გააკრიტიკა პრაიდის ჩატარების იდეა, მაგრამ არ გაითვალისწინა ძალადობის საფრთხე და არც დაუპირისპირდა ამას ისე, როგორც უნდა დაჰპირისპირებოდა. ვნახეთ, რომ ცალკეულმა მღვდლებმა გადაარჩინეს ადამიანები ძალადობას. ეკლესია უნდა ჩამდგარიყო ბარიერად, ზოგი მღვდელი კი ძალადობისკენ მოუწოდებდა კიდეც. ამიტომ მათში ძალადობის იმპულსი რაღაცნაირად იგულისხმებოდა და ხალხმაც იგულისხმა, რომ ძალადობა მათი მხრიდან ნებადართულია, რაც კანონიკურად გაუმართლებელია. ქრისტიანული რელიგია გამორჩეული სწორედ იმითაა, რომ ჰუმანურია და გამორიცხავს ძალადობას. ეკლესიას, ისევე როგორც ხელისუფლებას, ხელი უნდა შეეშალა ძალადობისთვის. მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას თურმე შეუძლია ხელი შეუშალოს ამას. ამიტომ მე უფრო მგონია, იმ დღის მოვლენა თავმოუბმელობის შედეგი იყო, რაღაცებზე შეთანხმდნენ და ჩათვალეს, რომ შესრულდებოდა ეს შეთანხმებები, მერე საჭირო ხარისხის მობილიზაცია არ გააკეთეს და მიიღეს ის, რაც მიიღეს. ეს კი უპირველესად ხელისუფლებისთვის იყო წამგებიანი.