"თუ ხელისუფლება პარტნიორების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ და შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება" - კვირის პალიტრა

"თუ ხელისუფლება პარტნიორების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ და შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება"

თუკი საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებისგან მიღებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ - ასეთ შემთხვევაში, შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩიას თქმით, რასაც დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი შინაარსით რუსეთისკენ მიდის.

"ყველაზე მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება თვალსა და ხელს შუა ანტიამერიკული ძალა ხდება. მას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ისეთ შენიშვნებს აძლევს, საქმე სხვა ქვეყანას რომ ეხებოდეს, წარმოდგენა გვექნებოდა, რომ წავედით რუსეთისკენ ან აშშ-ს მოწინააღმდეგეებისკენ. ეს ქართველი ხალხის მხრიდან უნდა იყოს აღქმული, როგორც ხელისუფლების ნაბიჯი რუსეთისკენ, რასაც შემოდგომით ძალიან მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს. შეიძლება ეს იყოს უკანასკნელი შანსი, როცა ჩვენი მეგობრები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ცდილობს ჩვენი სახელმწიფო ვექტორი რუსეთიდან დასავლეთისკენ მოატრიალოს. ყველა შენიშვნა, რასაც გვეუბნებიან, საგულდაგულოდ და სრულყოფილად უნდა იქნას გათვალისწინებული. რომელ ექვს მოსამართლეს უნდა გადავაყოლოთ საქართველო - აშშ-ს ურთიერთობები?!

კარგ შემთხვევაში მივიღებთ სანქციებს თანამდებობის პირების მიმართ, ხოლო ცუდ შემთხვევაში, ქვეყანას, როგორც შეუმდგარ ქვეყანას, ყველა ფეხზე დაიკიდებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ინტერპრესნიუსი"