"რატომ უნდა გადავაყოლოთ 6 მოსამართლეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა?!" - კვირის პალიტრა

"რატომ უნდა გადავაყოლოთ 6 მოსამართლეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა?!"

"საქართველოს ხელისუფლება თვალსა და ხელს შუა ანტიამერიკული ძალა ხდება"

"ველოდები, რომ ასეთი განცხადების მერე ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზის მიღება უფრო გამარტივდება, რადგან მათთვის ცხადია, რა პირობებში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობა", - ასე ეხმიანება "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია აშშ-ის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე.

- თუ ხელისუფლება პარტნიორების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ეს ნიშნავს, რომ გეზი რუსეთისკენ გვაქვს აღებული. სწორედ ამას მიანიშნებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები. საქართველოს ხელისუფლება თვალსა და ხელს შუა ანტიამერიკული ძალა ხდება. ამას მოსახლეობამ შემოდგომაზე მკაფიო პასუხი უნდა გასცეს. შეიძლება ეს იყოს უკანასკნელი შანსი, როცა ჩვენი მეგობრები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ცდილობს ჩვენი სახელმწიფო ვექტორი რუსეთიდან დასავლეთისკენ მიატრიალოს. ყველა შენიშვნა უნდა გავითვალისწინოთ. რატომ უნდა გადავაყოლოთ 6 მოსამართლეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა?!

- "ვინმე ჩინოსანმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის ადმინისტრაციას", - განაცხადა "ოცნების" ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ვინმე ჩინოსანში კელი დეგნანს გულისხმობს. - გულდასაწყვეტია, რომ ამ განცხადებაში კელი დეგნანი იგულისხმება, ის ჩვენს ქვეყანას გულშემატკივრობს. დარწმუნებული ვარ, თავიანთი არგუმენტი ბევრჯერ ექნებათ წარდგენილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, თუმცა ჩვენ ამ უწყებისგან მაინც მოვისმინეთ კრიტიკული განცხადება მოსამართლეების დანიშვნის შესახებ. მინდა, პროამერიკელმა ამომრჩეველმა "ოცნებას" კურსის ცვლილების გამო საკადრისი პასუხი გასცეს არჩევნებზე.

- სანქციების დაწესების საფრთხეს რეალურად ხედავთ? - გამორიცხული აღარაფერია. ძალიან ცუდი ის არის, რომ "ქართული ოცნება" ვერ ხედავს რეალობის სიმძიმეს.

- თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ "ქართულ ოცნებას" პრორუსულ ძალად არ მიიჩნევდით. აზრი შეიცვალეთ? - მე არა მაქვს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" შეკრულია პუტინთან, მაგრამ ჩემთვის ტესტია მათი დამოკიდებულება ამერიკის დეპარტამენტის განცხადებებისადმი, მათი კრიტიკისა და რეკომენდაციების უგულებელყოფა.

- რატომ გამორიცხავთ, რომ "ქართული ოცნებისთვის" შესაძლოა მართლაც გაუგებარია ის შეფასებები, რომლებიც მოსამართლეების არჩევის გამო ვრცელდება? - "ოცნების" ლიდერები ყველაფერს კარგად ხვდებიან, უბრალოდ, სასამართლოზე კონტროლის დაკარგვა და ხელისუფლების დათმობა ისე ეძნელებათ, მზად არიან ქვეყნის ინტერესები მსხვერპლად შეიწირონ.

- ბოლო დროს სოცქსელში ხშირად ჩნდება პოსტები, სადაც ადამიანები აპროტესტებენ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს და ამას ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევად თვლიან. ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობა იზრდება? - ვფიქრობ, საზოგადოებაში იმდენად ძლიერია პროდასავლური განწყობა, რომ "ოცნების" დასამარცხებლად საკმარისი იქნება. თუ "ოცნებას" ანტიამერიკულობა დაუდასტურდება, რა რესურსიც უნდა გამოიყენოს, არჩევნებს მაინც წააგებს.

- ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის პრემიერობის კანდიდატი გახდეს, თუ ოპოზიცია მხარს დაუჭერს. - ვახომ იხუმრა, მაგრამ თუ ოპოზიცია ამ ხუმრობას სერიოზულად აღიქვამს ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვექნება.

ხათუნა ბახტურიძე