"რას ნიშნავს, თუ დანაშაული ჩავიდინეთ და არ გვაპატიმრებენ" - კვირის პალიტრა

"რას ნიშნავს, თუ დანაშაული ჩავიდინეთ და არ გვაპატიმრებენ"

"ასე მარჯვედ რომ ებრძოლათ სპეცრაზმის ბიჭებს ცხინვალში, ეგებ დღე-ნახევარში არ დამთავრებულიყო ომი

"ჩვენს ბრძოლას ოქრუაშვილმა დანა ჩაარტყა ზურგში"

"ამ ოპოზიციის ბრალია, რაც ქვეყანაში ხდება"

"აქამდე სააკაშვილს ავტოკრატს ვუწოდებდი, მაგრამ დღეს დაბეჯითებით  ვამბობ, - საქართველოში ჩრდილოეთ კორეის მსგავსი  გამძვინვარებული დიქტატურაა. ვერ წარმომიდგენია, ამ  ქვეყანაში როგორ შეიძლება სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ვისაც ამის სჯერა, ან ძალიან გულუბრყვილოა, ან ხელისუფლებასთან არის გარიგებული", - გვითხრა "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ, რომელსაც 26 მაისის ღამესა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ვესაუბრეთ:

- მომხდარის მერე კარგად ვართ-მეთქი, რომ გითხრათ, გიჟი უნდა ვიყო. ვუძლებ ამხელა ტრავმასა და უბედურებას. ხალხის დაღუპვამ სულ გადამიყვანა ჭკუიდან. ველოდი, რომ დარბევა იქნებოდა, მაგრამ ასე სასიკვდილოდ თუ გაწირავდა ხალხს სააკაშვილი, ვერ წარმოვიდგენდი.

მას მერე, რაც მიტინგი დაარბიეს, ძალიან მიჭირდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისვლა. მორალურად მზად ვიყავი, რომ იქ დაზარალებულთა ახლობლებისაგან საყვედურს მოვისმენდი. მივედი და ვნახე ამ უსამართლობით შეშლილი ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ თავიანთი ახლობლების ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ გეფიცებით, ერთი საყვედურიც არ დასცდენია არავის.

ეს რა ზიზღი და რამხელა აგრესია აქვთ ხალხის მიმართ. ვისაც უნდა გამამტყუნოს, მაგრამ როგორ უნდა წარმომედგინა ის, რომ როდიონოვსა და საბჭოთა სპეცრაზმზე უფრო სასტიკი იქნებოდა ქართული სპეცრაზმი.

რამდენიმე ტელევიზიამ გადაიღო მომხდარი და იმ ღამესვე გადასცა. როგორ გგონიათ, ხელისუფლებას რომ ნდომოდა,  არ შეუშლიდა ჟურნალისტებს ხელს? განგებ არ შეუშალეს ხელი, რომ მთელ საქართველოს ენახა, კიდევ თუ გამოხვალთ, უარესს გიზამთო, მაგრამ  ეს არ გაუვათ. მთელ საქართველოს ვერ დააშინებენ.

- მაგრამ თქვენს ქმედებას აკრიტიკებენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

- პარტიების უმეტესობა სინამდვილეში არანაირი ოპოზიცია არ არის. ოპოზიციის წარმომადგენლები ისხდნენ და ითვლიდნენ, რამდენი კაცი იყო აქციაზე, რომელ მხარეს გადაიწონებოდა სასწორის პინა და ამის მიხედვით იღებდნენ გადაწყვეტილებას. შენი ხელისუფლება ალყაში რომ მოგამწყვდევს,  გასაქცევს რომ არ დაგიტოვებს და ამდენ სპეცრაზმელს მოგისევს, ის რა ხელისუფლებაა.

ამას ვინც უყურა, სააკაშვილს ოდნავ უნდა გადაჰკრას საყვედური და ბურჯანაძის საკრიტიკოდ უნდა მოიცალოს?! ამ ოპოზიციის ბრალია, რაც ქვეყანაში ხდება. რომელ არჩევნებზე ლაპარაკობენ, როდესაც ხალხს ძვლები დაულეწეს? აქციაზე ხომ სცემეს, მერე შეპყრობილებს გაუსწორდნენ სასტიკად.  რომელ დემოკრატიაზე მელაპარაკებიან, როდესაც კინოთეატრ "რუსთაველში" პოლიცია შევიდა და სახელობით გამოიძახა ადამიანები, ვინც უნდა ეცემა. დააჩოქეს და ეუბნებოდნენ, შეაგინე ბურჯანაძეს და არ დაგარტყამთო. იმაზე გამწარდნენ, რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ შეგვაგინა.

