"26 მაისს ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ზეიმი" - კვირის პალიტრა

"26 მაისს ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ზეიმი"

"რადიკალური ოპოზიციაც დაინტერესებული იყო მომხდარიყო ის, რაც მოხდა"

"ხელისუფლებამ არა მხოლოდ ძალას გადაამეტა, არამედ სასწორზე შეაგდო მანიფესტანტების სიცოცხლე"

"სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღემ ჩვენს ქვეყანაში ქართველებს შორის დაპირისპირებითა და ერთმანეთის სიძულვილით შემოაბიჯა", - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ 26 მაისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას:

- ბევრს არც კი გაახსენდა, რომ 26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეც არის. იმ დღეს მთაწმინდაზე მერაბ კოსტავას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადავიხადეთ. ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ქართველ ხალხთან ერთად არაძალადობრივი ბრძოლით  უზარმაზარი იმპერიის ნგრევას ჩაუყარეს საფუძველი, მაგრამ ჩანს ისტორიული მოვლენებისგან გაკვეთილი არ გამოგვიტანია.

საქართველოს დამოუკიდებლობისა და მერაბ კოსტავას დაბადების დღეს ისეთი რამ ჩავიდინეთ, რაც ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას.

იმ ღამეს   რუსთაველის პროსპექტზე ერთმანეთს ებრძოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის დეფიციტის მქონე ორი პოლიტიკური სუბიექტი: ერთი მხრივ, ხელისუფლება, მეორე მხრივ კი აქციის ორგანიზატორები. მე მინდა ერთმანეთისგან გავყო ჩვენი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები, აქციაზე მისული ხალხი და აქციის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებდნენ მანიფესტაციებზე, თუმც რა გეგმით მოქმედებდნენ,  ბოლო წუთამდე ვერავინ გაიგო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ სხვა გეგმა არც ყოფილა, გარდა იმისა, რომ ხელისუფლება დარბევაზე წამოეყვანათ.

ამის მერე რა პოლიტიკური სარგებელი და უპირატესობა მოიპოვეს, სრულიად გაუგებარია. რისთვის იყო საჭირო აქციაზე შეკრებილი ადამიანებისა და საზოგადო მოღვაწეების თავგანწირვა, რომელთაც ბოლო წუთამდე ჰქონდათ იმედი, რომ მათ პიროვნულ თავგანწირვას ზურგს უმაგრებდა კარგად ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლას შესაძლებელს გახდიდა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი სააკაშვილის გადადგომასა და ხელისუფლების შეცვლაზე კი არა, იმაზე ლაპარაკობდნენ, სააკაშვილისთვის არ მიეცათ აღლუმის ჩატარების უფლება.

თუ ეს იყო მათი მიზანი, ის მიღწეულია და სააკაშვილმა "სუხიშვილები" ვერ აცეკვა აღლუმზე. ამის არც განწყობა იყო ქვეყანაში და მიუღებელიც იქნებოდა, ტაშ-ფანდური გამართულიყო იმ ადგილას, სადაც რამდენიმე საათის წინ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა დატრიალებულმა მოვლენებმა. თუ მართლა აღლუმის ჩაშლა იყო აქციის ორგანიზატორების მიზანი, ეს არის დიდი უზნეობა, მიუღებელი პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისითაც.

26 მაისს ჩვენ ვნახეთ ირაციონალიზმისა და პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ზეიმი,  რომელიც დაგვირგვინდა ხელისუფლებისაგან იმ განცდის არარსებობით, რაც უნდა ჰქონდეს სუვერენული ქვეყნის ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დროს.

ღირებული ის კი არ არის, აღლუმი გამართო და სახელმწიფო სიმბოლიკის ფონზე წაიკითხო მიმართვა, მთავარია განწყობა, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს უნდა სუფევდეს მთელ ქვეყანაში და ქმნიდეს ეროვნული სიამაყისა და პასუხისმგებლობის განცდას.  ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსის ამოცანა და არა ის, ვის ჯიბრზე ჩაატარებ აღლუმს ან კიდევ ის, რომ ასევე ვიღაცის ჯიბრზე სასწორზე დადო ადამიანების სიცოცხლე იმისთვის, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა მშვიდად ვერ ჩაიბაროს აღლუმი.

- თუ თავიდანვე ჩანდა, რომ პროცესი ხალხის დარბევამდე მიდიოდა, რატომ არ ამხილეთ ბურჯანაძე? თითქოს ლიდერები ელოდნენ შედეგს, რომ მერე გაეკეთებინათ მწვავე შეფასება.

- ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაარსების დღიდან ვებრძვით ირაციონალიზმს საქართველოს პოლიტიკაში, რადგან ის საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას კიდევ უფრო გვაშორებს, გვაშორებს ამოცანას, რომ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლით მივაღწიოთ ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესებას. ამ აქციის ორგანიზატორებიც არაერთხელ გავაკრიტიკეთ, ვცდილობდით, დაგვენახებინა ადამიანებისათვის, რა საფრთხეც ელოდათ, მაგრამ პროცესების  რადიკალიზაციის დროს ასეთ მოწოდებებს იშვიათად შეისმენენ.

