"მათ, ვინც ოპერატიულ მანქანას ჯოხებს ურტყამდნენ, პასუხი მოეთხოვებათ" - კვირის პალიტრა

"მათ, ვინც ოპერატიულ მანქანას ჯოხებს ურტყამდნენ, პასუხი მოეთხოვებათ"

"მარჩიელობა რად უნდოდა, რომ პოლიცია ზომებს მიიღებდა"

"ამას გეუბნებით არა გამოქვეყნებული, არამედ სხვა წყაროებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე"

თუ როგორ აფასებს ხელისუფლება აქციის დაშლას, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მიხეილ მაჭავარიანს ვკითხეთ:

- 26 მაისს ისე ვერ შევაფასებთ, თუ არ გავიხსენებთ წინა დღეებს და იმას, თუ რა ჩანაფიქრი ჰქონდათ აქციის ორგანიზატორებს. არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტობრივი და ოპერატიული მასალები, რაც შს სამინისტრომ გაავრცელა. მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრსა და საქართველოს მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს. დღეს არაერთ მოქალაქეს შევხვდი, რომელთაც მითხრეს, ყველაფერი ის, რაც ტელევიზიით აჩვენეს, თუ მართალია, მაშინ ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვესო. თუ სამართლებრივი რეაგირება არ იქნება, ჩაითვლება, რომ მასალები არ არის მტკიცე და ფაქტებით გამყარებული, რათა შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას.

- ნინო ბურჯანაძეც აცხადებს, თუ რეალური მტკიცებულებები აქვთ, დამიჭირონო.

- ძალიან კარგია, რომ ამას თავად ბურჯანაძე ამბობს.  ამ  შემთხვევას  აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება.

21 მაისს, როდესაც საპროტესტო აქცია დაიწყო და ტელევიზიასთან გაგრძელდა,  საზოგადოებრივი მაუწყებელი ამას პირდაპირ ეთერში აშუქებდა და ქართველ საზოგადოებას ამომწურავი ცნობები ჰქონდა, რა ხდებოდა აქციაზე. 25 მაისს, როდესაც აქციის ვადა გადიოდა, მანიფესტანტები თავისუფლების მოედნისაკენ დაიძრნენ და ნაცვლად იმისა, იქ დაესრულებინათ აქცია, აშკარა პროვოკაციაზე წამოვიდნენ და დაიკავეს პარლამენტის წინამდებარე მოედანი, სადაც მეორე დღეს აღლუმი უნდა გამართულიყო. როგორც ოპერატიულ მასალებში ჩანს, ეს არ იყო მყისიერი გადაწყვეტილება.

ოპერატიულ ინფორმაციაში, რომელიც ხელისუფლებას აქვს, ლაპარაკია სისხლის ღვრასა და შეტაკებაზე, რომ შეტაკების შემდგომ უფრო მეტი მოქალაქე უნდა გამოსულიყო ქუჩაში.  ვითარების გასამწვავებლად არსებობდა წინასწარ შემუშავებული სცენარი. იყო საუბრები, ახლა თუ არ გამწვავდა ვითარება, შემდგომი 10-15 წლის განმავლობაში ასეთი შანსი აღარ მოგვეცემაო.

ამას გეუბნებით არა გამოქვეყნებული, არამედ სხვა წყაროებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. აქციის ორგანიზატორები ყველაზე მეტად იმას განიცდიდნენ, რომ მათ მიტინგებს ფართო საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდა და არც სხვა  პოლიტიკური ძალები უჭერდნენ მხარს. აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ერთადერთი ამოცანა, რუსეთის დედაქალაქში წასულიყო გზავნილი, რომ ჩაიშალა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი და საქართველოს ხელისუფლება მას წინ ვერ აღუდგა.

ეს ხომ არა "ნაციონალური მოძრაობის" აღლუმი, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი იყო. ამიტომაც ის, რაც 26 მაისს, დილით მოხდა, ყველასთვის მოსალოდნელი იყო. აქციის ორგანიზატორები მერიის წარმომადგენელმა გააფრთხილა. მარჩიელობა რად უნდოდა, რომ პოლიცია ზომებს მიიღებდა, რათა მოედანი აღლუმისთვის გათავისუფლებულიყო.

- მაგრამ აქციის დაშლის ფორმა რომ არ იყო ადეკვატური და მართლზომიერი, ამას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს.

- ძალაუფლების გადამეტების ფაქტები გამოძიებული იქნება.

- რა აუცილებლობა იყო, რომ სპეცრაზმელებს ხალხი დაუზოგავად ეცემათ?

- არაერთხელ გამოუძიებიათ ძალის გადამეტებით გამოყენების შემთხვევები და ახლაც დაისჯებიან კანონდამრღვევი პოლიციელები.

