დაღუპულთა რაოდენობა იზრდება - კვირის პალიტრა

დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

საზარელია, მაგრამ ფაქტია - 27 მაისს, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე", ერთ-ერთი მაღაზიის თავზე, სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის ცხედრები იპოვეს.

სულიკო ასათიანი ვანის რაიონიდან არის. ნიკა კვინტრაძე კი თბილისელია. კვინტრაძის გამწარებულ ოჯახს არც ჟურნალისტების დანახვა სურს და არც არავის. თუმცა მეზობლები აცხადებენ, რომ ნიკა კვინტრაძეს ოჯახი 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ეძებდა.

შსს-ს ვერსიით, სავარაუდოდ, სახურავზე ასულ ასათიანსა და კვინტრაძეს დენმა დაარტყა. თუმცა პოლიცია არ აკონკრეტებს, რატომ აღმოჩნდნენ ეს პირები სახურავზე...

ყველასთვის ცნობილია, რომ შსს-მ სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ბევრი ვიდეოკადრი გაავრცელა იმის დასამტკიცებლად, 26 მაისის აქციის დარბევიდან რამდენიმე წუთში, ნინო ბურჯანაძის ესკორტმა როგორ გაიტანა ვლადიმერ მანსურაშვილი და ნოდარ ცხადაძე. თუმცა სახურავებზე ესკორტები არ დადიან და შესაბამისად, ასათიანისა და კვინტრაძის დაღუპვაში ოპოზიციური ხელი გამოირიცხა. შსს-ს ვერსიის, რომლის მიხედვითაც დაღუპულებს დენმა დაარტყა, გადამოწმება ვერ ხერხდება... როგორც ჩანს, 26 მაისის აქციის დარბევამ მიზანს მიაღწია და ძალიან ბევრი დააშინა. მაგალითად, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებმა პირში წყალი ჩაიგუბეს და არაფერს ამბობენ ასათიანისა და კვინტრაძის ცხედრების ექსპერტიზის შესახებ.

კარგი, დავუჯეროთ შსს-ს ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ეს ორი ადამიანი დენით არის დაღუპული. მივიღებთ ნათელ, მაგრამ ტრაგიკულ სურათს - სავარაუდოდ, ეს ორი პირი სპეცრაზმს გაურბოდა და თავის გადასარჩენად სახურავზე აძვრა. 26 მაისს წვიმდა, წყალი, მოგეხსენებათ, დენის კარგი გამტარია. სახურავზე უამრავი სადენია, საზარელ სურათს აღარ გავაგრძელებთ...

შსს რთულ დღეშია - კერძოდ, თუ ოფიციალურად დაადასტურეს (არაოფიციალურად ისედაც ნათელია), რომ დაღუპულები აქციის მონაწილეები იყვნენ, მაშინ ირიბად მოუწევს იმის აღიარება, რომ 26 მაისს აქციის დაშლა კი არა, სადამსჯელო ოპერაცია განხორციელდა. კერძოდ, აქციის დაშლისას, როდესაც სპეცრაზმი ხალხს კორიდორს უკეთებს, ადამიანები სახურავებზე არ იმალებიან და კინოთეატრების შენობებს თავს არ აფარებენ. ასე იქცევიან მაშინ, როდესაც ალყაში, ანუ ისეთ მდგომარეობაში არიან, როცა გამოსავალი არ არის. ერთი ინფორმაციით, ერთ-ერთ დაღუპულს თავი აქვს გატეხილი. დენის დარტყმა კი, როგორც ცნობილია, ასეთ ტრავმებს არ იწვევს.

ამ ამბავში ყველაზე საზარელი ის არის, რომ როდესაც 26 მაისს, რუსთაველზე აღლუმი მიმდინარეობდა და ბუშტებს უშვებდნენ, იქვე, რამდენიმე მეტრში ორი უპატრონო ცხედარი ესვენა. აღლუმი სააკაშვილმა ჩაიბარა. შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და სნაიპერები თითოეულ კუთხე-კუნჭულს აკონტროლებდნენ. პრეზიდენტის დაცვას პატარა ბეღურაც არ გამოეპარება და ორი ცხედარი როგორ ვერ შეამჩნიეს?! აქედან გამომდინარე, არსებობს ვერსია, რომ ცხედრები 27 მაისამდე ან "არ შეიმჩნიეს", ან უკვე გარდაცვლილთა გვამები მიიტანეს და სახურავზე დაყარეს...