"ქართველი სამხედროები "დიდი თურანის" არმიას უერთდებიან: თურქეთი კავკასიაში გავლენას აძლიერებს" - რას წერს რუსული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ქართველი სამხედროები "დიდი თურანის" არმიას უერთდებიან: თურქეთი კავკასიაში გავლენას აძლიერებს" - რას წერს რუსული გამოცემა

რუსული "ნეზავისიმაია გაზეტა" (Независимая газета) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ქართველი სამხედროები "დიდი თურანის" არმიას უერთდებიან: თურქეთი კავკასიაში გავლენას აძლიერებს" (ავტორი - ვლადიმერ მუხინი), რომელშიც თურქეთ-საქართველოს სამხედრო ურთიერთობის ზოგიერთი მომენტია განხილული, ნატოსთან ინტეგრირების ფონზე.

"საქართველოს შიდაპოლიტიკური პრობლემები ხელს არ უშლის თბილისს, რომ ქვეყანამ, ნატოს წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს ფართომასშტანიან წრთვნებში, პირველ რიგში, ამერიკელი და თურქი მეომრების მხარდამხარ. ამ მიზნის რეალიზებისათვის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს დასახმარებლად 2022 წლისათვის 60 მილიონი დოლარი იქნება გამოყოფილი", - აღნიშნულია სტატიაში. ავტორი ამ მხრივ ხაზს უსვამს, რომ საქართველო რეგიონის მასშტაბით ჩატარებულ თითქმის ყველა სამხედრო წრთვნებში აქტიურად მონაწილეობს, აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, შავი ზღვის აკვატორიაში.

მაგრამ, პარალელურად, ბოლო წლებში აშკარად შესამჩნევი ხდება თურქეთის დაინტერესება საქართველოსთან სამხედრო კავშირების გაფართოებით. ამას წინათ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა ონლაინ-რეჟიმში განიხილეს ერთობლივი სამხედრო სწავლების - "Eternity 2021"-ის ჩატარების საკითხი, რაშიც განსაკუთრებით თურქეთი აქტიურობს. დამკვირვებლების აზრით, ეს უკავშირდება პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის ხელისუფლების გაძლიერებას - როგორც ცნობილია, იგი შესაძლებლად თვლის კავკასიაში თავისი ქვეყნის ძველი გავლენის აღორძინებას, თანაც ერდოღანის გარემოცვა დღეს იმასაც ლაპარაკობს, რომ კავკასიისა და შუა აზიის ტერიტორიაზე გამორიცხული არ არის "დიდი თურანის" შექმნაც - სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბება, რომელიც თურქულენოვან ქვეყნებს გააერთიანებს.

სხვათა შორის, თუ ანკარაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის ამასწინანდელ ვიზიტის შედეგებს გავიხსენებთ, საქართველო წინააღმდეგი არ არის "დიდი თურანის" პროექტს შეურთდეს: "ჩვენ გვაქვს ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტები - როგორც რკინიგზის, ასევე - მილსადენების სახით. გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ, როგორც ორმხრივ, ასევე - მრავალმხრივ ფორმატში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, ერთი თვის წინათ.

სიტუაციას კომენტარს უკეთებს სამხედრო ექსპერტი, გენერალი-ლეიტენანტი იური ნეტკაჩევი, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში დიდი ხნის მანძილზე კავკასიაში მსახურობდა:

"თურქეთს განზრახული აქვს თავის ფრთებქვეშ მოიქციოს სამხრეთ კავკასიის ყველა სახელმწიფო, რითაც რუსეთის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. ანკარას ყურადღება განსაკუთრებული მიპყრობილია საქართველოს მიმართ: თურქეთმა რამდენიმე წლის წინ ორი აეროპორტი - თბილისისა და ბათუმის საჰაერო ჭიშკრები თითქმის ხელახლა ააშენა. ამ ორ საავიაციო პუნქტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არამარტო სამოქალაქო-ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ - სამხედრო მიმართულებითაც, სამხედრო ამოცანების გადასაწყვეტად. ასობით ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა მომზადება თურქეთის შეიარაღებულ ძალებში, ანკარა დაეხმარა თბილისს რამდენიმე სამხედრო ბაზის მოდერიზებაში", - აღნიშნავს ექსპერტი. იური ნეტკაჩევის აზრით, ერთობლივი მანევრების შედეგად ანკარა და თბილისი სამხედრო ურთიერთობას ხვეწენ და ეს ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.

ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო-თურქეთის დაახლოების ანტირუსული ხასიათი იმაშიც გამოიხატება, რომ პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელ სტატუსს.

წყარო