ამჯერადაც ყველაფერი იმ სცენარით იყო დაგეგმილი, რომელიც 1991 წლის დეკემბერში გათამაშდა. მაშინაც იყო აქცია, გასროლა და შემდეგ შეიარაღებული დაპირისპირება, რასაც ხელისუფლების დამხობა და მრავალწლიანი ქაოსი მოჰყვა.

აქციის დამგეგმავებს ეგონათ, ისევ იმავე სცენარით იმოქმედებდნენ, რომლითაც 20 წლის განმავლობაში სარგებლობდნენ, ეგონათ, ეს სცენარი ახლაც გაამართლებდა, მაგრამ დღეს საქართველოში სხვა ვითარებაა და ქართულ სახელმწიფოს სხვა საშუალებები აქვს თავის დასაცავად.

- რაში იკვეთება "სახალხო კრების" კავშირი რუსეთსა და პუტინთან, როდესაც მას განცხადებაც არ გაუკეთებია საქართველოში მომხდარ ამბებზე?

- განცხადება რომ გაეკეთებინა, ხომ პირდაპირი ლუსტრაცია იქნებოდა? კრემლში ძალიან ჭკვიანი ხალხია და იციან, რასაც აკეთებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხომ გააკეთა განცხადება.

სხვათა შორის, რუსეთში ძალიან შეწუხებული არიან, რომ საქართველოში პრორუსული ძალები ვერ გაერთიანდნენ.

- "ქართულ პარტიასა" და "სახალხო კრებას" გულისხმობთ?

- არა მარტო მათ. ყველას, ვინც დადის მოსკოვსა და სტრასბურგში რუსი  დეპუტატების მიწვევით და, ფაქტობრივად, რუსულ საქმეს აკეთებენ. რუსეთის ამოცანაა საქართველოში მუდმივი დესტაბილიზაცია იყოს და ამას ხან ერთი ხელით გააკეთებენ,  ხან მეორით. ხან ტერაქტებს მოაწყობენ, ხან დივერსანტებს შემოგზავნიან. მუდმივად ეცდებიან, საქართველოში ქაოსი იყოს, ქვეყანა ვერ განვითარდეს და სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩაებას.

- გასაგებია თქვენი არგუმენტები, მაგრამ არის ცნობები, რომ ციხეებში ხალხს სცემენ, ადამიანები უკვალოდ არიან გამქრალი და ამ ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ ჩვენთან დემოკრატიაა.

-  საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ დემოკრატიული ქვეყანაა. ყველა პირი 48 საათის გასვლის შემდეგ სასამართლოში წარდგება. პირები, რომელთაც ვერ პოულობენ, არ გამოვრიცხავ, იმალებოდნენ. ეს არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანები დაიკარგებიან და მათზე ინფორმაცია არ იქნება.

- ამბობთ, რომ 26 მაისის მოვლენებს გამოიძიებენ, რა ბრალდებებს წაუყენებენ აქციის ორგანიზატორებს?

- მე ბრალმდებელი არა ვარ და ოპერატიულ მასალაზე ხელი არ მიმიწვდება,  ბრალი ამ მასალის საფუძველზე გამოიკვეთება. აქციის მიზანი იყო, ეჩვენებინათ, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ შედგა, რომ აღლუმი ჩაშლილიყო.

- დამეთანხმეთ, საზოგადოებას დიდხანს ემახსოვრება, რა სასტიკად გაუსწორდნენ პოლიცია და სპეცრაზმი.

- ყველას ნუ მივაკერებთ ასეთ იარლიყს. ბევრი სპეცრაზმელი ზომიერად და ადეკვატურად იქცეოდა.

თუ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს არ უყვარს ხელისუფლების რომელიმე წევრი, ამის გამო ჯავრი სახელმწიფოზე არ უნდა იყაროს. საქართველო არ არის ისეთი, როგორიც 90-იანი წლების დასაწყისში იყო, როცა შეეძლოთ სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება და ქვეყნის არევა.

- ანუ ხელისუფლებამ აქციის ასეთი სახით დაშლით ძალა აჩვენა?

- ძალა კი არ აჩვენა, კანონით იმოქმედა. ხელისუფლებას შეეძლო ტელევიზიის წინაც დაეშალა აქცია, როდესაც ქუჩა გადაიკეტა,  როდესაც აქციის მონაწილეებმა ოპერატიულ ღონისძიებას შეუშალეს ხელი, როდესაც გია უჩავას დაკავებისას მანქანას ჯოხები დაუშინეს. მათ, ვინც მაშინ მანქანას ჯოხებს ურტყამდნენ, პასუხი მოეთხოვებათ. მყისიერად რომ არ დააკავეს ის პირები, არ ნიშნავს, რომ აღარ დააკავებენ. ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხს უთუოდ აგებს.