"თუ ხელისუფლება გადადგება, მხოლოდ დასავლეთის ზეწოლის გამო და არა იმიტომ, რომ..."
"თუ ხელისუფლება გადადგება, მხოლოდ დასავლეთის ზეწოლის გამო და არა იმიტომ, რომ..."
"გასაგებია, რომ ყოველთვის ყველაფერზე, ძირითადად, ხელისუფლება აგებს პასუხს, მაგრამ თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა მხარეს აკისრია. თავი არავინ შეიკავა და ვნახეთ ბარბაროსობა!"

რა საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას დღევანდელი პოლიტიკური ვითარება? ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება.

- ევროპიდან ჩვენ სერიოზულ ფინ­ანსურ­ დახმარებას ვიღებთ, გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერაც და ამის დაკარგვა არ შეიძლება. ევროპელებსაც არ უნდათ, ამის გამო საქართველო­ დაიკარგოს.­ გონივრული ნაბიჯებით, კომპრომისით ისინიც ეცდებიან, რომ ქვეყანა არ დააზარალონ.­ მე ევროპელი
მეგობრების იმედი უფრო მაქვს.

- კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, მოსამართლეებს მაინც ნიშნავენ, რატომ?
- როგორც ვიცი, ხელისუფლება ფორმალურად არ არღვევს შეთანხმებას, მაგრამ ევროპელები ამბობენ, რომ დაირღვა სულისკვეთება.

- შარლ მიშელი ისევ ეწვია საქართველოს.­ განსაკუთრებული ყურადღება რას მიექცევა?
- ამ კაცმა დოკუმენტზე მოგვაწერინა­ ხელი და ეს უნდა შესრულდეს. იმედი
მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, აღმოაჩნდება თვითგადარჩენის ინსტინქტი და იქ ჩამოთვლილ პუნქტებს შეასრულებს,­ რადგან დასავლეთთან დაპირისპირება სიგიჟეა. ხელისუფლებაში არიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, უნდათ ამ ყველაფრის გათვალისწინება.

- ქვეყანაში არეულობა ხელს აძლევს რუსეთს. ამ ვითარებაში მისი გავლენა ხომ არ ძლიერდება და რა საფრთხეა მოსალოდნელი?
- სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში რუსული ნარატივი გაძლიერდა. ისინი სპეკულირებენ იმით, რომ დასავლეთი მხოლოდ დევნილების უფლებებს იცავს, რაც გავლენას მოახდენს საქართველოზე­. ხშირად ისეთი­ შთაბეჭდილება მრჩება, რომ დასავლე­თთან ინტეგრაციის თემა ხელოვნურად იქცა ერთ საკითხად - თითქოს დასავლეთში მხოლოდ გეიქორწინებებია და სხვა არაფერი ხდება. არადა, მთავარი ხომ ადამიანის უფლებები და სასამართლოა! სქესობრივი უმცირესობების დაცვა მხოლოდ ნაწილია ამ ყველაფრის. ბუნებრივია, ეს საკითხი მოსახლეობის დიდ ნაწილს აღიზიანებს და მოხდა ის, რაც მოხდა. შესაბამისად, დაზიანდა ქვეყანა და ამაში დამნაშავეა ყველა მხარე. ყველას უნდა გაეთვალისწინებინა თავისი წილი პასუხისმგებლობა. გასაგებია, რომ ყოველთვის ყველაფერზე, ძირითადად, ხელისუფლება აგებს პასუხს, მაგრამ თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა მხარეს აკისრია. თავი არავინ შეიკავა და ვნახეთ ბარბაროსობა!

რუსეთი რომ ჩვენკენ მოიწევს, ბუნებრივია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე ეს პროპაგანდა სერიოზულად არ მოქმედებს, რადგან ახალგაზრდობა პროდასავლურად არის განწყობილი და ამას რუსეთიც ხედავს. რუსეთი ცდილობს, ყველანაირად წინ აღუდგეს ნატოში ჩვენს ინტეგრაციას. ის ყოველთვის ეცდება, ხელი შეგვიშალოს განვითარებაში, რადგან მდიდარი ქვეყანა თავისუფალია და მარწუხებში იოლად ვერ მოაქცევ.

- 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმას და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას აქციები მოჰყვა. დღეს უკვე ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. რის დათმობა მოუწევს ხელისუფლებას?
- 5 ივლისის მოვლენებზე ჟურნალისტების რეაქცია ბუნებრივი და გასაგებია, მაგრამ მუქარა, რომ გადადგეს ღარიბაშვილი, თორემ არ ვიმუშავებთ­ და სტუდიებში­ არ შევა­ლთო, არასერიოზულია. თუ ხელისუფლება გადადგება, მხოლოდ დასავლეთის ზეწოლის გამო და არა იმიტომ, რომ ვიღაც ოპოზიციონერი ჟურნალისტი არ იმუშავებს. ასე რომ, ამ მოთხოვნით მათი პროტესტი დიდ შედეგს ვერ მოიტანს...

- ამ მოვლენებს დასავლეთის რეაქცია უკვე მოჰყვა. ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდება?
- სწორედ დასავლეთის ზეწოლაზე რეაგირება მგონია გურამ ფალავანდიშვილისა და ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინების გაჩხრეკაც. ვფიქრობ, ზეწოლა არ შეწყდება, სანამ ისინი არ დარწმუნდებიან, რომ 5 ივლისის დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯნენ. ხელისუფლებამ მართლაც ვერ გათვალა, რაც მოხდა. იფიქრეს, 5 ივლისს რუსთაველზე გეიპარადს თუ არ ჩავატარებინებთ, მოსახლეობის დიდი ნაწილის გულს მოვიგებთო, მაგრამ ვერ წარმოიდგინეს, რომ ის ბრბო ჟურნალისტებს დაერეოდა. სამწუხაროდ, ადამიანი გარდაიცვალა. ამითაც დაზიანდა "ქართული ოცნების" იმიჯი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჟურნალისტები განზრახ დაარბევინეს. შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილს უნდოდა კიდეც, რუსთაველზე "ნაცმოძრაობის" კარვები დაერბიათ, მაგრამ ჟურნალისტების დარბევა რაში აწყობდა? გიჟი ხომ არ არის?!

- სამართალდამცველებს არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებენ...
- პოლიცია მართლაც მოუმზადებელი აღმოჩნდა, არ ელოდნენ, რაც მოხდა. ეგონათ, ეს ხალხი მივიდოდა რუსთაველზე, სააკაშვილის პორტრეტს ჩამოხევდა და წავიდოდა, მაგრამ როცა ბრბო კონტროლს კარგავს, მასში ინსტინქტი იღვიძებს, ბრბოს ინსტინქტი კი საშინელებაა! ყველაზე უწყინარი ადამიანიც კი შეიძლება ბრბოში მოძალადედ იქცეს. სწორედ ეს მოხდა 5 ივლისს. მგონია, რომ დაიბნენ და სიტუაცია ვეღარ გააკონტროლეს, თორემ რაში აწყობდათ, რაც მოხდა?!

- საპატრიარქოს შეეძლო ამის თავიდან აცილება?
- როცა ყველა სასულიერო პირს ერთ ქვაბში ხარშავენ, არასწორი მგონია. იქ არიან მოძალადეები, მაგრამ ასე ხელაღებით ლანძღვა საპატრიარქოსი და მათ შორის - პატრიარქის, არ მომწონს. არასწორად მიმაჩნია ოპოზიციის ნაწილის განცხადებებიც, რაც პოლიტიკურად მათაც დააზარალებს. მაგალითად, გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანდა, ორ მღვდელს როგორ გამოჰყავდა ჟურნალისტი და ატყდა ერთი ამბავი, საცემრად მიჰყავთო, ჯვარს უნდა აცვანო, არადა, აშკარა იყო, რომ ჩხუბს გაარიდეს...

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ევროპის გული რომ მოიგოს?
- შეუძლია ერთი კარგი ნაბიჯი გადადგას - ეს არის ელექტრონული არჩევნები, რომელიც გაყალბებას თითქმის გამორიცხავს. ეს იქნება ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ბევრ კითხვას მოგვაშორებს. დემოკრატიის უმთავრესი ღირებულება არის ის, რომ არჩევნების შედეგები საეჭვო არ იყოს. ხომ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ხალხი ქუჩაში არ გამოდიოდეს?! თუ ხელისუფლება ამას იზამს, მოიგებს არა მარტო ევროპის, არამედ საქართველოს მოსახლეობის გულსაც. "ქართულ ოცნებას" აქვს ერთი უპირატესობა - ამ პარტიაში არიან დასავლურად მოაზროვნე, დასავლეთში განათლებამიღებული ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ დასავლეთთან დიალოგი.

- ელოდებით, რომ 5 ივლისის ამბებს სრულყოფილად გამოიძიებენ?
- იმედი მაქვს, დაისჯებიან ისინი, ვინც 5 ივლისის ამბებში დამნაშავეა. ქვეყანა, 30 წელია, დამოუკიდებელია და მსგავსი რამ სამარცხვინოა. ამდენი წელია, მოვლენებს ვაკვირდები და ისეთი მოულოდნელი იყო, რაც მოხდა, მეც კი ვერ წარმოვიდგენდი!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები