"კრემლში ხელებს იფშვნეტენ" - კვირის პალიტრა

"კრემლში ხელებს იფშვნეტენ"

"თავი იჩინა კლერიკალურ იდეოლოგიასთან სავალალო პოლიტიკურმა თამაშმა"

ბოლოდროინდელ მოვლენებზე "კვირის პალიტრას" ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ესაუბრა:

- სამწუხაროდ, წლებია, ვხედავთ, რაციონალური ელემენტის როგორი დეფიციტია ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის, ვინც სიმშვიდესა და წონასწორობას ინარჩუნებს, ვერ ახერხებს პროცესებზე ზეგავლენას. ეს დეფიციტი უბრალო რამ არ გახლავთ - დიალოგისა და თანამშრომლობის უნარის დეფიციტიც მოსდევს და შედეგად მუდმივ კვაზირევოლუციურ დუღილს ვიღებთ. სიტუაციას სიკეთისა და ბოროტების საბოლოო შეჯახების ტერმინებში აღწერს მედიაც, პოლიტიკური კლასიც და ეკლესიის ბევრი წარმომადგენელიც. ცხადია, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია თანამშრომლობისა და პროგრესის რეჟიმის დამყარება. 5 ივლისს მედიაზე შეტევა ვნახეთ. არადა, დიდი ხანია, მთელი ჩვენი საზოგადოება იღებს ძალაუფლებისთვის ვულგარული ბრძოლის, გაუწონასწორებელი ვნებების, თეატრალური პათეტიკისა და ცივი სამოქალაქო ომის ყველა შესაძლო გამოვლინების შეტევებს. ყველა მხარე ქართული სახელმწიფოს შესახებ ჭეშმარიტების მონოპოლიური მფლობელია და საპირისპიროსთან დიალოგს შიშის თუ უპრინციპობის ნიშნად თვლის. ჰოდა, განა შეიძლებოდა სხვა შედეგი მიგვეღო?

ჯერჯერობით საგანგებოდ არ მინდა საგარეო ფაქტორებს და ჰიბრიდულ ომს შევეხო. საგარეო მტერი სწორედ ჩვენი გაუწონასწორებელი და არარაციონალური ქცევით სარგებლობს. სამწუხაროდ, კარგად გვიცნობენ. ოცდახუთი წლის წინ ვწერდი იმის შესახებ, რომ სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იქნებოდა ის ინსტიტუცია, რომლის გამოყენებასაც შეეცდებოდნენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები პრორუსული სენტიმენტებისა და ევროამერიკული სივრცის მიმართ სიუცხოვის დასანერგავად. არ ვგულისხმობ ეკლესიას როგორც ქრისტეს მისტიკურ სხეულს, რომლის ნაწილიც ვართ ყველა ქრისტიანი. მის იმ სოციალურ რაობას ვგულისხმობ, რომელსაც ხასიათს ის პირები სძენენ, ქრისტიანობის სახელით დუგინისტურ მისტიკურ გეოპოლიტიკას რომ ქადაგებენ და თავს უფრო პათეტიკური პატრიოტიზმის ქურუმებად გრძნობენ, ვიდრე ქრისტიან მოღვაწეებად. საბედნიეროდ, ასეთი ბევრი არ არის. ისინი არ წარმოადგენენ სასულიერო პირთა შორის უმრავლესობას, მაგრამ როგორც ჩვენში ხშირად ხდება, იოლად იკვრებიან ერთ ძალად. ბოლო მოვლენებმა ცხადყო, რომ ისინი უკვე ძალაუფლებისთვის იბრძვიან. რამდენიმე დღით ადრე თავიანთი ძალის ჩვენებას და მილიონიან აქციას გვპირდებოდნენ. არადა, ქრისტიანობასთან შინაგან კავშირს კარგავენ. ეს 5 ივლისის ძალადობიდანაც ჩანს...

პრაიდის გამართვის იდეამ მათ მობილიზებას შეუწყო ხელი. ამიტომაც წუთითაც არ უნდა იფიქრონ პრაიდის იდეის ავტორებმა, რომ ყოველგვარი ეჭვისა და კრიტიკის გარეთ არიან. ისინი გამოხატვის თავისუფლების იდეით ოპერირებენ და თავს არ იწუხებენ იმის გახსენებით, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე ბოროტებას შობს. თუ შენი საქციელი შენივე გარემოს უარესს გახდის, ეს საქციელი არ ყოფილა თავისუფალი. პრაიდის იდეამ რამდენჯერმე განაპირობა არასასურველი ძალებისა და ვნებების გამოღვიძება. ღმერთმა ქნას, ეს შემთხვევითი იყოს, თუმცა, სულო ცოდვილო, სერიოზული ეჭვი ნამდვილად შეიძლება გაუჩნდეს კაცს. მოკლედ რომ ვთქვათ, კრემლში ხელებს იფშვნეტენ. განგებ არ ვეხები პრაიდისტების იდეოლოგიას. ეს მათი საქმეა. პირადად ჩემთვის სექსუალური ორიენტაცია არ არის ადამიანის შეფასების მთავარი კრიტერიუმი და ის იდეა, რომლითაც მთელმა საზოგადოებამ უნდა იცხოვროს. მთავარია, ჩვენს კულტურას სქესობრივი ცხოვრება, თუნდაც ის უაღრესად ტრადიციულიც იყოს, ფასადზე არ გამოაქვს. ამიტომაც ყოფით სიტუაციაში საზოგადოების რიგითი წევრი ნაკლებად ფიქრობს ვინმეს ორიენტაციაზე, მაგრამ მისთვის უკიდურესად უცხოა ინტიმური ცხოვრების საჯაროდ გამოტანა და იდეოლოგიზება, მით უმეტეს, როდესაც საქმე არატრადიციულთან გვაქვს. თუკი მათი უფლებები იზღუდება და დევნიან (რაშიც ნამდვილად ეჭვი მეპარება თუნდაც იმ მიზეზით, რომ რამდენიმე საკმაოდ წარმატებულ და პოპულარულ არატრადიციული ორიენტაციის პირს ვიცნობ), არსებობს თვითგამოხატვის გაცილებით შედეგიანი ფორმები და არა ის, რომელსაც ასეთი შედეგები მოსდევს... ვფიქრობ, რომ მათი პრობლემა უფრო ფსიქოლოგიურია და არა სოციალური, თუმცა კი პრაიდის იდეის მუდმივმა განმეორებამ ის მართლაც გადმოიტანა სოციალურ სივრცეში. დაფიქრებაა საჭირო, რომ მოცემულ სიტუაციაში უნებურად ჰიბრიდული ომის ან შიდაპოლიტიკური ბრძოლების ინსტრუმენტად არ იქცე.

ისევ ეკლესიის თემას დავუბრუნდები. ეკლესია დღეს ჰიბრიდული ომის ეპიცენტრშია. კლერიკალიზმი დღეს მას ისევე ემუქრება, როგორც მავანთა მებრძოლი ათეიზმი. რთული პერიოდი უდგას. რუსეთში, ალბათ, თავსაც არ იწუხებენ ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის რაიმე ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე. ჩვენ მათ გარეშეც ვქმნით პოლარულ დაპირისპირებებს და შემდეგ მთელი საზოგადოება დაძაბულობაში ცხოვრობს. მათ ისღა დარჩენიათ, ხანგამოშვებით შეგვეშველონ ამაში.

- რამდენად ადეკვატური იყო სახელმწიფო ამ დღეებში? - პრემიერის განცხადება რომ არ იყო ადეკვატური, ცხადია. ხელისუფლების წარმომადგენლებს, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოდ დასჩემდათ მსგავსი განცხადებები. თუნდაც ბატონების ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის შანტაჟის ნიშნების მქონე განცხადება რად ღირს იმის შესახებ, რომ, თურმე ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს განცხადებაც უწყობს ხელს დასავლური სივრცისგან გაუცხოებას. ღმერთმა ქნას, ეს მხოლოდ დაუფიქრებლად მოუვიდათ.

რაც შეეხება 5 ივლისს, პრევენციული ზომების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. თავი იჩინა კლერიკალურ იდეოლოგიასთან სავალალო პოლიტიკურმა თამაშმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებისთვის ეს დაპირისპირება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი პრობლემისგან თავის დაღწევის საშუალებად იქცა. ასე იყო ახალგაზრდული გამოსვლების დროს ამ ორიოდე წლის წინ. ძალიან ხშირად, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობის სიმწვავე ზღვარს აღწევს, ასპარეზზე პრაიდისტები და ანტიპრაიდისტები გამოდიან და ყურადღება სხვაზე გადააქვთ. იმედია, ხელისუფლებაში ვინმე მაინც არის ისეთი, ვისაც ესმის, თუ რა შორს მიმავალი საშინაო და საგარეო შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს.

- იმ დღის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის ნაწილს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ევროპის მიმართ... რისი იმედი შეიძლება გვქონდეს მაშინ, როცა ევროკომისრის თბილისში ვიზიტს წინ უძღოდა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ორჯერ ჩამოგლეჯა? - ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს გაუწონასწორებელ და არარაციონალურ პოლიტიკურ ქცევას, იდეოლოგიურ სნობიზმს, ერთი მხრივ, და პათეტიკურ ნაციონალიზმს, მეორე მხრივ, თუ რა შეიძლება მოიტანოს საკუთარი სურვილებისა და ილუზიების ტყვეობამ. ეს ზოგადად, კონკრეტულად კი რუსული ჰიბრიდული ომის სტრატეგოსებმა შეძლეს ანტიდასავლური ძალების მობილიზება და ამაში, სამწუხაროდ, დიდი როლი ითამაშა როგორც პროდასავლური ძალების კონცეპტუალურმა სიღატაკემ და იდეოლოგიურმა სნობიზმმა, ისე ქართული კონსერვატიზმის უუნარობამ, აქ და ახლა, დღევანდელ სამყაროში იპოვოს თავი. ქართული კონსერვატიზმი კვლავ საბჭოთა ეპოქის ქართული პათეტიკური პატრიოტიზმის ტყვეობაშია და არც ცდილობს გააზრებას, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეროვნული იდეა აქ და ახლა, 21-ე საუკუნეში. ის გაურბის დღევანდელ სამყაროს და ამოცანად ვერ აღიქვამს მას. ასეთი იდეოლოგია კი იმთავითვე უნაყოფო და მხოლოდ ისტორიული კაპიტულაციის მომტანია.

- არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქვეყანაში ვითარება ისევ არასტაბილურია, მით უფრო მაშინ, როდესაც რეგიონში ასე საინტერესოდ ვითარდება მოვლენები - ცალკე რუსეთი და ცალკე თურქეთი ცდილობენ დასავლეთის განდევნას და თავის დამკვიდრებას... - დღევანდელი გადასახედიდან არჩევნები პოლიტიკური ძალების ერთგვარ გადანაწილებას მოგვცემს, მაგრამ საერთო სურათი არ შეიცვლება. დღეს არა გვყავს პოლიტიკური ძალა, რომელიც პოლიტიკურ და, შესაბამისად, ისტორიულ ალტერნატივას შემოგვთავაზებს. ამასობაში, ძირეულად შეიცვალა რეგიონის გეოპოლიტიკური სურათი, ჩვენ კი ჩართული ვართ ბრძოლაში ისეთი თემების გამო, რომელთაც პრიორიტეტულს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ.