"თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელს იყენებენ პოლიტიკურ ბრძოლაში - სწორი დემარშია, რომ კომენტარი არ მივცეთ კონკრეტულ ტელევიზიებს" - კვირის პალიტრა

"თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელს იყენებენ პოლიტიკურ ბრძოლაში - სწორი დემარშია, რომ კომენტარი არ მივცეთ კონკრეტულ ტელევიზიებს"

"თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელს იყენებენ პოლიტიკურ ბრძოლაში - სწორი დემარშია, რომ საერთოდ კომენტარი არ მივცეთ კონკრეტულ ტელევიზიებს",- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში კონკრეტული ტელევიზიები მმართველი პარტიის წინააღმდეგ მორალურ-ფსიქოლოგიურ ტერორს აწარმოებენ და მათი ეს გადაწყვეტილებაც ამით არის განპირობებული.

"ბოლო რამდენიმე დღეა ჩვენ მოწმე გავხდით სრულიად გაუგონარი, საქართველოსთვის, საერთოდ დემოკრატიული სამყაროსთვის აბსოლუტურად შეუფერებელი მორალურ - ფსიქოლიგიური ტერორის ფაქტების. ეს ხორციელდება კონკრეტული ტელევიზიების, მათი ხელმძღვანელების მიერ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ და რაც მთავარია, კონკრეტული პოლიტიკური პოზიციიდან, სრულიად უზნეოდ და სრულიად დაუსაბუთებლად, რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა, ამორალურად, როცა თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელს იყენებენ პოლიტიკურ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ არ დავბრუნდებით რესპონდენტისა და ჟურნალისტის ურთიერთობის ფორმატში, თუნდაც, უმწვავესი შეკითხვებით, თუნდაც, უმწვავესი დაპირისპირებით, ჩვენ არ ვართ განწყობილი და სწორი დემარშია, რომ საერთოდ კომენტარი არ მივცეთ კონკრეტულ ტელევიზიებს. მე ახლა ვერ დავიწყებ გამოყოფას, მაგრამ რეალურია, რომ საკმაოდ მძიმე სურათის მოწმენი გავხდით, თუნდაც, რამდენიმე დღის წინ, როცა ერთ-ერთ ჩვენს კოლეგას, კონკრეტული მედიის წარმომადგენლები, ხელმძღვანელები თავს დაესხნენ გაუგონარი, უსაფუძვლო განცხადებებით და ბრალდებებით, ამან შექმნა საფუძველი იმ განცხადებისთვის, რაც ახლა გავაკეთე და დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან თითოეულ თქვენგანს არათუ პატივს ვცემ, არამედ შევეჩვიე პიროვნულადაც და ძალიან თბილი განწყობა მაქვს, იმის მიუხედავად თუ რომელ ტელევიზიას წარმოადგენთ, მაგრამ ახლა ბოდიში უნდა მოგიხადოთ, გამოვთქვამ იმედს, რომ ოდესმე დავბრუნდებით ნორმალური ურთიერთობის პირობებში"- განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.