"შესაძლებელია, სპეცრაზმელები ცდილობდნენ დაცვის წევრების მანქანიდან ჩამოგდებას" - კვირის პალიტრა

"შესაძლებელია, სპეცრაზმელები ცდილობდნენ დაცვის წევრების მანქანიდან ჩამოგდებას"

"ერთი მანქანის მძღოლი კი არა, მთელი კორტეჟი დასაჭერია"

რუსთაველის პროსპექტზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლა სამართალდამცველებმა 26 მაისის, 00:15 საათზე დაიწყეს. გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. სამწუხაროდ, ამჯერად უმსხვერპლოდ ვერ გადავრჩით. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ოთხი კაცი: ერთი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ვლადიმერ მანსურაშვილია, მეორე კი "ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტი, 54 წლის ნოდარ ცხადაძე.

27 მაისს თავისუფლების მოედნის" ტერიტორიაზე კიდევ ორი მამაკაცის გვამი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ცხედრები "თავისუფლების მოედნის" მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილები ელექტროსადენებს შეეხნენ. ერთ-ერთი გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძეა, რომელსაც ოჯახი 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ ეძებდა, მეორე კი სულიკო ასათიანი.

ოფიციალური ინფორმაციით, ნოდარ ცხადაძე და ვლადიმერ მანსურაშვილი დარბევის ადგილის დიდი სისწრაფით დატოვებისას ნინო ბურჯანაძის კორტეჟს ემსხვერპლა.

54 წლის ნოდარ ცხადაძე სოფელ სვირიდან არის. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, 84 წლის დედა. ნოდარ ცხადაძე ლეიბორისტ სოსო შატბერაშვილის ნათესავია და ლეიბორისტულ პარტიაშიც მან გააწევრა. ჩვენ ვცადეთ გავსაუბრებოდით ცხადაძის ახლობლებს, რომლებიც ასათიანის ქუჩაზე მდებარე პროზექტურასთან იყვნენ თავმოყრილნი, მაგრამ უარი მივიღეთ. სამძიმარზე მისულ ლეიბორისტებსაც საკმაოდ აგრესიულად შეხვდნენ - "დაგვანებეთ ყველამ თავი, ჩვენ თვითონ მივხედავთ ჩვენს მიცვალებულსო".

სოსო შატბერაშვილი: "დაღუპულს სასიკვდილო დაზიანება მარცხენა გვერდში აქვს მიყენებული. ექსპერტის თქმით, დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით, რომელიც შეიძლება იყოს მანქანა ან დარბევის იარაღი. ექსპერტი ამბობს, რომ ცხადაძე ტროტუარზე დაგდებული იპოვეს. ბურჯანაძის ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ წინასწარ რომ გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება, ნოდარ ცხადაძე ბურჯანაძის ესკორტს ემსხვერპლაო, საინტერესოა, საიდან მოიტანა? გამოძიება ჩაატარეს და დაადგინეს რამე? იქნებ სპეცრაზმელის ბლაგვმა იარაღმა იმსხვერპლა? ახლა სხვებისთვის ხელის შეწმენდა უნდათ იმ დანაშაულში, რაც თავად დაატრიალეს. ეს უნდა შერჩეთ?"

მეორე დაღუპული, 32 წლის ვლადიმერ მანსურაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ისნის რაიონის თანამშრომელი იყო. მას სპეციალური სასწავლო კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდა გავლილი. ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ჩვენ მოვახერხეთ ვლადიმერ მანსურაშვილის სიძესთან, ნიკოლოზ ჭიჭინაძესთან გასაუბრება: "ვიდეოკადრები, რომელიც ვნახეთ, ცოტა არ იყოს, უცნაურად გვეჩვენება.  ბევრი რამ არის გაუგებარი.

როგორც ჩანს, დარტყმა იმ ადგილას არ მომხდარა. ეტყობა, კარგა ხანს ათრიეს, სულ დალეწილია. სხეულის არც ერთი ორგანო მთელი არა აქვს, წელქვემოთ ხომ სულ მოწყვეტილია. ტრაგედია დატრიალდა ჩვენს თავს, მაგრამ მგონი ეს მხოლოდ ჩვენი ოჯახის ტრაგედია არ არის. რას უნდა ვითხოვდეთ? დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას, მეტს არაფერს...

მანქანის ერთი მძღოლი კი არა, მთელი კორტეჟი დასაჭერია. თუ არ დასჯიან, ჩვენ ვიპოვით და გავუსწორდებით. ჩემი ცოლისძმა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ჩემი და დათოს (ვლადიმერ მანსურაშვილს შინაურები დათოს ეძახდნენ) შვილი უნდა წამეყვანა და გვეზეიმა. რატომ უნდა დამხვედროდა 26 მაისს  რუსთაველზე ნინო ბურჯანაძე? ახლა ვინ უპატრონებს დათოს ცოლ-შვილს? სისხლი უნდოდა ნინო ბურჯანაძეს? ხომ მიიღო? ეს იყო ამათი მიზანი და მიაღწიეს კიდეც".

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოფირი, რომელიც ასახულია ვლადიმერ მანსურაშვილის დაღუპვის დეტალები, ჩვენ კომპეტენტურ ექსპერტს გავაცანით. მართალია, ის ვინაობის გამხელაზე არ დაგვთანხმდა, მაგრამ სპეციალური ტექნიკის  გამოყენებით  ყველა კადრის დეტალური ანალიზი მოგვაწოდა:

- "ტვ 25"-ის ვიდეოფირზე ჩანს, რომ პირველი პიკაპი მიდის. მის უკან მიმავალი მანქანის გვერდზე ჩამოკიდებულია ადამიანი, სავარაუდოდ, კორტეჟის დაცვის წევრი. პარალელურ რეჟიმში ჩანს, რომ სპეცრაზმელი ცდილობს, პირველ მანქანას მინა ჩაუმსხვრიოს. ამ დროს პიკაპის შემდეგ მიმავალ მეორე მანქანას მივარდება პირი, რომლიც ცდილობს კორტეჟის დაცვის წევრი ჩამოაგდოს მანქანიდან. შემდეგ მომავალ მანქანაზე, უკანა მხრიდან, ორი პირია ჩამოკიდებული, ასევე კორტეჟის დაცვის წევრები, რომლებსაც, ამ კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სპეცრაზმელები ესვრიან. ამ სამ მანქანას უკან კიდევ სამი მანქანა მოსდევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოფირი, სადაც ადამიანი ესკორტის სულ ბოლო მანქანის ბორბლებიდან გამოვარდა, ძალიან უცნაურია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ პერიმეტრზე არავინ დგას, მაშინ ისმის კითხვა, საიდან აღმოჩნდა მანქანის ბორბლებში ადამიანი?

- შეიძლებოდა თუ არა ადამიანს ესკორტის მანქანა დასჯახებოდა ეროვნულ მუზეუმთან და ამ მანძილამდე გამოეთრია?

- ნაკლებად სავარაუდოა ეს ვარიანტი. საქმე ის არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოფირზე ერთი ძალიან საინტერესო ადგილი "გალესილია", მაგრამ დამუშავების შემდეგ აშკარად ჩანს მოძრაობები, რაც მიუთითებს, რომ ამ ადგილას კადრი წაშლილია. სინამდვილეში ამ პერიმეტრზე დგას სამი ყვითელი ავტობუსი და ოთხი შავი მანქანა. ასევე დგას ხალხი, თანაც ძალიან ახლოს მოსახვევ ზოლთან. ჩანს, რომ პირველად პიკაპი ჩაივლის, უკან ავტომანქანა მიჰყვება, მასზე ისევ არის გვერდიდან ჩამოკიდებული ის კაცი, რომელიც ჩანს "ტვ-25"-ის ფირზე. მესამე მანქანაზე, ასევე უკანა მხრიდან, ისევ დგას ორი კაცი, ანუ ჩამოკიდებულთაგან ქვემოთ არც ერთი არ გადმოვარდნილა. ისინი სავარაუდოდ, კორტეჟის დაცვის წევრები იყვნენ და არა სპეცრაზმელები.

მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ იმ ვიდეოფირზე, სადაც ჩანს, როგორ გამოვარდა ავტომანქანის უკანა ბორბლებიდან კაცი, პერიმეტრზე ადამიანები წაშლილები არიან, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სხვა ფირზე აშკარად ჩანს, რომ სწორედ მაშინ, როდესაც კორტეჟი იწყებს მოძრაობას და გამოჩნდება პირველი პიკაპი, იქ, სადაც  სამი ყვითელი ავტობუსი და ოთხი შავი ავტომობილია ჩამწკრივებული, ადამიანები ჯგუფურად დგანან.

მაგრამ ამ ფონზე აღარ ჩანს, რა ხდება შემდეგ... მანქანის ბორბლებში სავარაუდოდ ჩავარდა სწორედ აქ მდგომთაგან ერთ-ერთი. პირველ ფირზე რატომღაც სწორედ ამ ადამიანების დაჯგუფებაა წაშლილი. არადა, ეს ხალხი მოსახვევი ზოლიდან ორ-სამ მეტრში აშკარად დგას. რადგან კადრი წაშლილია, მხოლოდ ორ ვერსიაზე შეიძლება ლაპარაკი:

ან მანქანის სარკე მართლაც გამოედო იქვე ახლოს მდგარ პოლიციის თანამშრომელს, წონასწორობა დააკარგვინა და მომდევნო ავტომანქანას ჩაუვარდა ბორბლებში, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიაც. იმის გათვალისწინებით, რომ სპეცრაზმელები ცდილობდნენ დაცვის წევრების მანქანებიდან ჩამოგდებას, შესაძლებელია აქაც იმავე მცდელობას ჰქონდა ადგილი. შესაძლებელია სცადეს მესამე ავტომობილზე უკანა მხრიდან დაკიდებული კორტეჟის ორი დაცვის წევრის ავტომანქანიდან ჩამოგდება. სწორედ ამ მომენტში შეიძლებოდა წამოსდებოდა პოლიციელს მომდევნო ანუ მეოთხე მანქანის სარკე, დაეკარგა წონასწორობა და ბორბლებში ჩავარდნოდა უკან მომავალ ავტომობილს, რომელმაც გადაუარა. მასვე გადაუარა ასევე უკანასკნელმა მეექვსე ავტომანქანამაც, რაც უკვე კადრში კარგად ჩანს.

ის, რომ პირველ ვიდეოფირზე რატომღაც გადღაბნილია სწორედ ის ადგილი, სადაც სხვა კადრებში ადამიანები დგანან ხაზთან ახლოს, ბუნებრივია, კითხვებს ბადებს. ფირზე სხვა მონაკვეთებში ყველაფერი მკაფიოდ არის დაფიქსირებული და რატომღაც წაშლილია სწორედ იმ პირთა გამოსახულებები, რომელთაგან ერთ-ერთი კორტეჟის ბორბლებქვეშ ჩავარდა. მოსახდენი მოხდა სწორედ ამ წაშლილი კადრების მიღმა.

მოგვიანებით "რუსთავი 2"-მა გაავრცელა კიდევ ერთი კადრი, სადაც ჩანს, როგორ აიწია და დაიწია კორტეჟის ავტომანქანა. სავარაუდოდ, ერთ-ერთმა ავტომანქანამ ადამიანს გადაუარა. ჩვენ დავუკავშირდით ექსპერტ გენო კოზმანაშვილს:

"ამ სიტუაციაში ძალზე რთულია რაიმეს თქმა და ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. გამომდინარე იქიდან, რომ ქაოსური სიტუაციაა, ვინ გარბის, ვინ ვის მისდევს, კაცმა არ იცის, მტყუან-მართლის გარჩევა ძალიან გაჭირდება. დასადგენია, რატომ გარბოდა კორტეჟი, დასადგენია, ხალხის მასაში შევარდა, თუ სპეცრაზმმა მისი შეჩერება და დაცვის წევრების ჩამოხსნა მოინდომა. ეს იყო ფაქტობრივად საომარი სიტუაცია და იქ ვინ რა მოიმოქმედა, ერთი შეხედვით ძალზე რთული დასადგენია. ამას კომპეტენტური გამოძიება სჭირდება".

(კადრები იხ. www.palitratv.ge-ზე)