"ეს არ უნდა ვაპატიოთ სააკაშვილის ხელისუფლებას" - კვირის პალიტრა

"ეს არ უნდა ვაპატიოთ სააკაშვილის ხელისუფლებას"

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გვითხრა, 26 მაისს აქციის დაშლამდე სპეცრაზმს უბრძანეს, არ შეხებოდნენ ჟურნალისტებს, ქალებს, მოხუცებს, მაგრამ უმკაცრესად დაესაჯათ მამაკაცები.

- მაგრამ რამდენიმე მოხუცს მაინც უმოწყალოდ გაუსწორდნენ. ეს იყო გამიზნული სადამსჯელო ოპერაცია, რომლის საჭიროება არ არსებობდა. მიტინგის დაშლას მოჰყვა სასტიკი ანგარიშსწორება მომიტინგეებზე, განსაკუთრებით - მამაკაცებზე. იმ დღეს კიდევ ერთხელ გამოვლინდა სააკაშვილის ბუნება, რომელმაც თავის ხალხთან ურთიერთობისათვის მხოლოდ ძალადობის გზა დაიტოვა. ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია: თუ სააკაშვილის მხარეს ხარ და მის აზრს იზიარებ, ვერავინ  შეგეხება.

ამან გამოიწვია ის, რომ არა მხოლოდ სააკაშვილი იქცევა ძალმომრეობით და სასტიკად, არამედ უკვე ის ხელმძღვანელებიც, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ აქციის დაშლას. როდესაც დანაშაულის ჩადენისთვის არავინ ისჯება, სამართალდამცავ სტრუქტურებში არ არსებობს პასუხისმგებლობის განცდა, ეს ბიძგს აძლევს ადამიანის   ყველაზე ცუდ საწყისებს. სწორედ ამიტომ საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ, რომ გამოძიება დაიწყოს და გამოვლინდნენ დამნაშავეები, იმ ბრძანების გამცემები, რომელთაც საშუალება მისცეს სპეცრაზმს სასტიკად გასწორებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს.

ამავდროულად, ჩვენ ვერ გავექცევით ლაპარაკს აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაზე, რომელთაც იცოდნენ, რომ ამ საპროტესტო აქციასა და მოთხოვნებს არანაირი პოლიტიკური ცვლილება არ მოჰყვებოდა. მათ გამიზნულად წაიყვანეს ასეთი განსაცდელისკენ მხარდამჭერები, რომლებიც გამოვიდნენ გულწრფელი პროტესტის გამოსახატავად. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთაც შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება და  შეუქმნეს ცრუმოლოდინი,  რომ ასეთ აქციებს შეიძლება პოლიტიკური ცვლილება მოჰყოლოდა.

- ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, ბურჯანაძე არ დაუშვებდა, აქცია უფერულად დაშლილიყო და ამიტომ წაიყვანა დიდ რისკზე მხარდამჭერებიო.

- მომხდარს საზოგადოება მოგვიანებით უკეთ შეაფასებს. დღეს, როდესაც რამდენიმე კაცი დაღუპულია, უამრავი დაკავებული და დასახიჩრებულია, რამდენიმე ათეული კი გაუჩინარებული, მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ მათ მხარდაჭერაზე. გარდა იმისა, რომ ბევრი გამქრალი და დასახიჩრებულია, ხდება უფრო დიდი დანაშაულიც, დაკავებულების ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა და ამ გზით მათგან ჩვენებების მიღება. გავიგე, რომ ადამიანები, რომლებსაც ომბუდსმენმა მიაგნო წინასწარი დაკავების იზოლატორში, შეშინებული არიან და არაფერს ამბობენ. ჩანს, მათზე ფიზიკური და მორალური ზეწოლა მოახდინეს. ეს არ უნდა ვაპატიოთ სააკაშვილის ხელისუფლებას. ყველამ ერთხმად უნდა მოვითხოვოთ ამ საქმის ბოლომდე გამოძიება.

- პოლიტიკურმა სპექტრმა რატომ მანამდე არ აუხსნა მოსახლეობას, რომ ბურჯანაძეს არასწორი გზით მიჰყავდა პროცესები?

- არ ვიცი, ვინ რა შეფასებას აძლევდა   ამ აქციებს, მაგრამ მე სულ ვამბობდი, რომ ეს იყო გზა პოლიტიკური დაპირისპირებისკენ, რომელიც არ მიგვიყვანდა პოლიტიკურ ცვლილებებამდე. არ მინდა დღეს ჩასაფრებულის პოზიციიდან ლაპარაკი. იმან, რაც 26 მაისს მოხდა, ყველა დაგვაზარალა. მომხდარს არავისთვის შეუძენია ღირსება, არც აქციის ორგანიზატორებისთვის, არც დამრბევებისთვის და არც საზოგადოებისთვის. როდესაც 20 წლის განმავლობაში ასეთი ძალადობა ხდება, ეს საზოგადოების პრობლემაა და არა მხოლოდ სააკაშვილის, პოლიციის ან აქციის ორგანიზატორების.

