"რად უნდა ბევრი ლაპარაკი იმას, რომ ეს "ქართული ოცნების" და ჩვენი ქვეყნის იმიჯის წინააღმდეგ არის მიმართული" - კვირის პალიტრა

"რად უნდა ბევრი ლაპარაკი იმას, რომ ეს "ქართული ოცნების" და ჩვენი ქვეყნის იმიჯის წინააღმდეგ არის მიმართული"

"წარმოდგენა არა მაქვს, რა ქმნის ასეთი უტიფარი განცხადების საფუძველს ადამიანისგან, რომელიც გუნდის ლიდერი იყო, დაუშვა შეცდომები და ამის მიუხედავად, გარკვეული პოზიციები გაიძლიერა გუნდის დახმარებით და წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგა, როდესაც სახელმწიფოს სტაბილურობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. სად ნახა გახარიამ ჩამოშლილი სახელმწიფო?"

"ქართული ოცნების" ამომრჩეველი რაციონალური, საქართველოს პატრიოტი ადამიანები არიან, რომლებიც ევროინტეგრაციის ფასეულობას, ამ პროცესში ხელისუფლების წარმატებასა და ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებას კარგად აფასებენ", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, რომლის თქმით, "ქართული ოცნების" ამომრჩევლებმა იციან, რომ ნებისმიერი ძალადობა აღნიშნულ პრინციპებს აზიანებს "უნდა შევაფასოთ, ვინ დაზარალდა და ვინ გაჰყვირის იმ საკითხებზე, რაც სახელმწიფოს რთულ მდგომარეობაში აყენებს. ყველა მოქმედება, რაც უკავშირდება ევროკავშირის დროშის ჩამოხევას, დაწვას და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას, ასევე იმ ღონისძიებებს, რაც პოლიციამ გაატარა, ამ ყველაფრის ანალიზიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, იყო თუ არა ეს პროცესი "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი. ერთი მხარე გვადანაშაულებს ლიბერალიზმის უარყოფაში, მეორე მხარდაჭერაში", - ამბობს გიორგი ვოლსკი.

- თქვენ რიტორიკულად მეკითხებით, ვინ არის პასუხისმგებელი 5-6 ივლისის მოვლენებზე. მე კი გეუბნებით, ორივე მხარემ, პრაიდის ორგანიზატორებმაც და მათმა მოწინააღმდეგეებმაც სხვადასხვა დონის და სხვადასხვა ხასიათის წვლილი შეიტანეს იმაში, რომ საქართველოს სერიოზული ზიანი მისდგომოდა. სრულიად მოულოდნელი, უფრო მეტიც, ყოვლად წარმოუდგენელი იყო, თუ ჟურნალისტებზე ასეთი ორგანიზებული შეტევა მოხდებოდა. რად უნდა ბევრი ლაპარაკი იმას, რომ რაც მოხდა, "ქართული ოცნების" და ჩვენი ქვეყნის იმიჯის წინააღმდეგ არის მიმართული.

- პოლიციამ რატომ ვერ მოახერხა საკუთარი მოქალაქეების, ჟურნალისტების დაცვა? - ყველაფერი გააკეთეს როგორც აქციის ორგანიზატორებმა, ასევე თავდამსხმელებმა, რომ პოლიცია ეფექტური არ ყოფილიყო. ეს იყო მოულოდნელობის ეფექტი, ვინ ელოდა, რომ პრაიდის ორგანიზატორების ნაცვლად, რომლებიც საბოლოოდ აღარ გამოჩნდნენ, ჟურნალისტებს დაუწყებდნენ დევნას?

- გიორგი გახარიამ 5-6 ივლისის მოვლენების შეფასებისას თქვა, რომ ძალადობა ძალადობას შობს. მისივე თქმით, უმძიმესი საყურებელი იყო ჩამოშლილი სახელმწიფო. - იცით, რა, პასუხიც კი არა მაქვს მისთვის. წარმოდგენა არა მაქვს, რა ქმნის ასეთი უტიფარი განცხადების საფუძველს ადამიანისგან, რომელიც გუნდის ლიდერი იყო, დაუშვა შეცდომები და ამის მიუხედავად, გარკვეული პოზიციები გაიძლიერა გუნდის დახმარებით და აბსოლუტურად წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგა, როდესაც სახელმწიფოს სტაბილურობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. სად ნახა გახარიამ ჩამოშლილი სახელმწიფო? ქართულმა პოლიციამ 5, თუ გნებავთ, 6 ივლისს, სწორედაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა.

- გახარია იმასაც ამბობს, რომ სახელმწიფომ ვერც კონსტიტუცია დაიცვა, ვერც თავისი მოქალაქეები, ვერც ტურისტები და სწორედ ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის ნიშანი. - სხვადასხვა თემაა, რომლებზეც გიორგი გახარია აკეთებს სხვადასხვა განცხადებას, რომ ძალადობა თურმე ძალადობას წარმოშობს.

ძალადობა მართლაც წარმოშობს ძალადობას. აი, სწორედ ამიტომ მოქმედებდა ჩვენი პოლიცია ფრთხილად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

- როგორ გგონიათ, 6 ივლისს პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი ხომ არ გახდება კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი? - ამ საკითხზე გადაწყვეტილება ნამდვილად მისაღებია, მაგრამ კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა შედეგს მოიტანს ჯვრის მოხსნა. იქნებ მოლაპარაკება ჯობია? ეს საკითხი წყნარად, განსჯისა და ფიქრის შედეგად უნდა გადაწყდეს, რათა ქვეყანას ნაკლები ზიანი მიადგეს. შეიძლება ერთმა ადამიანმა რადიკალური განცხადება გააკეთოს და თქვას, რომ ასე არ უნდა იყოს შეუთანხმებლად, კურთხევის გარეშე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ სააკაშვილის, სადისტი მმართველის პორტრეტი იდგა სამი თვის განმავლობაში პარლამენტთან და არავის ამოუღია ხმა. თქვენ, როგორც ჟურნალისტი, რას ფიქრობთ, შეიძლება პარლამენტის წინ სისხლის სამართლის დამნაშავის და ძებნილი ადამიანის პორტრეტი თვეების განმავლობაში ეკიდოს? ვიცი, რასაც ფიქრობთ, მაგრამ არ ამბობთ.

როგორც ჩანს, ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური შეხედულებები, რადიკალური ჯგუფები, ნაკლებად რადიკალური და ნეიტრალური, ლგბტ ჯგუფები, მაგრამ ყველა ვართ ქვეყნის წინაშე ვალდებული, მოვიქცეთ ისე, რომ ქვეყანა არ დავაზიანოთ. ამიტომ ვამბობ, კარგად დავფიქრდეთ, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ჯვრის მოხსნამ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. პარლამენტი ყველას ეკუთვნის, არა მხოლოდ მე, მართლმადიდებელ ქრისტიანს, არამედ სხვა კონფესიებსაც.

ხათუნა ბახტურიძე