"ისინი შიშს თესავენ” - კვირის პალიტრა

"ისინი შიშს თესავენ”

რაში მდგომარეობდა 26 მაისის ღამით ჩატარებული დარბევის სპეციფიკა, რა მიზანი და ამოცანები განაპირობებდა ზღვარგადასულ ქმედებებს, ამის თაობაზე უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი გვესაუბრა:

- ხელისუფლების მიზანი იყო არა აქციის დაშლა, არამედ თავისი პოლიტიკის მიმართ არალოიალურად განწყობილი ადამიანების, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სხვა ძალების დათრგუნვა. ამოცანა მდგომარეობდა შემდეგში: ალყის დემონსტრირება, სასტიკი ცემა, დაპატიმრება, დამცირება, არაადამიანური მოპყრობა, შეურაცხყოფა, ნიჰილიზმის გაღრმავება, პოლიტიკური ოპონენტების დაშინება.

ჩვენ საქმე გვაქვს ძალაუფლების განსაკუთრებულ სიყვარულთან, რის გამოც არა აქვთ სურვილი, ნებისმიერი მიღწევა ან შედეგი გაიზიარონ მასზე უფრო ჭკვიანთან ან უკეთესთან. ისინი შიშს თესავენ.

ხელისუფლების დამთრგუნველმა პოლიტიკამ ნაყოფი გამოიღო და მათ, ვისაც ჰქონდა პროტესტი, რჩებათ კიდეც, უმწვავდებათ კიდეც, მაგრამ გამოხატვის სურვილი აღარ აქვთ. იცით, სააკაშვილის მიზანი რა არის? იცის, რომ დიქტატორია, იცის, რომ საზოგადოებას არ მოსწონს,  მაგრამ პროტესტი სამზარეულოს არ უნდა გასცდეს. იყოს იქ, მთავარია, ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმი აქვს გაყალბებული არჩევნებისა და პოლიციური რეჟიმის წყალობით.

- დღეს ბევრს ლაპარაკობენ, რომ აქციის დარბევის სპეციფიკა წინასწარვე იყო დაგეგმილი და სპეცრაზმელებს მადა ჭამაში არ მოსვლიათ.

- ძალოვანი რაზმების განლაგებაში, მათ რაოდენობაში იკითხებოდა შედეგი.

აქციის მონაწილეები მაქსიმუმ 1000 კაცამდე იქნებოდნენ, სადამსჯელო რაზმების რიცხოვნობა კი 3000-ს აღემატებოდა. ძალთა ასეთი თანაფარდობა იმაზე მეტყველებს, რომ რამდენიმე სპეცრაზმელს ერთი პროტესტანტი ეყოლებოდა საცემი... ბურჯანაძე კარგია თუ ცუდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპროტესტო აქციაზე, რომელიც მისი ინიციატივით იმართება, ადამიანები უნდა დალეწო.

თუ ე.წ. სამართალდამცველებს ლიდერების დაპატიმრება უნდოდათ, მათ ეს ტაქტიკურად ვერ გააკეთეს, მეტიც, მეორე დღესაც არ დაუკავებიათ. ეს ნიშნავს, რომ სამართალდამცველებს ცივილიზებულად რომ ემოქმედათ, ქაოსი არ დაიწყებოდა და ბურჯანაძის კორტეჟის სწრაფი სვლაც არ მოხდებოდა... დარბევა გრძელდება პოლიციის განყოფილებებშიც. ამის ამაზრზენი მაგალითია მურმან დუმბაძე, რომელიც დაკავების დროს არ ჩანს ნაცემი, პოლიციაში მოხვედრის შემდეგ კი საშინელ მდგომარეობაშია. უნდა შევნიშნოთ, რომ დაკავებულთა შორის არ არის არც ერთი ქალი,  ესეც იმაზე მეტყველებს, რომ წინასწარ იყო გათვლილი, ვინ უნდა დაესაჯათ. გარდა ლიდერებისა, 45 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცს იჭერდნენ, უფრო მაღალი ასაკისას კი უშვებდნენ.

"პალიტრა მედიის" ჟურნალისტმა დარეჯან პაატაშვილმა თავად იწვნია ის, რაც აქციის მონაწილეებმა. სხვა რომ არაფერი, რამდენიმე საათის განმავლობაში გაუჩინარებული იყო მედიასახლის კიდევ ერთი კორესპონდენტი, მალხაზ ჭკადუა. დარეჯანი ცდილობს დეტალურად გაიხსენოს 26 მაისს ნანახი და განცდილი: "25-26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციას ვაშუქებდი. ვცდილობდი მოვლენებისთვის თვალი მედევნებინა შედარებით უსაფრთხო ადგილიდან, მაგრამ ასეთი ადგილი არ აღმოჩნდა.

