"სირცხვილია, რომ 5 ივლისის შემდეგ გომელაური თავს მინისტრად მიიჩნევს - როცა ქუჩაში ვერაფერს აკონტროლებ, უნდა ინამუსო და წახვიდე" - კვირის პალიტრა

"სირცხვილია, რომ 5 ივლისის შემდეგ გომელაური თავს მინისტრად მიიჩნევს - როცა ქუჩაში ვერაფერს აკონტროლებ, უნდა ინამუსო და წახვიდე"

"მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე სანდო პასუხი გაიცეს, აუცილებელია, ექსპერტიზის პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი გადადგომის მოთხოვნას, ელისაშვილის თქმით, "როცა ქუჩაში ვერაფერს აკონტროლებ, უნდა ინამუსო და წახვიდე".

"ამ ეტაპზე ყველას გვჭირდება პასუხი კითხვაზე - რა გახდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, სანდო პასუხი გვინდა და არა ის, რაც მოიფიქრეს ან მოიფიქრებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ან ექსპერტიზის ბიუროში. გვინდა, სანდო და ნამდვილი პასუხი. იმისათვის, რომ სანდო პასუხი მივიღოთ, აუცილებელია, გამოძიებაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ, რაც პროცესს სანდოს გახდიდა.

ეს ამბავი ორად უნდა გავყოთ, რათა ზედმეტი კუდები არ ედებოდეს არც ერთ საკითხს. მეორეა, გარდაცვალების ამბავი. იმისათვის, რომ გარდაცვალების ამბავზე არ იყოს ჭორები და სიბინძურეები, ნამდვილი პასუხი გვინდა, რის შედეგად გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა. 5 ივლისი არის ცალკე საკითხი, სადაც ათეულობით ჟურნალისტზე, ოპერატორსა და ფოტოგრაფზე იძალადეს მიზანმიმართულად. გავეშებული ადამიანების ერთი ჯგუფი დასდევდა მეორე ადამიანების ჯგუფს, ამას სჭირდება რეალური გამოძიება და ყველას დასჯა. სირცხვილია, რომ 5 ივლისის შემდეგ გომელაური თავს მინისტრად მიიჩნევს. როცა ქუჩაში ვერაფერს აკონტროლებ, უნდა ინამუსო და წახვიდე",- განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"