ყველა ლიდერი რომ იქ მოსულიყო, ხელისუფლება აქციის დარბევას ვერ გაბედავდა. ბურჯანაძის პასუხისმგებლობაზე კი ნუ ლაპარაკობენ,  საკუთარ პასუხისმგებლობაზე ილაპარაკონ. ხალხის შეკვეთა იყო, არ მოგვატყუოთ, თუ გამოგვიყვანთ, სახლში ნუღარ გაგვიშვებთ, რამდენიც ვიქნებით, იმდენმა ვიბრძოლოთო და ჩვენ ხალხი არ მოვატყუეთ.

- თქვით, რომ დარბევამდე ერთ-ერთ ოპოზიციურ ლიდერს შეტყობინება გაუგზავნეთ, რომ თქვენ გვერდით დამდგარიყო. ვინ იყო ეს ლიდერი?

- რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას? ყველაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ესეც ფაქტია, რომ  არავინ გამოგვეხმაურა, ხმა არავინ ამოიღო. ოპოზიციას ხმა რომ ამოეღო, შეიძლება ხელისუფლებას ვერ გაებედა ანგარიშსწორება, მაგრამ ხმა არ ამოიღეს.

- ბევრი ამბობს, რომ პროვოცირება გაუკეთეთ დარბევას და მერე ხალხი მიატოვეთ.

- ტყუილია. ერთპიროვნულად არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია და პარლამენტის წინ გაჩერებაც კრების აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება იყო. ნახავდით, ალბათ, კადრებს, როდის გავიდა სპეცრაზმით გარშემორტყმული ჩემი კორტეჟი, უკან კი რამდენიმე მეტრში მძიმე ტექნიკა მოგვყვებოდა. ეს კადრები მეტყველებს, რომ არ გავქცეულვარ, ყველაზე გვიან გავედი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ადამიანი, ვის გატანასაც უსაფუძვლოდ აბრალებენ ჩემს მანქანას, ცოცხალია და მკურნალობსო. ამიტომაც ახლა სხვა კადრები აჩვენეს. თითქოს ჩვენს მანქანას სპეცრაზმელი მიახტა და ჩამოვარდნის მერე გადავუარეთ.

- ვნახეთ შსს-ს მიერ გავრცელებული კადრები, სადაც შვილს ესაუბრებით და ამ დიალოგში ნახსენებია საქართველოში გრუ-ს შემოსვლა. ასევე მოვისმინეთ გენერალ გია უჩავას აღიარებითი ჩვენება და "სახალხო კრების" ორგანიზატორების საუბარი რესტორანში, სადაც ლაპარაკია არა მშვიდობიან ბრძოლაზე, არამედ "მოლოტოვის კოქტეილებსა" და რკინის ბურთულებით ხალხის დაზიანებაზე.

- ხელისუფლება ვალდებულია დადოს სანქცია, რის საფუძველზე ისმენდნენ ჩემს საუბარს შვილთან და რესტორანში საუბრებს.   ეს ფირები კონტექსტიდან ამოგლეჯილი და დამონტაჟებულია. ჩემი შვილი ახალგაზრდისათვის დამახასიათებელი მაქსიმალისტური ტონით ლაპარაკობს. ის ამბობდა, თუ გჯერა, რომ ქვეყანა იღუპება და გადასარჩენია, მაშინ ვალდებულიც ვართ, თავი გავწიროთო.

რა გარანტია მქონდა, რომ ჩემს შვილს არ ჩაიგდებდნენ ხელში. ჩემი შვილი რომ დარბევის დროს ჩაეგდოთ ხელში,  მკვდარი იქნებოდა. ხომ ნახეთ კადრები, როგორ ახტებიან მანქანებს სპეცრაზმელები, როდესაც მიტინგს ვტოვებდით. რაღა უნდოდათ? მაგრამ სააკაშვილის ბრძანება იყო, ხალხისთვის გასისხლიანებული და ნაცემი ბურჯანაძე ეჩვენებინათ და ამიტომ ახტებოდნენ ჩემს მანქანას. არ იცით, როგორ ურტყამდნენ მინებს და რამდენი ტყვია მოხვდა ჩვენს მანქანას. იცით, რომ პატრულმა ჩემს შვილს ნამდვილი ტყვია ესროლა? ამ თავგანწირვაზე მე ჩემი ოჯახიანად წავედი და არ მივიღებ საყვედურს იმ ადამიანებისაგან, ვინც ამ აქციაზე არ მოსულა.

