"ან პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი" - კვირის პალიტრა

"ან პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი"

ან ამ პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს ეს პარლამენტი - ვითარება უნდა იყოს მკაფიო ქვეყნის შიგნით ყველა მოქალაქისთვის და ქვეყნის გარეთ საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი ყველა პარტნიორისთვის , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა.

ბოკერიას თქმით, ერთადერთი ფუნქცია, რაც შეიძლება პარლამენტმა შეასრულოს, ეს ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენებაა

"დღევანდელმა გამოსვლამ დაადასტურა ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი,ეს ბნელეთის მოციქულები და ამ რეჟიმის პოლიტიკურად ყველაზე ნაძირლური ფრთა და წარმომადგენელი ღარიბაშვილი ომის მდგომარეობაშია არამხოლოდ თავისუფალ მედიასთან, რაც ცალკე აღებულიც კი, კატასტროფაა ქვეყნისთვის, არამხოლოდ საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილთან ან ოპოზიციასთან, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალთან.

ეს არის ბრძოლა ფასეულობებისთვის, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩვენი თავისუფლებისთვის. ამ ვითარებაში, ყველამ კარგად იცით, რომ "ევროპული საქართველოს" პოზიცია ამ პარლამენტთან დაკავშირებით თავიდანვე იყო მკაფიო, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმურად არ გამოხატავს ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ნებას, მაგრამ მინდა დავივიწყოთ ის დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა 2020 წლის არჩევნების კრიზისის შემდეგ,იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მომხდარიყო ამ კრიზისის განმუხტვა პარლამენტში შესვლით,შეთანხმების მიღწევით ან არმიღწევით - ეს გადავდოთ გვერდზე. ახლა, ამ ვითარებაში, ამ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა, მისმა დამქაშმა სასულიერო პირებმა და პრო-პუტინისტურმა ძალებმა მოაწყვეს, ამ ტრაგედიის შემდეგ რაც მოხდა გუშინ, ჟურნალისტის გარდაცვალება, ასევე, ამ საზიზღრობის შემდეგ რაც მოაწყო გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროპაგანდის თვალსაზრისით ივანიშვილის რეჟიმმა, ერთადერთი ფუნქცია, რაც შეიძლება ამ პარლამენტმა შეასრულოს არის ღარიბაშვილის გადაყენება. თუ ეს არ ხდება და თუ ამის წინაპირობებს ვერ ვხედავთ და ჯერჯერობით, ვერანაირს ვხედავთ, მაშინ ამ პარლამენტში ნამდვილად არ არის დემოკრატიული ოპოზიციის ადგილი. ამიტომ,მინდა მოვუწოდო ჩვენს პარტნიორებს, რომლებთანაც ადრეც გვქონია უთანხმოება,მაგრამ ეს ახლა, უნდა დავივიწყოთ - ახლა, ერთადერთი რამ, რაც ამ შენობაში შეიძლება მოხდეს არის ღარიბაშვილის გადაყენება, მიუხედავად იმისა, რომ ამ უბედურების ძირი არის ივანიშვილსა და მის გარემოცვაში, მინიმუმ ეს მაინც უნდა მოხდეს, ახლა ამ პარლამენტში. თუ ეს არ ხდება, მაშინ ამ ვითარების შედარებით ნორმალიზაციის,რომ პარლამენტი ფუნქციონირებს, ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს არცერთმა ძალამ, რომლისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ძვირფასი და ეს უნდა გაირკვეს ძალიან სწრაფად", - აცხადებს ბოკერია.