"სიმართლე ხელისგულზე დევს და მისი გამრუდება მხოლოდ დამახინჯებული ინფორმაციის დამსახურებაა..." - კვირის პალიტრა

"სიმართლე ხელისგულზე დევს და მისი გამრუდება მხოლოდ დამახინჯებული ინფორმაციის დამსახურებაა..."

"კურსის შეცვლაზე, ასევე სანქციებზე, რაც ძალიან სურთ ჩვენს ოპონენტებს, საუბარიც კი ზედმეტია"

მმართველი გუნდის დეპუტატის შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, "ქართული ოცნება" ზედმიწევნით ასრულებს შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს. "ეს ჩემი პოზიცია კი არა, რეალობაა - "ქართული ოცნება" სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს. იგივე შემიძლია ვთქვა სასამართლოს რეფორმაზე, რომელიც ერთწლიანი პროცესია და 2022 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს" - აცხადებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა კითხვაზე, მაშ, რატომ აკრიტიკებენ ასე მწვავედ ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები, დეპუტატი პასუხობს, რომ შესაძლოა მათ "დამახინჯებული ინფორმაცია" მიაწოდეს...

- არ ვიცი, ეს გაუგებრობა იყო თუ შეგნებულად დამახინჯებულად გავრცელებული ინფორმაცია. სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ისე, როგორც ხელშეკრულებაში წერია. კერძოდ, მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერებულიყო, კანონმდებლობა ვენეციის კომისიასთან შესაბამისობაში უნდა მოსულიყო, შემდეგ კი დამატებით კანდიდატებს მისცემოდათ შესაძლებლობა შესარჩევ კონკურსში ჩართულიყვნენ და ასე დასრულებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა.

მარტის ბოლოს შეჩერდა პროცესი, აპრილში კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები და ახალმა აპლიკანტებმა შეიტანეს განაცხადი, რითაც პროცესი დასრულდა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა განმარტება სიმართლე არ არის.

ეს ჩემი პოზიცია კი არა, რეალობაა - "ქართული ოცნება" სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს. იგივე შემიძლია ვთქვა სასამართლოს რეფორმაზე, რომელიც ერთწლიანი პროცესია და 2022 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.

- მაშ, რით არის განპირობებული სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და ელჩების კრიტიკა? - ვერ გეტყვით, შესაძლოა დაუკავშირებელი საკითხების დაკავშირების პრობლემასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც გამოვთქვი ეჭვი, რომ დამახინჯებით მიდის ინფორმაცია. ამბიციური სასამართლო რეფორმის ვადები გაწერილია 2022 წლის გაზაფხულამდე. უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლე უნდა იყოს, ბოლო დანიშვნებამდე დარჩენილი იყო 16 მოსამართლე და ეს უნდა შევსებულიყო. ჩვენ ვამბობთ, რაც ხდება, განსხვავება რაშია, თავად თქვან. ერთადერთი, რის გამოც ოპონენტები გვაკრიტიკებენ, ის არის, რომ ეს პროცესი შეჩერდა და კანონი შეიცვალა 19 აპრილის შეთანხმების ხელის მოწერამდე. ეს დაიხვიეს თითზე - თუკი შესრულებულია, რატომ წერია 19 აპრილის შეთანხმებაში, თუ უკვე შესრულებული იყოო.

"ქართული ოცნების" გარდა, ყველა სხვა პარტია, რომლებიც პარლამენტში არიან, არ ასრულებს შეთანხმებას. "ლელომ" საარჩევნო რეფორმას ხმა არ მისცა, სხვა პარტიები ამნისტიის მხარდაჭერაზე უარს ამბობენ...

- თუმცა ბოლო ხანებში "ქართული ოცნების" მუშაობით იმედგაცრუებული სტრატეგიული პარტნიორები სანქციების საფრთხეებზეც კი ლაპარაკობენ. - დიახ, ამიტომაც განვაცხადე, დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან, თუ როგორ სრულდება შეთანხმება-მეთქი. ვფიქრობ, თავად ჟურნალისტებმაც უნდა შეადარონ ტექსტი დოკუმენტს და დასკვნა გამოიტანონ.

