"ბელა ჩაო" სამმართველოს ეზოში სპეცრაზმელების შესრულებით - კვირის პალიტრა

"ბელა ჩაო" სამმართველოს ეზოში სპეცრაზმელების შესრულებით

მაშინ, როცა პრეზიდენტი აღლუმს იბარებდა, ქართველები დაკარგულებს ეძებდნენ. 26 მაისს ქალაქის პოლიციის სამმართველოში დილიდანვე ავტობუსებით, სამარშრუტო ტაქსებითა თუ საპატრულო მანქანებით მიჰყავდათ და მიჰყავდათ თავპირდასისხლიანებული ხალხი.

იზოლატორის შესასვლელთან დაკავებულთა გრძელი რიგი იდგა. "ბრძოლის ველიდან" დაბრუნებულ სპეცრაზმელებს კი სამმართველოს გვერდით სახელდახელოდ მოწყობილ პლაცდარმზე გაეშალათ აღჭურვილობა და მზეზე წამოწოლილები "ბელა ჩაოს" ღიღინებდნენ. სამმართველოსთან შეკრებილი მოქალაქეების თვალწინ სპეცრაზმელები დამცინავი მზერით მიაცილებდნენ პროტესტანტებს, რომელთაც აშკარად ეტყობოდათ, რომ ფეხზე ძლივს იდგნენ.

მარინა ბალიაშვილი, ფსიქოლოგი: "მაინცდამაინც "ბელა ჩაოს" ღიღინი შემთხვევითი არ არის. ეს არის გამარჯვების დემონსტრირება იმ ხალხზე, რომელიც "ბელა ჩაოს" მანამდე მიტინგზე მღეროდა. ასეთი დამოკიდებულება ხალხის მიმართ მათ საწვრთნელ პროგრამაში შედის და დეჰუმანიზებული დამოკიდებულება ჰქვია.

სპეცრაზმელთა საწვრთნელი მეთოდები ძალიან ხისტია და ვინც ამ საკეპ მანქანაში მოხვდება, ყველა თითქმის ერთნაირი გამოდის. ამ მეთოდების შედეგი პირველად ლიტერატურაში მას შემდეგ აღიწერა, რაც კორეის ომში დატყვევებული ამერიკელი ჯარისკაცები სამშობლოში კომუნისტებად დაბრუნდნენ. ფსიქოლოგები კარგა ხანს სწავლობდნენ, რა დაემართათ ამ ბიჭებს და დაადგინეს, რომ არსებობს სპეცმეთოდები, რომლებიც ასეთი მიზნების მისაღწევად გამოიყენება. კორეულ მეთოდებს შესაძლოა ჩვენში არ იყენებენ, მაგრამ სისტემა ერთნაირია.

როცა ადამიანი სპეცრაზმის წევრი ხდება, მას ართმევენ ყველა უფლებას, ანუ თრგუნავენ როგორც ინდივიდს, ამყოფებენ იზოლაციაში, აწერინებენ საკუთარი შეხედულებების საპირისპირო ტექსტებს და მას შემდეგ, რაც ნახავენ, რომ ეს პირი სრულიად დამორჩილებულია, რაღაცით წაახალისებენ.

ეს ახალგაზრდა ბიჭები არც ცოდნით და ცხოვრებისეული გამოცდილებით არიან დახუნძლულები, რომ ფსიქოლოგიურ დამუშავებას გაუძლონ და ადამიანური თვისებები შეინარჩუნონ. იციან, რომ უნდა იყვნენ დაუნდობელნი მტერთან, მტერს კი ხელისუფლება უდგენს. ამ წუთში მას უბრძანეს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამომსვლელი ხალხი მტერია და სულერთია, "მტერი" ქართველია თუ გადამთიელი...