"თემა, რომ არეულობა მთავრობას უკავშირდება, თითიდანაა გამოწოვილი" - კვირის პალიტრა

"თემა, რომ არეულობა მთავრობას უკავშირდება, თითიდანაა გამოწოვილი"

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საკითხი, რომ 5-6 ივლისის მოვლენები მთავრობას უკავშირდება, "თითიდანაა გამოწოვილი".

ვოლსკი განვითარებულ მოვლენებს დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს და მას "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს.

"დაუფიქრდით, ვის აწყობდა ის, რაც მოხდა? ვინ ძაბავდა საზოგადოების წარმომადაგენლებს შორის ურთიერთობას. ვის და რაზე აფრთხილებდა პრემიერ-მინისტრი თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი და რა მოხდა სინამდვილეში. ჟურნალისტებზე თავდასხმა არის თუ არა ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება საერთაშორისო ყურადღება მიიქციოს. ევროკავშირის დროშის დახევა მაშინ, როდესაც ევროკავშირში ჩვენი პოზიციები ყოველდღიურად ძლიერდება, დაპირისპირება და ასეთი ძლიერი ცემა ადამიანებისა, თანაც ეკლესიის სახელით, ვის აწყობს. იმათ ხომ არა, ვისაც სწორედ ეკლესიის წინააღმდეგ აქვს დაგეგმილი არაერთი ღონისძიება და არაერთი აქვს განხორციელებული? თემა, რომ ის არეულობა რამენაირად მთავრობას უკავშირდება, თითიდანაა გამოწოვილი და რასაკვირველია, წარმოადგენს დესტაბილიზაციის ამოცანის შესრულების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას, რაც არასდროს დაუმალავს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს.

სიტყვა დესტაბილიზაცია და პოლიტიკური ძალა, საზოგადოებამ იცის, რომ "ნაციონალური მოძრაობაა". მასთანაა დაკავშირებული ყველაფერი, რაც უკავშირდება დესტაბილიზაციის პროცესებს. როგორი უნისონია დესტაბილიზაციის მსურველთა და საოკუპაციო ძალების მოქმედებაში - დამატებითი სასაზღვრო მავთულხლართების გავლენა და შემდეგ ამის შემობრუნება ქვეყნის ხელისუფლების საწინააღმდეოდ, თითქოს იგი არ ატარებს სათანადო ზომებს, რათა ოკუპანტმა ვერ განახორციელოს თავისი ბოროტი ზრახვები", - განაცხადა ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"