ჩემსა და ანზორიკოს საუბარში გრუ ისეთ კონტექსტშია ნახსენები, რაც არაერთხელ მითქვამს ინტერვიუშიც. სააკაშვილსაც არაერთხელ უთქვამს, აქ თუ ტყვია გავარდა, რუსები შემოცვივდებიანო. რა თქვა ანზორიკომ განსხვავებული? კოჯრის ბატალიონი თუ გვესვრის,  პირველი ჩვენ მივიღებთ დარტყმას, მაგრამ მერე გრუ-სთან მოუწევს ბრძოლაო. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით, მაგრამ როდესაც რამდენიმე საუბრიდან ერთ საუბარს შეაკოწიწებ, რაც გინდა, იმას გამოიყვან. მე არაფერს ვაკეთებ ისეთს, რაც ჩემი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. ასეთი სისულელეები გაუშვეს, "მოლოტოვის კოქტეილები" აჩვენეს. თქვეს, რომ გრუ-სთან ვიყავი შეთანხმებული, მეტი რა უნდა ექნათ ჩემთვის. თავ-პირი დაგვალეწეს, ხალხი ლამის დახოცეს და სად არის გრუ, ვისთანაც თურმე შეკრული ვიყავი?

- ჩანს, გრუ-მ გიღალატათ.

- გადამაგდო, არა? ძალიან სასაცილოა ამათი ლოგიკა. სააკაშვილმა აღლუმზე თქვა, ბურჯანაძე გაიქცაო. თვითონ რომ არის გორში გაქცეული და ნაფორთხიალები, ის არ ასვენებს. სააკაშვილი ვერ მოესწრება ჩემს გაქცევას. აღლუმზე სახე ჰქონდა წაშლილი, რადგან მიხვდა, ზღვარი გადალახა და იცის, ამას არ ვაპატიებ. არც იმას ვაპატიებ, ასეთი ზიზღი რომ ჩაუნერგა ჩემდამი პოლიციასა და სპეცრაზმს. სააკაშვილმა ადამიანებს გონება მოუწამლა ჩემზე კომპრომატებით და გამოგონილი ბრალდებებით და დიდი ძალისხმევა დამჭირდება, რომ ამ ადამიანებმა სიმართლე ირწმუნონ. არ ვაპატიებ, რომ ჩემი ერის ნაწილი ასე შემომიტრიალა უსინდისო, ამორალურმა, გარეწარმა, მშიშარა და მატყუარა სააკაშვილმა. ყველაფერი რომ ვაპატიო, ამას არ ვაპატიებ.

- რას იზამთ?

- ბოლომდე ვიბრძოლებ და მაინც დავამარცხებ. ჩემი შესაძლებლობები ყველაზე უკეთ  სააკაშვილმა იცის და იცის, რომ დავამარცხებ.

თუ სახელმწიფო გადატრიალებას ვაწყობდი, რატომ არ მიჭერენ? თუ ხელისუფლებამ 2 თვის განმავლობაში იცოდა, რომ გადატრიალებას ვამზადებდით, 4 ათასი შეიარაღებული კაცი გვყავდა და გრუ-ს მხარდაჭერა  გვქონდა, რატომ მიგვიშვა 21 მაისამდე? მანამდე რატომ არ დაგვიჭირეს, რატომ არ აღკვეთეს დანაშაული, მაგრამ კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი მარაზმი, სისულელე და ტყუილია და ამიტომ არ დაგვიჭირეს. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ჯოხებით სპეცრაზმს ვერ მოვერეოდით. ფიზიკურად ლამის გაგვანადგურეს და ახლა მორალურად სურთ ჩვენი განადგურება. თუ დანაშაული გვაქვს ჩადენილი, დამიჭირონ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც. რას ნიშნავს, თუ დანაშაული ჩავიდინეთ  და არ გვიჭერენ?!

- სააკაშვილის განცხადებით, პოლიციის ქმედება პასუხი იყო პუტინის გეგმებზე.

- ეს რომ პუტინის გეგმა ყოფილიყო, სააკაშვილი ახლა ხეზე იქნებოდა ჩამოკიდებული თავის მანქურთებიანად და მის სპეცრაზმს ისე გაქცეულს ნახავდით, როგორც სააკაშვილი გარბოდა გორში. ასე მარჯვედ რომ ებრძოლათ სპეცრაზმის ბიჭებს ცხინვალში, ეგებ დღე-ნახევარში არ დამთავრებულიყო ომი.

- "ქართულ პარტიასთან" თანამშრომლობის შემთხვევაში, თქვენი აქცია უფრო წარმატებული ხომ არ იქნებოდა და კიდევ, რატომ თქვით უარი ოქრუაშვილის პარტნიორობაზე?

- ჩვენ დავსვით კითხვა: რა გზით აპირებდა ოქრუაშვილი საქართველოში შემოსვლას? თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდებოდა თვითმფრინავით თუ ცხინვალიდან შემოვიდოდა რუსებთან შეთანხმების შედეგად. ასევე ვიკითხეთ, რა გზით აპირებდა ოქრუაშვილი ბრძოლას, ჩვენსავით ჯოხებით თუ იარაღით?  რადგან ბატონმა ოქრუაშვილმა განაცხადა, ყველა მეთოდით ვაპირებ ამ ხელისუფლებასთან ბრძოლასო. ეს ძალიან პრინციპული საკითხები იყო, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ და, რა თქმა უნდა, ასეთ გაურკვეველ ვითარებაში, გამორიცხულია, ერთად წავსულიყავით.

- ოქრუაშვილს რუსები მოჰყავდა საქართველოში?

- სააკაშვილი ხომ არა ვარ, ადამიანებს ცილი დავწამო. რაც არ ვიცი, იმას ნამდვილად ვერ დავაბრალებ. მე ვიცი, რომ ჩემი კითხვები უპასუხოდ დარჩა. ჩვენს ბრძოლას ოქრუაშვილმა დანა ჩაარტყა ზურგში.

- მაგრამ თქვენს აქციაზე მოვიდნენ ლევან გაჩეჩილაძე, "უცნობი" და კოკა გუნცაძე.

- ლევან გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე "ქართული პარტიის" სხვა ფლანგია. უკვე იმასაც ვფიქრობ, რომ რეალურად ეს პარტია გახლეჩილია. სპეცრაზმმა სასტიკად სცემა ლევან გაჩეჩილაძეს, უცნობსა და ლევანის შვილს. ლევანის შვილს ჩემი თანაშემწე და ერთი ჩვენი აქტივისტი ქალი გადაეფარნენ, ძალიან გაილახნენ, თუმცა ბიჭს ისე გამეტებით სცემდნენ, მაინც ვერ გადაარჩინეს.

საშინელი ხმები გამოდის კაპეზედან. უსასტიკესად უსწორდებიან ადამიანებს. მეტიც, ციხიდან გამოსული ადამიანის ახლობელმა მითხრა, რომ ციხეში კიდევ ორი კაცი დაიღუპა. ერთს თავი ჰქონია გახეთქილი და სისხლისგან დაიცალაო.  მეორეს ასთმა ჰქონია და როცა სცემდნენ,  უთქვამს, ავად ვარო, ეგონათ, სიმულანტობსო და კიდევ მეტად უცემიათ. გონი დაუკარგავს და ექიმი რომ მოუყვანიათ, თურმე პულსი აღარ ესინჯებოდა.

არ გავჩერდები, რამდენი ადამიანიც  ვიქნებით, იმდენი ვიბრძოლებთ. სამშობლოსათვის  ბრძოლაში ვერც ვერავის დავპატიჟებ და ვერც ვერავის ავუკრძალავ, ვისაც უნდა, დადგეს ჩვენთან.

- საზოგადოებას თქვენ მიმართ პრეტენზიები აქვს, არცთუ მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის კი არა, პრეზიდენტობისთვის იბრძვით.

- უფრო ადვილად, თავ-პირის დალეწვის გარეშე, ამას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ვერ გავაკეთებდი? სააკაშვილი ახლა რომ პრემიერ-მინისტრად გადავა, მე ვერ დავრჩებოდი პრეზიდენტად ან პარლამენტის თავმჯდომარედ? ტვინი გაანძრიოს, ვინც ამას ამბობს. უბინძურესი პროვოკაციებით გვებრძვიან, მაგრამ გავუძლებთ. 26 მაისის დარბევას დიდი გამოხმაურება აქვს უცხოეთში და სააკაშვილი ძალიან მწარედ გადაიხდის ამ სისასტიკისათვის.