"ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, პრორუსულ ნარატივს ემსახურება" - კვირის პალიტრა

"ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, პრორუსულ ნარატივს ემსახურება"

ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება, ეს არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ელოდება თუ არა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სანქციებს დაუწესებს.

მისივე თქმით, საქართველო აკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს პარტნიორობა და მეგობროაბა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც თანასწორუფლებიანია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.

"ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ გამორჩეული, უნიკალური სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სახელმწიფოსთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მხარდამჭერი, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამერიკას. მე ყოველთვის გამოვხატავ მადლიერებას, მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე მოყოლებული. რა თქმა უნდა, ყოველგვარი საუბარი და სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება, ეს არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი. ძალიან ბევრი ადამიანის განცხადება და ინტერპრეტაცია შეიძლება მოვისმინოთ, ზოგადი განმარტებაც შეიძლება მოვისმინოთ, როგორ მოქმედებს ამერიკა და რა ბერკეტებს იყენებენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ მეგობარი სახელმწიფო რეგიონში და ამის სრული უფლება მაქვს, ვთქვა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული მეგობარი ამერიკის სახელმწიფოსი და არა ცალკეული ინდივიდების და არც ცალკეული ჩინოვნიკების,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ამერიკის შეეთებული შტატების მხრიდან უკმაყოფილება არის გამოხატყული სასამართლოსთან მიმართებით, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, არც აშშ და არც ევროკავშირი იმავე კრიტიკას არ გამოხატავდა წინა ხელისუფლების სასამართლოსთან დაკავშირებით.

"მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, გავაკეთეთ ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შემდეგაც, ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული სასამართლოში. ჩვენ გვახსოვს კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით 2012 წლამდე, სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ და ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ სასამართლოს ფართომასშტაბიან რეფორმას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი, რომელიც არ მთავრდება ერთსა და ორ დღეში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდიალური და უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი. ჩვენ რაც გავაკეთეთ 8 წელში, არის როგორც დღე და ღამე, იყო ღამე გახდა დღე, ნათელი. სასამართლოს დამოუკიდებლობის გამჭვირვალეობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას, სანდოობის მხრივ ჩვენი სასამართლოს მიმართ მოქალაქეების მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, რა კითხვები არსებობს ? შეიძლება ვიღაცას ჰქონდა რაღაც გარკვეული კითხვები და რაღაც გაუგებკრობა შეიქმნას, მე გაძლევთ პირობას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ მთავარ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა- განმარტება,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"