"ქართული პოლიტელიტა მძიმე მდგომარეობაშია, სერიოზულ ზეწოლას განიცდიან სხვადასხვა მხრიდან, ხშირ შემთხვევაში - შანტაჟსაც კი" - კვირის პალიტრა

"ქართული პოლიტელიტა მძიმე მდგომარეობაშია, სერიოზულ ზეწოლას განიცდიან სხვადასხვა მხრიდან, ხშირ შემთხვევაში - შანტაჟსაც კი"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ისევ ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავრცელებს. როგორც კობახიძემ განაცხადა, შარლ მიშელს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მათ შორის - 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. "ვიზიტი დაგეგმილია და, როგორც ვიცი, 18 თუ 19 ივლისს აპირებს ჩამოსვლას. მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი 5 ივლისს, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცველმა ორგანოებმა; როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც, სამწუხაროდ, ეს ძალადობა უკვე ჩადენილი იყო. საუბარია შემდგომ რეაგირებებზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამაზე შარლ მიშელსაც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, მივაწვდით სრულ ინფორმაციას," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რატომ ჩამოდის შარლ მიშელი საქართველოში, როგორი შეიძლება იყოს მისი პოზიცია 5 ივლისს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

მამუკა არეშიძე:

- ჩემი ვერსიით, შარლ მიშელის ჩამოსვლას რამდენიმე კომპონენტი აქვს. ერთი არის გეოპოლიტიკური ვითარება, - უაღრესად რთული ვითარებაა არამხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ - წინა აზიაშიც. დასავლეთისთვის ამ რეგიონში ერთადერთი საყრდენი არის საქართველო. აქედან გამომდინარე, მათთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში იყოს მშვიდობა და პოლიტიკური სტაბილურობა. დასავლეთის ერთ-ერთი მიზანი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებაა.

მეორე, ასევე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, საჭიროა აქედან პროცესების მართვა. ყარაბაღის მოვლენების შემდეგ დასავლეთი, ფაქტობრივად, ამოვარდა ამ გეოპოლიტიკური სივრციდან და ახალი დაბრუნებისთვის იბრძვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქართული პოლიტიკური ელიტის ევროპულ ფასეულობაზე დაყენებაა, რასაც მე ფსევდოფასეულობას ვეძახი.

- მოდი, დავაკონკრეტოთ, რას მიიჩნევთ ფსევდოფასეულობად? - პოლიტიკის გასაღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გახდა ლგბტქ+ თემა. სამწუხაროდ, როდესაც დასავლეთი ამგვარი ფასეულობის დამკვიდრებას ცდილობს, არ ითვალისწინებს არამარტო ქართულ, არამედ, ზოგადად, კავკასიურ მენტალობას. არც იმას ითვალისწინებს, რომ ამის გამო, ხელოვნურად იხლიჩება საზოგადოება და მათ შორის დაპირისპირების ხარისხი იზრდება.

- თქვენი თვალთახედვით, ლგბტქ+ პროპაგანდას სრულიად დასავლეთი ეწევა თუ კონკრეტული ჯგუფი?

- რასაკვირველია, კონკრეტული ჯგუფები, მაგრამ სწორედ ეს კონკრეტული ჯგუფები ქმნიან ამინდს დასავლეთის პოლიტიკაში. მინდა გითხრათ, არა მარტო დასავლეთში, მთელ სამყაროში სერიოზული დაპირისპირება მიმდინარეობს ნეო-ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის. დღეს ნეოლიბერალები გაცილებით ორგანიზებულად მოქმედებენ და წინ არიან ამ ბრძოლაში, თუმცა ნელ-ნელა კონსერვატორებიც იკრებენ ძალებს. როგორც ჩანს, მალე ეს დაპირისპირება გაცილებით მასშტაბური გახდება, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ ევროპაში. თუ დღეს მიიჩნევა, რომ ურბანული ამერიკა ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის ერთგულია, არსებობს რეგიონალური ამერიკაც, სადაც ლგბტქ+ თემის სრული მიუღებლობაა. პოლიტიკოსებს შორის ძალიან ცოტა ფიქრობს, რომ ვინმე მართლა ლგბტქ+ თემის უფლებებისთვის იბრძვის. სინამდვილეში, ამ მეთოდით საკუთარი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ. ნეოლიბერალები, რომლებიც ლბტგქ+ თემს ამოფარებული ცდილობენ საკუთარი პოლიტიკის გატარებას, საზოგადოებას აღიზიანებენ და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში. ცოტა ხნის წინ მე მქონდა ზუმ-კონფერენცია, ჩემს ევროპელ კოლეგებთან და ვნახე, რომ ნეოლიბერალების მიმართ ბევრად აგრესიულები არიან, ვიდრე ჩვენ ვართ.

- ის ფაქტი, რომ ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთს ნეოლიბერალიზმთან, ლგბტქ+ თემთან, გარყვინელებასთან აიგივებს, არის თუ არა, ჩვენი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგი? - ხელისუფლება ჩიხშია მოქცეული. ქართული პოლიტელიტა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმიტომ, რომ სერიოზულ ზეწოლას განიცდიან სხვადასხვა მხრიდან, ხშირ შემთხვევაში - შანტაჟსაც კი. მაგალითად, ხელისუფლებას ხშირად ეუბნებიან, რომ თუ ვერ უზრუნველყოფ "პრაიდის" ჩატარებას, ვერ მიიღებ ფინანსურ დახმარებას. ამის შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ასეა.

მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე კი არა, ზოგად მხარდაჭერაზეა საუბარი, მაგალითისთვის ავიღოთ ზაზა გახელაძის ფაქტი: იქ ძალიან სერიოზული კოპლექსური მუშაობა მიმდინარეობდა, სადაც თავისი მნიშვნელოვანი ნიშა ჰქონდა დასავლურ ინსტიტუტებს. შესაბამისად, ხელისუფლება იძულებულია, ამ ყველაფერს ანგარიში გაუწიოს. პოლიტიკოსების მხრიდან ერთმანეთისთვის "რუსეთუმეობის" დაბრალება საზოგადოების წინაშე უკვე სასაცილო ხდება, მაგრამ ეს ფაქტორიც მუშაობს. რაც უფრო ანტაგონისტურ ნაბიჯს გადადგამ დასავლეთის მიმართულებით, მით უფრო მეტად ასხამ წყალს რუსეთის წისქვილზე...

ასეთი ბაკქანალია და იდეოლოგიური ჯახი გამოიწვია 90-იან წლებში მსოფლიო წესრიგის მოშლამ. ვერ ჩამოყალიბდა ისეთი მიდგომები, რომელიც კლასიკურ ლიბერალიზმზე იქნებოდა დაფუძნებული. შესაბამისად, ცალკეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა იმ მეთოდებით დაიწყეს ბრძოლა, რომლითაც შეეძლოთ. დღეს ჩვენ შედეგად ვიღებთ იმ პროდუქტს, რომელიც იმ ქაოსის შედეგია.

- თქვენი ვერსიით, რა მოხდა რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს? "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა ჯგუფი, რომლებმაც ჟურნალისტები სცემეს, იმართებოდნენ თუ არა რომელიმე პოლიტიკური ძალისგან და ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს ძალა?

- მგონია, რომ 5 ივლისს მოხდა დიდი პროვოკაცია. ყველა ჯგუფში იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმართებოდნენ ვიღაცებისგან. არ შეიძლება, რომ არ ყოფილიყვნენ მართულნი, გამორიცხულია. ბოლო დროს ასეთი მოცმეულობაა შექმნილი, - ნებისმიერი თავყრილობა გამოყენებულია რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ.

- როგორ გგონიათ, ჟურნალისტების ანგარიშსწორება დაგეგმილი იყო თუ ჩემი კოლეგები "პრაიდის" ორგანიზატორების ნაცვლად შერჩათ ხელში "პრაიდის" მოწინააღმდეგეებს?

- ხომ გითხარით, ჟურნალისტებს შორისაც იყვნენ პროვოკატორები-მეთქი. არ მითხრათ, არალოგიკურია, როგორ შეიძლება მოინდომო, დაგარტყანო. ამის უამრავი მაგალითია ქართულ რეალობაში. დავალებებიც კი გაიცემოდა რიგი პოლიტიკური ლიდერების მიერ, რომ კარგი იქნება, თუ დაგარტყამენო. არ მინდა ამის გაკეთება, თორემ სახელებით და გვარებით შემიძლია დავასახელო ჟურნალისტები, რომლებიც "პრაიდის" მოწინააღმდეგეებს ბრბოს უწოდებდნენ მათსავე გასაგონად. ეს ხომ მათთვის წითელი ნაჭერი იყო. ეს პროვოკაცია არ არის?! "პრაიდის" მოწინააღმდეგეებს შორისაც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ, ისე მოქცეულიყვნენ, როგორც მოიქცნენ. ვისგან ჰქონდათ დავალება მიღებული, არ ვიცი. სასულიერო პირებს შორისაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც "პრაიდის" მოწინააღმდეგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებნენ და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პირდაპირ აცხადებნენ, ქრისტეს სახელით უნდა ვიძალადოთო.

- ე.ი. გამოდის, რომ რუსული ჰიბრიდული ომის საცეცები ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფშია?

- კი, არის, მაგრამ ერთი რამეც ვთქვათ, ჩვენი საზოგადოება თავად ხომ არ უწყობს ხელს, რომ რუსული ჰიბრიდული ომი წარმატებული იყოს საქართველოში? რუსეთის დომინირება კი არ ხდება პროცესების შექმნის საქმეში, ჩვენ თავად ვაკეთებთ ყველაფერს რუსული ჰიბრიდული ომი წარმატებული რომ იყოს. საშინელ დღეში ვართ. ვიდრე კონსოლიდირებას და ერთმანეთის მოსმენას, გაგებას არ ვისწავლით, ვერასდროს გავხდებით სახელმწიფო, დავრჩებით ქვეყნად, რომელსაც რაღაც პოლიტიკური კონტურები აქვს. აი, ამის გაგება არავის უნდა.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)