"მივმართავ ოპოზიციას, უნდა გავაგრძელოთ პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება, ვიდრე არ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ პარლამენტში მთავრობის გადაყენების პროცესი უნდა დავიწყოთ" - კვირის პალიტრა

"მივმართავ ოპოზიციას, უნდა გავაგრძელოთ პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება, ვიდრე არ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ პარლამენტში მთავრობის გადაყენების პროცესი უნდა დავიწყოთ"

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი ოპოზიციას მიმართავს, გააგრძელონ პარლამენტის სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილის პიკეტირება მანამ, სანამ მმართველი გუნდი თანახმა არ იქნება, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი დაიწყონ. გადა ამისა, სამადაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან 18:00 საათზე შეიკრიბონ.

"მოვუწოდო თანამოქალაქეებს საღამოს 6 საათზე შეიკრიბონ პარლამენტთან. ასევე მივმართავ ოპოზიციას, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება, სანამ არ მივაღწევთ შეთანხმებას იმაზე, რომ პარლამენტში მთავრობის გადაყენების პროცესი უნდა დავიწყოთ.

პირველი ეტაპი არის დებატები, შემდეგ დავიწყებთ პროცესს ხელისუფლების გადაყენების.

მივმართავ ასევე საერთაშორისო საზოგადოებას - ქვეყანა შევიდა უმძიმეს კრიზისში და მათი სერიოზული გზავნილების გარეშე ეჭვი მეპარება, შევძლოთ კრიზისიდან გამოსვლა. პრემიერის გადადგომის გარდა ამ პრობლების გადაჭრის გზა არ არსებობს",- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეჭრილმა ოპოზიციამ სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა. მათ თავმჯდომარის ტრიბუნიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.