"თუკი ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მე გამომაცხადებს, თანახმა ვიქნები" - კვირის პალიტრა

"თუკი ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მე გამომაცხადებს, თანახმა ვიქნები"

თუკი ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მე გამომაცხადებს, თანახმა ვიქნები, - ასე უპასუხა პარლამენტის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივაზე დასმულ კითხვას.

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თეორიული შანსი არ არსებობს, რომ ოპოზიციამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მიაღწიოს და აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ პოლიტიკური პროცესიის ნაწილია.

"როგორც იქნა 7-თვიანი კრიზისი დავასრულეთ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართვით მოხდა. ამოცანა იყო, შემდგომ არჩევნებამდე მივსულიყავით ისე, რომ იგივე კითხვები და ეჭვები არ გვქონოდა, რაც 2020 წლის არჩევნების მიმართ გვქონდა და მომდევნო არჩევნებს არსებული პარლამენტისთვის ან ნდობა მიეცა, ხოლო თუ ლეგიტიმაციას არ მოგვცემდა, 2022 წლისათვის ახალი არჩევნები დანიშნულიყო. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა, რაც ახლა ოპოზიციას უნდა ჰქონდეს.

უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას შედეგი რომ ჰქონდეს, ჩვენ რომ ვიყოთ არა 50 დეპუტატი, არამედ უმრავლესობა, ეს მთავრობაც არ იქნებოდა, რაც ახლა არის. რა გამოდის, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მსოფლმხედველობა და პოლიტიკური პრეფერენციები უნდა შეცვალონ?! უნდობლობის ინიციატივის ბოლომდე მიყვანის შანსი არ არსებობს და მისი წამოწყება რას ემსახურება?! თუ ამ კითხვაზე ჩემი კოლეგები მიპასუხებენ, პასუხი მეცოდინება. მანამდე არ მესმის, რა შინაარსი შეიძლება ჰქონდეს მსგავსს კამპანიას, თუ არა ის, რომ არ გაგაჩნია იდეა, რაზე შეიძლება მოაწყო წინასაარჩევნო კამპანია, გარდა ჩხუბისა", - განუცხადა ჟურნალისტებს მეგრელიშვილმა.

მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარი 5 ივლისის მოვლენაა და რისი გაკეთებაც ოპოზიციას რეალურად შეუძლია, სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნაა.