ტრაქტორისტმა არ დაამუხრუჭა - კვირის პალიტრა

ტრაქტორისტმა არ დაამუხრუჭა

ორი კვირის წინ, როდესაც სააკაშვილმა განაცხადა: მიკვირს, ტრაქტორისტი რატომ ამუხრუჭებს, როდესაც წინ ვინმე უწვება, თუკი უწვება, გადაუაროსო, დავწერე:

"თუ მას შეუძლია, საპატიო სტუმრებით გაძეძგილ შეხვედრაზე, კამერების თანდასწრებით ასეთი რამ თქვას, წარმოიდგინეთ, როგორ საუბრობს დახურულ შეხვედრებზე თავის ოპონენტებზე, მაგალითად, როდესაც ვანო მერაბიშვილთან ან სხვა რომელიმე თანაგუნდელთან თათბირობს.

ან როგორი ბრძანებების გაცემა შეუძლია, საქმე საქმეზე თუ მიდგება." საქმე საქმეზე 26 მაისის ღამეს მიდგა და ბრძანებამაც არ დააყოვნა. თუ აქციის დაშლის ხასიათს გავითვალისწინებთ, ნათლად შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, როგორი ბრძანება გასცა მთავარსარდალმა. ვინც აქციის დაშლის პროცესი ნახა, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს იყო არა დაშლა, არამედ ანგარიშსწორება. თვითმხილველები ამბობენ, რომ მიწაზე დაყრილ და ხელფეხშეკრულ მომიტინგეებსაც სცემდნენ სამართალდამცველები.

თავად შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ვიდეოფირი, როგორ ურტყამს რამდენიმე სპეცრაზმელი ერთ მომიტინგეს, როგორ ყრია მიწაზე თავპირდასისხლიანებული, ხელებშეკრული ხალხი. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც დააკავეს. ბევრი ჰყვება, რომ ისინი იზოლატორებშიც სცემეს. სპეცრაზმს აშკარად ეტყობოდა, წინასწარ იყო ფსიქოლოგიურად დამუშავებული, რომ საქართველოს მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიოდა. თვითმხილველები ჰყვებიან, როგორი აგრესიული ქცევით და რიტორიკით გამოირჩეოდნენ ისინი. ჩემი კოლეგა მალხაზ ჭკადუა, რომელიც ისევე გაკოჭეს და იზოლატორში წაიყვანეს, როგორც სხვა მომიტინგეები, მიყვებოდა, როგორ უთხრა სპეცრაზმელს, ჟურნალისტი ვარო და მისგან პასუხად გინება მიიღო:

- ახლა გახდი არა, ჟურნალისტი, შე ბურჯანაძის მონავ!  სტილი იგივეა. 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც "იმედში" შემოგვიცვივდნენ, იატაკზე დაყრილ ჟურნალისტებსაც ასე გვეძახდნენ: თქვე ბადრის მონებოო. ისინი მაშინაც და ახლაც, აშკარად, ზედმეტად იყვნენ მოტივირებული. გახსოვთ, ალბათ, როგორ ამზადებდნენ მაშინ მიტინგების დასარბევად სპეცრაზმს. როგორ სკანდირებდნენ ისინი ვარჯიშის დროს: "ბადრის რა?" და ა. შ... იმ ვარჯიშის კადრებიდან კარგად ჩანს, როგორ უნერგავენ ზიზღს სპეცრაზმელს, რომელიც დავალების შესასრულებლად მიდის. ასეთი მეთოდებით მოტივირებული სპეცრაზმელისგან რა დანდობას უნდა ელოდო?

მიუხედავად იმისა, რომ 7 ნოემბრისგან განსხვავებით, ახლა აქციის დაშლას თუ დარბევას მსხვერპლი მოჰყვა, სააკაშვილმა იმ ადგილზე, სადაც წინადღეს ტრაგედია დატრიალდა, ამაყად ჩაიბარა "პარადი". არადა, 2009 წელს, როდესაც ის დემოკრატობანას განწყობაზე იყო, აქციების გამო აღლუმი არ ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეებს რამდენიმე თვე ჰქონდათ ქუჩა გადაკეტილი, მათი დარბევა არც უფიქრია. მაგრამ, როგორც ჩანს, ლმობიერებას ტრაქტორისტი მხოლოდ ერთხელ იჩენს.

დაკარგული სახე

შაბათ დილით, ვიდრე ამ სტატიის წერას დავიწყებდი, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ვებგვერდზე  აქციის დროს გარდაცვლილი კიდევ ორი ადამიანის შესახებ ამოვიკითხე. უკვე ოთხი დაღუპული გვყავს. ამ დრომდე ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. არ მინდა ცუდი ვიფიქრო, იმედს დავიტოვებ, რომ ორშაბათს, როდესაც თქვენ ჩემს სტატიას წაიკითხავთ, მათი ადგილსამყოფელი უკვე ცნობილი იქნება.

თუმცა, განა ოთხი ადამიანის სიცოცხლე ცოტაა? რამდენი აქცია ჩაუტარებია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის ოცი წლის განმავლობაში, მაგრამ 9 აპრილის და ე. წ. "დახვრეტილი მიტინგების" შემდეგ აქციაზე ხალხი არ დაღუპულა. ვის სჭირდებოდა ეს ყველაფერი? რისთვის გავიღეთ ეს მსხვერპლი? ეს  ის კითხვებია, რომლებიც აქციის დაშლის შემდეგ, ალბათ,  ყველას გვაწუხებს. ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე? მარტივი პასუხია - ხელისუფლება, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლება? ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა. თუ არ ვიტყვით, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ადამიანების დაღუპვაზე, მაშინ ასეთ მსხვერპლს ვერც მომავალში ავიცილებთ.

მართალია, 1989 წლის 9 აპრილს სულ სხვა ვითარება იყო; მართალია, მაშინ ფაქტობრივად,  დამპყრობელს ვებრძოდით და ასეთ ბრძოლაში მსხვერპლიც შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ ვფიქრობ, მაინც მკაცრად უნდა შეგვეფასებინა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას საქციელი, რომლებმაც იცოდნენ, რაც მოხდებოდა და ხალხი მაინც არ დაშალეს. არ შეიძლება ადამიანების სიცოცხლით თამაში. ქართველ ხალხს ირაკლი წერეთლისთვის მაინც უნდა მოეთხოვა პასუხი, რომელიც პატრიარქის მოწოდების შემდეგ მიკროფონთან მივიდა და  ხალხს უთხრა, არ დაიშალოთო.

დღეს უკვე ბევრი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი ისედაც განწირული იყო და ჩვენი სისხლის გარეშეც დაიშლებოდა. თუმცა ვიმეორებ, ის მაინც სხვა ბრძოლა იყო. რით უნდა გავამართლოთ ახლანდელი მსხვერპლი? რა შედეგი მივიღეთ? ყველა განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილიც დამპყრობელია და ისევ მტრის წინააღმდეგ ვიბრძვით, ბლეფია. სააკაშვილი შეიძლება ცუდი პრეზიდენტია, მაგრამ როგორ შეიძლება ცუდი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეადარო?

როგორ შეიძლება, საკუთარი პოლიტიკური ამბიციების გამო ხალხი თუნდაც დასარბევად  გაწირო? დიახ, გაწირო! სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ ბურჯანაძის საქციელს, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა, რაც მოხდებოდა, მაგრამ მაინც რუსთაველზე დადგა? დადგა იქ, სადაც მეორე დღეს აღლუმი უნდა ჩატარებულიყო. იქნებ იმიტომაც დადგა, რომ დაერბიათ და შემდეგ, პოლიტიკური სახის შესანარჩუნებლად, ეთქვა: იმიტომ ვერ შევასრულე სააკაშვილის გადაყენების დაპირება, რომ უმოწყალოდ დაგვარბიაო? კიდევ ერთი კითხვა "სახალხო კრების" ლიდერებთან:

რატომ შეიტანეს აქციების ნებართვაზე განცხადება მხოლოდ 25 მაისის ღამის 12 საათამდე?  შეეტანათ 27-მდე,  30-მდე... ეს შეკითხვა რადიო "პალიტრის" ეთერში,  ბურჯანაძის პარტიის წევრს, გია კობახიძეს დავუსვი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ეს იმიტომ ხომ არ გააკეთეს, რომ ხელისუფლებას უფრო თამამად ემოქმედა? რატომ დატოვა ქალბატონმა ნინომ აქცია ერთ-ერთმა პირველმა, რატომ არ დარჩა იქ ბოლომდე, ვიდრე უკანასკნელი მომიტინგე არ წაიყვანეს? ეს კითხვები პასუხს მოითხოვს. მანამდე თქვენ თავად გაეცით პასუხი შეკითხვას: ქალბატონმა ნინომ სახე შეინარჩუნა, თუ დაკარგა?!