შეუძლებელი იყო რომელიმე მხარეს გაქცევა, ან რომელიმე პატარა ქუჩისთვის თავის შეფარება,

რადგან აქციის მონაწილეები და მათთან ერთად ჟურნალისტებიც სპეცდანიშნულების რაზმების ალყაში მოექცნენ. ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ, აღმოვჩნდი რამდენიმე ათეულ კაცთან ერთად, რომლებიც "თავისუფლების მოედნის" მეტროსკენ გარბოდნენ, უმეტესობა ქალი იყო.

სამართალდამცველებმა გზა გადაგვიღობეს და დაწოლა ან დაჩოქება გვიბრძანეს. ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს კი ამბობენ, რომ თავისუფლების მოედნისკენ გზა თავისუფალი იყო, მაგრამ ფაქტია, ხალხს არ მისცეს იქით გაქცევის საშუალება (კადრებში ასევე ჩანს, რამდენი სპეცრაზმელი დგას მოედანთან, საიდანაც ბურჯანაძის კორტეჟი გადის).

შემდეგ ეს ჯგუფი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ცდილობდა შესვლას. ასე აღმოვჩნდი ასფალტზე გაწოლილი.

სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს ვთხოვე, გაეთვალისწინებინა, რომ ჟურნალისტი ვარ, ვაჩვენე სპეციალური წარწერის მქონე ჟილეტი, რომელიც მეცვა და ბეიჯი. ერთ-ერთმა, რომელსაც ტუჩზე ნაიარევი ჰქონდა, მკითხა,“ხომ არ მინდოდა მომხვედროდა სწორედ იმიტომ, რომ ჟურნალისტი ვარ და ხელკეტი მომიღერა. ამ დროს ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თავი დავხარე და ზურგში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. ის სპეცრაზმელი კი მოღიმარი და გახარებული ისევ მიმეორებდა, არ ავმდგარიყავი, თან ხელკეტს მიღერებდა.

სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრი დამეხმარა, რომელმაც ჩემკენ ხელკეტით წამოსულ თანამშრომელს დაუყვირა, ჟურნალისტიაო. ამის შემდეგ იქაურობას გავერიდე.

სპეცრაზმელები ჯგუფებად მისდევდნენ გაქცეულებს და ურტყამდნენ ხელკეტებს, აწვენდნენ დაბლა და ბორკილებს ადებდნენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან იმ ადამიანებს ვხედავდი, რომლებიც ვითომ თავისუფალი ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გარბოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მეტროს გასწვრივ მობილიზებული იყო სპეცრაზმი და, რა თქმა უნდა, როცა ადამიანი გარბის, ერიდება სპეცრაზმელებში შევარდნას. სწორედ ამიტომ გადაძვრა რამდენიმე ათეული ადამიანი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მაღალ ღობეზე.

რა ოფიციალური ახსნა-განმარტებაც  უნდა გაკეთდეს, გადაჭრით ვიტყვი, რომ ადამიანებს თავისუფლების მოედნისკენ გაქცევის საშუალება არ ჰქონდათ. ყველა მამაკაცი, ვინც ხელთ მოიგდეს, დააკავეს. სადაც ორი-სამი კაცი გარბოდა ერთად, მათ სპეციალურად უმიზნებდნენ და ესროდნენ რაღაცას, რაც დაცემისთანავე ფეთქდებოდა და კვამლი ჰქონდა. არ ვიცი, ეს მხუთავი გაზი იყო თუ რა, მიუხედავად იმისა, რომ "ნაბეღლავში" დასველებული პირბადე მქონდა, ხუთვის შეგრძნება საკმაოდ გვიან მომეხსნა.

შემდეგ სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტთან" აღმოვჩნდი. მახსოვს, მთელი ქუჩა დაბლა დაგდებული და დაბორკილი ადამიანებით იყო სავსე, სისხლის გუბეები იდგა. "ქორთიარდ მერიოტთან" აქციის დაკავებული მონაწილეები გამოჰყავდათ. ნაწილი ყვითელ ავტობუსებში ჩასვეს, ნაწილი სასტუმროს წინ ჩაამწკრივეს.