ამიტომაც ერთადერთი დასკვნა, რაც უნდა გაკეთდეს, ასეთია: ბოლო უნდა მოეღოს დრომოჭმულ პოლიტიკას. უნდა დავიწყოთ ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება, რაც უპირველესად ერთმანეთის მოსმენასა და მეტ ნდობას გულისხმობს. პოლიტიკოსებმა გაბედული პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადავდგათ შეთანხმებისკენ. ჩვენ მხოლოდ შეთანხმება გაგვაძლიერებს. აქეთ მიჰყავს სწორედ საქმე ოპოზიციურ რვიანს.

- თუმც კეთდება პროგნოზი, ხელისუფლება მაინც არაფერს დათმობსო.

- მაისის ბოლოს მივუახლოვდით და იმედია, პოლიტიკურ ძალებს კეთილგონიერება გვეყოფა და შევთანხმდებით. საზოგადოებამ, რომელიც დღეს კიდევ უფრო დაბნეული და შეურაცხყოფილია, პოლიტიკური პერსპექტივა უნდა დაინახოს.

- გამოითქვა მოსაზრება, რომ აქციის ძალისმიერი დაშლის წამახალისებელი აშშ-ის ელჩის განცხადება იყო.

-  არასერიოზულია შეფასება, რომ ვინმეს განცხადებამ სააკაშვილი რამეზე წააქეზა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, -  ძალიან ცუდად, არასწორად, არაკეთილმეგობრულად გამოიყენა აშშ-ის ელჩის განცხადება "რუსთავი 2"-მა, როდესაც ფაქტობრივად პარალელურ რეჟიმში გაუშვა ბასის განცხადება და მომიტინგეების დარბევა. სააკაშვილისა და ტელეკომპანიის მხრიდან ეს არამეგობრული ნაბიჯი იყო ამერიკის ელჩის მიმართ, მაგრამ არა მგონია, ამ ერთმა ინციდენტმა საზოგადოებაში შეცვალოს დამოკიდებულება საერთაშორისო აქტიურობის მიმართ. აშშ-ის ელჩს ეს უნდა გაეთვალა, რადგან საქმე აქვს ისეთ ხელისუფლებასთან, რომელსაც შეუძლია აბსოლუტურად ნეიტრალური და დაბალანსებული განცხადებაც კი საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის გამოიყენოს.

- სააკაშვილმა კვლავ რუსეთისკენ გაიშვირა ხელი.

- სააკაშვილი საგარეო საფრთხის მოშველიებით ცდილობს შეზღუდოს ჩვენი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებები. ვფიქრობ, ქართველი საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ ასე არ მოატყუებინებს თავს სააკაშვილს. მოსახლეობამ პოლიტიკოსებს უნდა მოსთხოვოს, პოლიტიკურ შეთანხმებებზე წავიდნენ, შევთანხმდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით მოხდეს.

- შსს-ს გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ?

- პირველივე კითხვა, რაც გამიჩნდა, ის იყო, რატომ მალავდნენ სამართალდამცავები ამ ჩანაწერს ორი თვის განმავლობაში, როდესაც შეიძლებოდა პრევენციისთვის გამოეყენებინათ. მაგრამ ეს იმიტომ არ მოხდა, რომ ორგანიზატორებისა და სააკაშვილის ამოცანები ერთმანეთს ემთხვეოდა. სააკაშვილი თითქოს  ჩასაფრებული იყო ამ მასალებით და ელოდა, როდის მისცემდნენ აქციის ორგანიზატორები იმის გაკეთების საბაბს, რაც გააკეთა, შემდეგ კი წინ წამოეწია გარე საფრთხე რუსეთისგან.

აქციის ორგანიზატორების რადიკალიზმის ჩვენებით სააკაშვილს უნდოდა დაემტკიცებინა, რომ სტაბილურობის გარანტი თვითონ არის, ოპოზიცია კი დესტაბილიზაციას ცდილობს რუსეთის დახმარებით. აქციის ორგანიზატორებს კი სურდათ, პროვოცირებით მეტი ყურადღება გადაეტანათ საპროტესტო აქციაზე და იმედი ჰქონდათ, ეს გამოიწვევდა საერთო-სახალხო პროტესტს.

აქციის ორგანიზატორებმა იცოდნენ, რომ ამ გზით ხელისუფლება არ შეიცვლებოდა, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურისათვის სჭირდებოდათ რადიკალიზაცია.

თუ რა კონკრეტული მიზნისთვის, ამას შემდგომი მოვლენები  უფრო ნათლად გვიჩვენებს.