"მიშისტობის" ფორმულა - კვირის პალიტრა

"მიშისტობის" ფორმულა

იმ მომენტისათვის, როცა ამ ტექსტს ვწერ,  40-ზე მეტი  აქციის მონაწილეა დაკარგული. დაკავებული იყო ასობით მოქალაქე. თითქმის ყველა (მათ შორის, ხანში შესული ხალხი) ნაცემია, მათ შორის - ჟურნალისტებიც.

სააკაშვილმა 26 მაისის ღამეს მოაწყო სამაგალითო ეგზეკუცია. უპირველესი მიზანი იყო, ყველასთვის ეჩვენებინათ, რომ ქუჩაში გამოსული ნებისმიერი მოქალაქე სასტიკად დაისჯება. ამ ყოველივემ ფართო დისკუსია გამოიწვია. ვისაც საშუალება აქვს სოციალური ქსელებისა თუ ინტერნეტფორუმების თვალიერებისა, დარწმუნდება, რომ მიშას ბევრი დამცველი გამოუჩნდა. მათი არგუმენტები ძველია. ისინი არ განირჩევიან ჩვენი "მთავარსარდლის" ცნობილი და უკვე გაცვეთილი ფრაზეოლოგიისგან:  "მტერი 40 კილომეტრშია"; "სახელმწიფომ არ დაუშვა 90-იან წლებში დაბრუნება";

"ბურჯანაძე-ბიწაძე  რუსეთის დავალებით მოქმედებდნენ"; "14 წლისას ღამე გარეთ რა უნდა"... " ეს ბოლო ეხებოდა ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამენ სპეცრაზმელები ხელკეტებს 14 წლის მოზარდს, რომელიც არ ეწინააღმდეგება "სამართალდამცავებს".

ზემოაღნიშნულმა მაიძულა, ჩემთვის ჩავინიშნო ტიპური "მიშისტის"  კლინიკური ნიშნები. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ დარწმუნებული ვარ შემდეგში: ის, ვინც 26 მაისის დარბევას ამართლებს, მიზანთროპია, მიზანთროპია (კაცთმოძულეობა) კი ავადმყოფობაა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს  გამოკვლევას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ ანთროპოლოგიური დევიაციის (გადახრის) განმასხვავებელი ნიშნები. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ჩამოყალიბებულ მიშისტად მიმაჩნია ის პირი ან პირთა ჯგუფი, რომლებიც ანგარების (რასაც კიდევ არა უშავს) ან - მიზანთროპიის - გამო ამართლებენ სასტიკ დარბევას პარლამენტთან. ლაპარაკი არ არის მიტინგის დაშლის მიზანშეწონილობაზე, არამედ დემონსტრანტთა ეგზეკუციის, მათი  დასჯის ფორმებსა თუ მეთოდებზე.

მოდი, ჯერ მიზანთროპიის გამომწვევ კლასიკურ მიზეზს  მივხედოთ. მიზანთროპია შეიძლება გამომუშავდეს მაშინ, როცა გაქვს იზოლაციის და სოციალური გაუცხოების განცდა; როცა გეუფლება ზიზღი საზოგადოების უმრავლესობისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებების, ადათებისა თუ ტრადიციების მიმართ. კარგად დააკვირდით თქვენ გარშემომყოფ "მიშისტებს" (იხ. ოდნავ ზემოთ ""მიშისტის"" განსაზღვრება), ხომ არ იყვნენ ან არიან ისინი სოციალური იზგოები? ხომ არ ახასიათებთ მათ შემდეგი სიმპტომები:

1. იდიოსინკრაზია (მიუღებლობა) ქართული ტრადიციული კულტურისა (ვგულისხმობ იმ სოციალურ-კულტურულ გარემოს, რომელიც გაჟღენთილია ტრადიციებით, ურბანული (წაიკითხე: თბილისური, ქუთაისური, სოხუმური) თუ სხვა მითებითა და ლეგენდებით; 2. სიყრმის დროინდელი კომპლესები, რომელნიც ძირითადად სექსუალურ წარუმატებლობებთან იყო დაკავშირებული; 3. პირადი და ინდივიდუალური სიმამაცის არქონა; 4. უნიჭობა ანუ ტალანტის არქონა; 5. საკუთარი უუნარობის იაფფასიანი ეპატაჟით დაფარვის სურვილი; 6. საკუთარი წარუმატებლობის ახსნა ”აქსიომით: "ხალხი ბნელია".

თუ ასეა, მაშინ ასეთ ინდივიდთან აზრი არა აქვს რაიმე სახის დისკუსიას. თუ არა გაქვთ ფსიქოთერაპევტის დიპლომი, ჯობს, სწრაფად გაეცალოთ პაციენტს, რადგან საქმე დაავადებულთან გაქვთ. მთავარი ის არის, რომ კარგ ქვეყნებში ასეთი პირები არ განსაზღვრავენ ქვეყნის განვითარების მიმართულებას, მათ არ უბოძებენ სახელისუფლებო რესურსებს სამთავრობო გრანტებისა თუ სხვა "შემოწირულობების" სახით. რადგან ისინი მარგინალურნი არიან, მაგრამ ჩვენში ასეთი პირები მმართველი ისტებლიშმენტის მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოების უმრავლესობის მარგინალიზაციას ცდილობენ. ესაა და ეს.

შალვა რამიშვილი