სპეცდანიშნულების რაზმების წევრებს კი მითითებებს, თუ რომელი მათგანი უნდა ეცემათ, სამოქალაქოტანსაცმლიანი პირები აძლევდნენ. ამას ჩემი ფლიპ-კამერით ვიღებდი. ამასობაში ერთ-ერთი სპეცრაზმელი დაინტერესდა ჩემი საქმიანობით. მშვიდად ავუხსენი, რომ ვარ ჟურნალისტი და განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ამ დროს ორი სპეცრაზმელი მომვარდა, კარგად არ მახსოვს, ნიღბებით იყვნენ თუ ჩაფხუტებით. ყვირილით და უხეშად მომთხოვეს საბუთი. ვაჩვენე ბეიჯი, რომელიც ყელიდან ჩამომგლიჯეს, მერე მკითხეს, ხომ არ გინდა, კამერაც წაგართვათო. გადაღება შევწყვიტე და ვცადე გავცლოდი იქაურობას, მაგრამ ამ დროს კამერის წართმევა დამიპირეს, შევეწინააღმდეგე.

უცებ უკან მდგომმა ყელზე მკლავი შემომხვია, თითქოს ჩემი დახრჩობა უნდოდა, ვიგრძენი, როგორ ვკარგავდი გონებას (ამ დროის უშვერად მაგინებდნენ). ამასობაში კამერა გამომგლიჯეს. როგორც მახსოვს, კაცი, რომელმაც კამერა გამომგლიჯა, მანამდე კი ყელიდან ბეიჯი ჩამომგლიჯა, ნიღბით იყო.

ვცდილობდი სპეცრაზმელებში გავრეულიყავი და ის სპეცრაზმელი მეპოვა, რომელსაც სავარაუდოდ ჩემი კამერა უნდა ჰქონოდა, მაგრამ მათი ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელი იყო. შემდეგ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მირჩია, წავსულიყავი იქიდან. ჩემზე ლაპარაკი მეუხერხულება იმის ფონზე, რაც იქ ხდებოდა. მე არ დამინახავს აქციის არც ერთი მონაწილე, რომელსაც წინააღმდეგობა გაეწიოს. ეს შეუძლებელიც იყო. თითო მონაწილეზე 10 სპეცრაზმელი მოდიოდა. როგორც გავიგე, რამდენიმემ მოახერხა გაქცევა. უმეტესობა ბორკილდადებული იყო და ყვითელ ავტობუსებში ტენიდნენ.

ყოველთვის ქართული სპეცრაზმის დამცველი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვნახე, როგორ ურტყამდნენ ხელკეტს ქალს და მოხუც კაცს, იმედი გამიცრუვდა. ეს არ იყო აქციის დაშლა, ეს იყო დასჯა ადამიანებისა, რომლებიც, როგორც სპეცრაზმელები ყვიროდნენ, ბურჯანაძის გვერდით დგომის გამო დაისაჯნენ. საღამოს 8 საათიდან ვიყავი აქციაზე და არც ერთი "ბურჯანაძისტი" არ მინახავს. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ უსამართლობას ებრძოდნენ.

ირაკლი სესიაშვილი: "სამართალდამცველების სტრატეგია მდგომარეობდა იმაში, რომ პირობითი მოწინააღმდეგე მოექციათ ალყაში, შეეტიათ ყველა მიმართულებიდან მათ დასარბევად, დასაპატიმრებლად. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ყველა გასასვლელი იგმანება. ერთი შეხედვით მხოლოდ "თავისუფლების მოედნის" მეტროსკენ, მოსწავლეთა სასახლესთან ვიწრო გასასვლელი ჩანს თავისუფალი, თუმცა, ეს სიცრუეა, მეტროსთან ხაფანგია, ხალხს ელოდება რაზმი, რომელმაც უნდა დააპატიმროს და პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანოს. თავიდან შეტევას იწყებს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც გაწვრთნილია სწორედ აქციების დასაშლელ-დასარბევად. შეტევა იწყება ქაშუეთის ტაძრისა და იქვე მიმდინარე მშენებლობას შორის მდებარე ქუჩიდან (იხ. ნახაზი).

აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევას ემსახურება პარლამენტის შენობასა და გიმნაზიას შორის მდებარე ქუჩაზე განლაგებული რაზმიც, რომელიც გასვლის საშუალებას არ აძლევს ხალხს. იმავეს აკეთებს ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე რაზმი, რომელიც ნელი სვლით წინ იწყებს მოძრაობას, კინო "რუსთაველისა" და სახელმწიფო მუზეუმის შენობებთან ჩამავალ ქუჩებზე განლაგებული რაზმებიდან ამორბიან ან ადგილიდან დამიზნებით რეზინის ტყვიებს და გაზის იარაღს ისვრიან სპეცრაზმელები. თვითმხილველთა განცხადებით, უმიზნებდნენ პირდაპირ სახეში ან ყელის არეში. მეტიც, ერთსა და იმავე ადამიანს რამდენჯერმე ესროდნენ.

ყველა იყენებს ძალას, ვისაც როგორ შეუძლია, სცემს გაქცეულებს. აქციის მონაწილეები იშლებიან ორი მიმართულებით, სადაც ჰგონიათ, რომ გასასვლელია. ალბათ, ვერ გაითვალისწინეს და არ ჩაუკეტავთ კინოთეატრი "რუსთაველი" და ხალხიც იქ შევარდა. დარბევა კინოთეატრის მომსახურე პერსონალმაც იწვნია. უკვე ვეღარ არჩევდნენ, ვინ ვინ იყო.

ქაშუეთის წინ ასევე იდგა რაზმი, რომელიც არ მოქმედებდა, მაგრამ, სავარაუდოდ, მას ზურგს უმაგრებდა კიდევ ერთი ნაწილი, შესაძლოა, ანტიტერორისტული ჯგუფი, რომელსაც, თუ აქციის მონაწილეები ცეცხლსასროლ იარაღს გამოიყენებდნენ, ცეცხლი უნდა გაეხსნა.

ამ ოპერაციის მიზანი იყო, ალყა მაქსიმალურად შეკრულიყო და აქციის მონაწილეები ვერ გაშლილიყვნენ. ხალხმა გამოსავლის ძიებაში გეზი აიღო თითქოს თავისუფალი გასასვლელისკენ, "თავისუფლების მოედნის" მეტროს მიმდებარე ჩიხებში. ვიდეოკადრებში "თავისუფლების მოედნის" მეტროს წინ ხელებშეკრულ და ძირს დაყრილ ხალხს სცემენ. ეს ადგილი შორს არის იქიდან, სადაც აქცია იმართებოდა. ე.ი. ეს ადამიანები გაეცალნენ აკრძალულ ტერიტორიას, შენ კი მისდევ და სცემ.

საერთაშორისო სამართალი - ძალის გადამეტება დანაშაულია!

საერთაშორისო სამართალი არ ცნობს საპროტესტო აქციის დარბევას, ანუ მომიტინგეეების ხაფანგში მომწყვდევას და მათზე თავდასხმას. საპროტესტო მანიფესტაციებისა და შეკრებების დაშლის დროს დაშვებულია მხოლოდ ზომიერი, პროპორციული ძალის გამოყენება. ამ დროს დასაშვებია წყლის ჭავლის გამოყენება და თუ მონაწილე გარბის, სამართალდამცველმა არ უნდა სდიოს. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს აქვს ხელკეტი და ავლენს აგრესიას, პოლიციელს უფლება აქვს აგრესიითვე უპასუხოს.

თუ ამის შემდეგ მომიტინგე ეცემა, ხელკეტიც უვარდება და მისი აგრესია გაუვნებლებულია, პოლიციელი კი მაინც ურტყამს, ეს შურისძიება და დანაშაულია. პოლიციელმა იმდენი და იმ ტიპის ძალა უნდა გამოიყენოს,  რომელიც აუცილებლად არის საჭირო მანიფესტანტის აგრესიის აღსაკვეთად. ძალის გადამეტება დანაშაულია. ეს მითითებულია საქართველოს კანონში "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" და "ადამიანის უფლებათა ევროპული დაცვის" მეთერთმეტე მუხლში.

ამ კანონების შესაბამისად, თუ 28 მაისის საპროტესტო აქციის დარბეული მონაწილე შეეცდება დაიცვას თავისი დარღვეული უფლება საერთაშორისო დონეზე, სტრასბურგის სასამართლო განიხილავს არა იმას, რას გეგმავდა ბურჯანაძე მიტინგზე, რომელშიც დაზარალებული მონაწილეობდა, არამედ იმას, დაზარალებული რას აკეთებდა იმ წუთში. იგივე მეთერთმეტე მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ არასანქცირებული შეკრების დროსაც დაიცვას შემწყნარებლობის პრინციპი.