- ინფორმაციას ვინ ამახინჯებს? - მიზეზთა გამო ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ უკვე არაერთხელ ვთქვი, რა თქმა უნდა, ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება... მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან საქმე ეხება ჩვენს პარტნიორებს. რაც შეეხება შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციის მიწოდება დამახინჯებით თუ დამახინჯების გარეშე, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ვიტყვი, ეს ძალზე არაკეთილსინდისიერი საქციელია. არ ვაპირებ ნიკა გვარამიასავით, გიგა ბოკერიასავით ან ნიკა მელიასავით მოვიქცე, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს უდიერად რომ მოიხსენიებენ.

- მიგაჩნიათ, რომ უცხოელ მხარდამჭერებს მმართველ გუნდთან პირდაპირი კომუნიკაცია არა აქვთ და მხოლოდ ერთი კონკრეტული პირისგან ან სულაც მედიისგან იღებენ ინფორმაციას? - არ ვიცი... ინფორმაცია სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება, ზოგი ქართულია, ზოგიც ინგლისურენოვანი... თუმცა სიმართლე ხელისგულზე დევს და მისი გამრუდება მხოლოდ დამახინჯებული ინფორმაციის დამსახურებაა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი დამოკიდებულებით "ოცნება" დასავლეთის კურსს შორდება? - არა, ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. სხვა თუ არაფერი, საქართველოსა და აშშ-ს სხვადასხვა სფეროში ძალიან მჭიდრო, სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ. ეს მოიცავს სამხედრო თანამშრომლობას, სავაჭრო და კულტურულ კავშირებს. ასე რომ, კურსის შეცვლაზე, ასევე სანქციებზე, რაც ძალიან სურთ ჩვენს ოპონენტებს, საუბარიც კი ზედმეტია.

- ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს 5 ივლისის მოვლენების გამო "დაუყოვნებლივ მიიღონ პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები". შესაძლებელია თუ არა ამას მმართველი გუნდის წევრების თანამდებობები შეეწიროს? - არა, ეს წარმოუდგენელია. ჩვენი პარტნიორები 5 ივლისის პროცესებში მონაწილე ყველა დამნაშავის დასჯას გულისხმობენ. ამასთან, საუბარია ევროკავშირის დროშის ჩამოხევაზეც. არაერთ ქვეყანაში გვინახავს მასობრივი არეულობები, როდესაც პოლიციას ძალადობის განმუხტვა უჭირს. გვახსოვს "ყვითელი ჟილეტების" აქცია, რომელიც თვეები გრძელდებოდა, მაგრამ იმასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში, რომ მასობრივი არეულობის ლოკალიზება სწრაფად ვერ ხერხდება. 1, 3 და 6 ივლისს შსს-მ იცოდა, რომ აქცია იმართებოდა და მისი განეიტრალებაც შეძლო ისე, რომ არავინ დაზიანებულა. 5 ივლისსაც დაანონსებული იყო აქცია, თუმცა ძალადობა დაიწყო დაანონსებულ დროზე ბევრად ადრე, თან იმაზე, ვისზეც არ იყო მოსალოდნელი. არასდროს გვინახავს აქციებზე ასეთი მასობრივი ძალადობა ჟურნალისტებზე. რამდენიმე ფაქტი მოხდა წინა ხელისუფლების დროს. გახსოვთ, ალბათ, "იმედისა" და "იბერიის" შემთხვევები, როდესაც შეცვივდნენ ტელევიზიაში. ასე რომ, როგორ შეიძლება გვქონოდა იმის მოლოდინი, რაც აქამდე არ ყოფილა. არც ჟურნალისტები ელოდნენ ამას. ისე კი არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმას, რომ ქართული მედიის ნაწილი გაემიჯნა ნამდვილ ჟურნალისტიკას. მაინტერესებს, რატომ დუმს იმ სამი არხის მუშაობის სპეციფიკაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია? ეს ხომ მათი პასუხისმგებლობაც არის? რამდენიმე მედიამენეჯერმა პირდაპირ პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია ტელევიზიები და თან ისე, რომ დამოუკიდებელ მედიას უწოდებენ თავს. მათგან განსხვავებით, "გირჩი-ტვ"-ს აქვს სინდისი და პირდაპირ ამბობს, რომ პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი პარტიული ტელევიზიაა, "მთავარ არხს", "ტვ პირველს" და "ფორმულას" კი დამოუკიდებლობის ამბიცია აქვთ.