შორს ვარ შეთქმულების თეორიისაგან და არ ვაპირებ, რომ ხელისუფლებასთან ბურჯანაძისა და "ქართული პარტიის" რომელიმე ირაციონალური რადიკალური ფრთის წარმომადგენელთა შეთანხმებაზე ვილაპარაკო, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებისა და მათი ტაქტიკური ამოცანები აბსოლუტურად ემთხვეოდა ერთმანეთს.

სტრატეგიულად მათ  სრულიად განსხვავებული მიზნები და ამოცანები აქვთ. სააკაშვილს თავის გუნდთან ერთად ძალაუფლების შენარჩუნება სურს და დამატებით პოლიტიკურ ფაქტორებს ეძებს, რაც უზრუნველყოფს მისი ამოცანის შესრულებას. მეორე მხრივ, ქართული ოპოზიციის ირაციონალური რადიკალური ფრთა ცდილობს ხელისუფლება გამოიწვიოს ისეთი ტიპის ქმედებებზე, რაც საზოგადოების პოლარიზაციას გამოიწვევს და რადიკალურ განწყობებს მეტად გაზრდის, გააძლიერებს მათ გავლენას ოპოზიციურ ფლანგზე. შედეგად, მივიღეთ სურათი, როდესაც ხელისუფლებაც და რადიკალური ოპოზიციაც დაინტერესებული იყო მომხდარიყო ის, რაც მოხდა.

- როგორც ამბობენ, მომიტინგეების ძალისმიერ დაშლას დასავლეთმა მისცა მწვანე შუქი.

- არც ბასს, არც ევროკავშირის ელჩს და არც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (როდესაც თქვა, რომ აქციის ლეგიტიმურობა 25 მაისს, 12 საათზე მთავრდებოდა) მწვანე შუქი არ აუნთიათ დარბევისთვის. პოლიციას ძალისთვის რომ არ უნდა გადაემეტებინა, ნათლად  ამბობს ყველა. ის, რაც 26 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა, არ არის არც კანონის მოთხოვნა და არც საერთაშორისო სტანდარტებს ეთანხმება. აშშ-ის  ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ მოხდა ძალაუფლების გადამეტება, არაადეკვატურად და არაპროპორციულად ძალის გამოყენება.

ეს იყო ხელისუფლების ძალის დემონსტრირება. აღფრთოვანებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც კოკისპირულ წვიმაში იდგნენ და მებრალება ის ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ უპასუხისმგებლო პოლიტიკანების გამო. ხელისუფლებამ არა მხოლოდ ძალას გადაამეტა, არამედ უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც სასწორზე შეაგდო მანიფესტანტების სიცოცხლე. წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ პარლამენტის წინ, ფაქტობრივად, აღარავინ დარჩა. აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, ჩხუბი მორევაზეა, ხელისუფლება საკადრის პასუხს  მიიღებსო. ხელისუფლებამ არათუ საკადრისი პასუხი ვერ მიიღო, არამედ ადამიანები, რომელთაც ეგონათ, ვინმე დაიცავდა, გამძვინვარებული სპეცრაზმის პირისპირ აღმოჩნდნენ.

მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ამბობენ, სადაც კანონი მთავრდება, იქ ქაოსი იწყებაო, მაგრამ არც ერთ ქართულ კანონში არ წერია, რომ სპეცრაზმელმა გაქცეულ მანიფესტანტს უნდა სდიოს და უხეში შეურაცხყოფა მიაყენოს. აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტებთან გამოვლენილ უხეშობაზე, თუმც ეს ძალადობა არ შეედრება 7 ნოემბერს მომხდარს. ჩვენ მივმართეთ მთავარ პროკურატურას, რომ დაიწყონ იმ პირთა ქმედებების გამოძიება, რომელთაც გადააჭარბეს უფლებამოსილებას და ჟურნალისტებს ხელი შეუშალეს კონსტიტუციურად გარანტირებული მოვალეობის შესრულებაში.

- 26 მაისს მომხდარი ხელისუფლებამ რუსეთს მიაბა. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსეთი ამ პროცესებში ჩარევისაგან თავს შეიკავებდა, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბევრი კრემლში ხელებს იფშვნეტდა, ოღონდ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები გაჩენილიყო.

საქართველოს მოქმედი პოლიტიკური ხელმძღვანელების შესაცვლელად რუსეთი აქტიურ ქმედებებს არ მიმართავს, მაგრამ ხელს შეუწყობს იმ პროცესებს, რაც ავნებს ქვეყანას და საქართველოს არშემდგარ ავტორიტარულ სახელმწიფოდ წარმოაჩენს.

26 მაისს ბევრი ცუდი რამ მოხდა. ქვეყანაში რაც ხდება, ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ რადიკალური გზით შეიძლებოდა ქვეყანაში ცვლილებები. რაც მივიღეთ ამ აქციებით, არის ის, რომ ვისაც უჭირდა ცივი გონებით განესაზღვრა, სად არის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი და ეჭვით უყურებდა "რვიანის" განცხადებებს, ახლა დაინახა, რომ სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია.