"ირაკლი ღარიბაშვილი ეფარება პატრიარქს, აბა მე და პატრიარქს ერთად ვინ მოგვერევაო - ისევ ცდილობს, რომ ითამაშოს მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებზე და ამით გავიდეს ფონს" - კვირის პალიტრა

"ირაკლი ღარიბაშვილი ეფარება პატრიარქს, აბა მე და პატრიარქს ერთად ვინ მოგვერევაო - ისევ ცდილობს, რომ ითამაშოს მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებზე და ამით გავიდეს ფონს"

ეფარება პატრიარქს - აბა მე და პატრიარქს ერთად ვინ მოგვერევა. ისევ ცდილობს, რომ ითამაშოს მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებზე და ამით გავიდეს ფონს, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური ექსპერტი, გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ხუხაშვილის შეფასებით, პრემიერი ურთიერთწინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებს.

"ამაზე კომენტარის გაკეთება უკვე შეუძლებელია. რასაც ის საუბრობს, ეს არის ლოგიკური აჯაფსანდალი, ლოგიკური აბსურდი. ურთიერთწინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებს. როდესაც აბსურდულად, ალოგიკურად სპეკულირებენ, სახიფათოა სახელმწიფოსთვის. სახიფათო და სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნით მთელი საზოგადოება.

ეს არის შეშინებული ადამიანის ლოგიკა, რომელიც თავდაცვის, გადარჩენის ერთადერთ საშუალებად ძალაუფლების შენარჩუნებას თვლის და ნებისმიერი ამორალური მეთოდით ძალაუფლებას ეპოტინება. ერთის მხრივ ის ამბობს, რომ ცემა-ტყეპა სააკაშვილის მიერ იყო ორგანიზებული, რაც სრული აბსურდია. ძალიან ავადმყოფური ფანტაზია უნდა გქონდეს, რომ ეს ყველაფერი დააკავშირო. მეორეს მხრივ, ამ ჯგუფებს იცავს და მათ ქართველ ხალხად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ქართველ ხალხს ხომ არ დავუპირისპირდებოდით, რითაც ფაქტობრივად აღიარებს, რომ საპოლიციო ძალებს ჰქონდათ მითითება მიცემული, რომ რეაგირება არ ჰქონოდათ ამ ცემა-ტყეპაზე.

მერე საუბრობს, რომ თურმე პოლიტიკური მიზნებით ადამიანის გარდაცვალების გამოყენება ცუდია. ამ დროს თვითონ აძლევს მითითებას შსს-ს, რომ ამორალურად მოხდეს ამ ადამიანის დისკრედიტაცია, რომ თურმე ის პატრულმა დააჯარიმა და წარსული ამოუყარეს. ანუ, ეს არის ძალიან ბინძური აჯაფსანდალი, მიედმოედება და ფაქტობრივად, ის ყველაზე ბნელ გრძნობებზე ცდილობს ითამაშოს.

ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ ის ფსონს ჩამოდის ოქლოკრატიაზე, ანუ ბრბოს ძალაუფლებაზე. ის აპელირებს ბრბოზე. არა ადამიანებზე, არა პიროვნებაზე, არა მოქალაქეზე, არამედ ბრბოზე. ცდილობს, რომ გააღვიძოს ბრბოს ყველაზე ქვედა გრძნობები და ამ ბრბოთი მართოს სახელმწიფო, მეტი არგუმენტი მას არ აქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა.