"დასავლეთს უნდა, როგორმე შიდა დაპირისპირება აგვაცილოს... სანქციებს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართავენ" - კვირის პალიტრა

"დასავლეთს უნდა, როგორმე შიდა დაპირისპირება აგვაცილოს... სანქციებს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართავენ"

"არ ვიცი, რად უღირს ხელისუფლებას მუდმივი კრიტიკის ატანა"

ქვეყანაში მუდმივი რყევები და არასტაბილურობის განცდაა. როგორი შეიძლება იყოს დასავლეთის რეაქცია ხელისუფლების გაჯიუტებაზე - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრა:

- ქვეყანაში მუდმივი არასტაბილური, მყიფე ვითარება ხელსაყრელია ერთადერთი ქვეყნისთვის - რუსეთისთვის. ამ საფრთხის დაუნახაობა შეუძლებელია, მით უფრო, რეგიონში ვითარება იმდენად მძიმეა, რომ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებისთვის არის სასურველი, ქართული სახელმწიფოსთვის კი - დამანგრეველი. ამის მიუხედავად, მაინც მიდის დაუნდობელი ბრძოლა ძალაუფლების მოპოვების ან შენარჩუნებისთვის. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ, თორემ ქვეყანას რა ეშველება და როგორი იქნება მისი მომავალი, მათთვის მეორეხარისხოვანია. ამჟამად ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას სწორედ აქეთ მიჰყავს პროცესები. ამ სიტუაციაში აუცილებელია პასუხისმგებლობების გადანაწილება ორივე მხარეს, თუმცა წამყვანი როლი ხელისუფლებას ეკისრება, ვალდებულია პროცესი იმ მიმართულებით წაიყვანოს, რომლითაც ქვეყანაში სტაბილურობას შეინარჩუნებს...

ხვალ რომ გამოკითხვა ჩაატარონ, მოსახლეობის 70% მაინც ევროპულ ინტეგრაციას დაუჭერს მხარს. ისინიც კი, ვინც პრორუსულ კურსს ან ნეიტრალიტეტზე გაჰკივიან, როგორც კი ყოფით პრობლემებზე მიდგება საქმე, მაშინვე დასავლეთისკენ უფრო იხრებიან, ვიდრე რუსეთისკენ. მოსახლეობის უმრავლესობა დასავლეთისკენ იყურება და ამ კურსზე შეწინააღმდეგება, ფაქტობრივად, თვითმკვლელობას უდრის. ისედაც, პოლიტიკურ სპექტრში როგორც კი ვიღაცას ეტყვი, რომ პრორუსი ხარო, მაშინვე უარყოფს ამას, ლევან ვასაძის გარდა. თუმცა ისიც ერთგვარი კამუფლაჟი მგონია - პრორუსობაზე მისი ლაპარაკი არსებული პრორუსი ძალების შენიღბვას ჰგავს. ეს კი ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა საზოგადოების განწყობას ითვალისწინებს. ნებისმიერი არჩევნების შედეგების მიხედვით, ვის მიმართაც კი პრორუსობის ეჭვი გაჩნდა, მან ხმების მცირე რაოდენობა მიიღო... პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება ანგარიშს არავის უწევს, არ ვიცი, რად უღირს ასეთი გაჯიუტება და მუდმივი კრიტიკის ატანა მოსამართლეების გამო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ელჩი, უფრო ადრე კი ევროკავშირის წარმომადგენლები და სახელმწიფო მინისტრები, აკეთებენ უზენაესი სასამართლოს კანდიდატებსა თუ სხვა თემებზე განცხადებებს, თუმცა ყველა იგნორირებულია.

არც ოპოზიციაზე ვარ დიდი წარმოდგენის. განვითარებულ ქვეყნებში, როდესაც ხელისუფლება არასწორად მოქმედებს, ოპოზიცია ცდილობს კონსტრუქციული იყოს. თუმცა ჩვენთან ოპოზიცია ხელს უწყობს სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციას.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს. ორივე ცდილობს ვითარების გამწვავებას და მოსახლეობის პოლარიზაციას. ეს გასაგებიცაა, პოლარიზაციას შუის გაკრეფა მოჰყვება, თუმცა არაერთხელ ვნახეთ, რომ შუა არ ვარგა - ექვსთვიანი ბატალიების მიუხედავად, დღემდე ვერ შეთანხმებულან, როგორ წარმართონ პოლიტიკა... ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებამ ახალი კონფლიქტის კერების საფრთხე წარმოქმნა. სამხრეთ კავკასიაში თურქეთ-აზერბაიჯანისა და რუსეთ-სომხეთის კავშირები გამოიკვეთა. ორივე მათგანს მისთვის სასურველი სცენარის განვითარებაში საქართველო "უშლის ხელს". არც ერთ მათგანს არ სურს სხვა, მესამე ძალის შემოსვლა.

- რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეგიონში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მესამე ძალა შემოვიდეს? - სრულიად არაფერს. ჩვენს შიდა მორევში ვტრიალებთ. როდესაც დასავლეთიდან მეგობრები მოგვიწოდებენ, რთული ვითარება გაქვთ, დასაკარგი დრო არ არისო, არაფრად ვაგდებთ. არადა, ცდილობენ საფრთხე დაგვანახონ... ჰოდა, ახლა ისმის კითხვა - იმ კონფლიქტის მოგვარება ამ ვითარებაში ახალ კონფლიქტებს ხომ არ წარმოშობს? რატომ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში რუსეთს ინტერესები არ ექნება? ეს ხომ ახალი თემა არ არის, 1988 წლიდან არსებობს. რატომღაც ორივე პოლიტიკურ ძალას ჰგონია, თუ თავად მოვა ან შეინარჩუნებს ხელისუფლებას, მერე მოაგვარებს ამ პრობლემებს. როდესაც წლების განმავლობაში პრობლემა პრობლემად რჩება, ის გადაგვარებას იწყებს. ვერც ქართველი საზოგადოება აღმოჩნდა იმ დონეზე, რომ თავის თავში წარმოშვას მესამე ძალა. არ აღმოგვაჩნდა ამის რესურსი... პოლარიზაცია მხოლოდ პოლიტიკური კი არა, საზოგადოებრივ და სასულიერო წრეებსა და წარმოიდგინეთ, მედიასაშუალებებშიც აშკარაა. ეს გვაჩვენა 5 ივლისის მოვლენებმა. ერთი მღვდელმთავარი ქუჩაში დადიოდა და ძალადობისკენ მოუწოდებდა მრევლს, მეორე კი, ქაშუეთის ტაძარში პარაკლისს ატარებდა; ერთი მღვდელი, არ შევეპუოთო, აგულიანებდა მოძალადეებს, მეორე - ხელს აფარებდა და ადამიანების დაცვას საკუთარი მხრებით ცდილობდა. იქაც ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. თუ საპატრიარქომ ლოცვისკენ მოუწოდა სასულიერო პირებს, მეორე ნაწილი ქუჩაში რას აკეთებდა? ეს პოლარიზაცია, ყველა სფეროში არსებული რყევები მხოლოდ მტერს აწყობს.

- "მრავალ შესაძლო ინსტრუმენტთაგან ერთ-ერთი სანქციებია", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა... შესაძლებელია საქმე აქამდე მივიდეს? - სანქციებს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართავენ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველანაირად ეცდებიან არჩევნებმა და მისმა შემდგომმა პერიოდმა მშვიდად ჩაიაროს. დასავლეთს უნდა, როგორმე შიდა დაპირისპირება აგვაცილოს. ისეთი განცხადება, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა, მხოლოდ ერთი მახსოვს, ისიც შორეულ წარსულში, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო, რაზეც ვუპასუხეთ, დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიანო. ამ განცხადების პათოსი დღესაც შესამჩნევია, მაგრამ დაგვავიწყდა, რომ როდესაც ცურვა არ იცი და სწავლას აპირებ, ჯობია დინების მიმართულებით ისწავლო და შემდეგ გარისკო საპირისპიროდ. სწორედ ეს მოგვივიდა მაშინ - დინების საწინააღმდეგოდ კი არა, დინების გაყოლაც არ ვიცოდით და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მაშინ ვეღარ გვიშველეს. დღეს დასავლეთს ბევრად მეტი მექანიზმი აქვს ქვეყანაში განვითარებული პროცესების გასანეიტრალებლად...