"ეს საფრთხე, აშკარაა, რომ უკვე არსებობს და თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, ძალიან მძიმე ვითარებაში შეიძლება აღმოვჩნდეთ"
"ეს საფრთხე, აშკარაა, რომ უკვე არსებობს და თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, ძალიან მძიმე ვითარებაში შეიძლება აღმოვჩნდეთ"
"ეს იყო დაგეგმილი აქცია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც სჭირდება გააზრება და შექმნილი საფრთხის მასშტაბსაც - გათვალისწინება"

5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლების მიმართ უფრო და უფრო მკაცრი შეფასებები ისმის. ამას ემატება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესიც, რასაც ოპოზიციაც და ფასილიტატორებიც ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევენ. უმკაცრესი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება; საქართველოს ხელისუფლება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა
ევროკავშირის მხრიდანაც. სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან:


- მართლაც უპრეცედენტოა ის კრიტიკული შეფასება, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში დასავლელი პარტნიორებისგან გვესმის. შესაძლოა, ბევრი ფიქრობს, რომ მათ შეშფოთებას იწვევს საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის საფრთხე, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არაფერ შუაშია. უმთავრესი პრობლემა, რომელიც მათაც
აწუხებთ, არის ის, რომ იმას, რაც ბოლო ხანს ქვეყანაში ხდება, თუ დროულად არ გაეცა პასუხი, ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე ექმნება. ეს საფრთხე, აშკარაა, რომ უკვე არსებობს და თუ ეს დროულად და ადეკვატურად არ შეფასდა, თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, ძალიან მძიმე ვითარებაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, ანუ რადიკალიზმი მიიღებს უფრო საშიშ ხასიათს, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოხდება უფრო მასშტაბურად, შედეგად მათდამი უნდობლობაც გაიზრდება, ეს ყველაფერი კი სწორედ სახელმწიფოს ჩამოშლასა და ქვეყნის დასუსტებას ნიშნავს.
სწორედ ამ ძალიან საშიშ ნიშნებს ხედავენ ჩვენი პარტნიორები და ამაზე ლაპარაკობენ. ნებისმიერი ქვეყანა შენდება პრინციპების საფუძველზე, დღეს კი
საქართველოში გამოწვევის წინაშეა სწორედ ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებზეც ამ ხნის განმავლობაში შენდებოდა ჩვენი სახელმწიფო და რისთვისაც არაერთმა თაობამ გადადო თავი.

თუ ამ პროცესებმა სხვა მასშტაბი შეიძინა, ეს ზიანს მიაყენებს არა საგარეო კურსს, არამედ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, მის კონსტიტუციურ წესრიგს. არავის აქვს უფლება, ვიღაცას ქუჩაში ლინჩის წესით გაუსწორდეს, პიროვნებამ თუ ადამიანთა ჯგუფმა სასამართლოს ფუნქცია შეითავსოს, ვიღაცამ კანონისთვის გვერდის ავლით გადაწყვიტოს, რა არის კარგი და რა - ცუდი. როცა ამ ფუნქციათა აღრევა ხდება, როდესაც სახელმწიფოებრიობის კონსტიტუციური საფუძვლები ირყევა, სახელმწიფოს დასრულებამდე, ფაქტობრივად, აღარაფერი რჩება...

- "შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებით, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება" - დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა "ტვიტერში". მალევე საქართველოში აშშ-ის ელჩმა დააზუსტა, აშშ-ის განცხადებები ნაჩქარევი არ არის და ისინი სერიოზულად უნდა განიხილოთო...
- რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს შეთანხმება დგებოდა, არაერთხელ ვთქვით, რომ ის უნდა შესრულებულიყო სრულად, ჯეროვნად და ინტერპრეტაციების გარეშე. შეთანხმების აზრი სწორედ ის არის, რომ მისი პირობები შესრულდეს. ამას ეფუძნება დიპლომატია, საგარეო ურთიერთობები და, ზოგადად, პოლიტიკური პროცესი. მით უფრო, თუ ეს შეთანხმება მიღწეულია ისეთი მაღალი რანგის დიპლომატის მონაწილეობით, როგორიც არის ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

ევროკავშირი არ ყოფილა ამ მოლაპარაკებების უბრალო მონაწილე, მან ამ შეთანხმების შესრულების კონტროლიც იტვირთა. პროცესის გასაკონტროლებლად სპეციალური წარმომადგენლები დაინიშნენ. ამით ყველამ ნათლად დაინახა, რომ ევროკავშირი მხოლოდ შუამავლობას კი არ სჯერდებოდა, არამედ მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო შეთანხმების შესრულებაც. ამ ვითარებაში თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ შეიძლება რაღაც ინტერპრეტაციებითა თუ მანიპულაციებით მოხერხდეს ამ შეთანხმების ვინმეს სასარგებლოდ თარგმნა, მწარედ ცდება.
ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ათასგზის გვითხრეს, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს ზუსტად ისე, როგორც წერია, იმ სულისკვეთებით, რომლითაც მას მიაღწიეს და მის დარღვევას ძალიან მძიმე ფასი ექნება.
მოგეხსენებათ, შეთანხმების ნაწილი უკავშირდება საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს - სასამართლო ხელისუფლებას, რომლის გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ შედგება.

- ენტონი ბლინკენის განცხადების შემდეგ "ქართული ოცნების" სახელით საპასუხო წერილი გამოაქვეყნეს ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა. მათი მტკიცებით, ყველაფერი შეთანხმების თანახმად ხდება და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეცდომაშია შეყვანილი... "შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ" - ეს არის მათი წერილის ფრაგმენტი.
- ეს განცხადება იმდენ უზუსტობასა და ისეთ საოცარ პოსტულატებს შეიცავს, ამაზე სერიოზული კომენტარიც კი რთულია. წარმოუდგენელია ამგვარი შეთქმულების თეორიების განვითარება. რა თქვეს ამ წერილით? ის, რომ თურმე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეყვანილია შეცდომაში და თან მათ უკვე იციან, ვის მიაქვს აშშ-ის ხელისუფლებასთან მცდარი ინფორმაცია... აბსურდთან გვაქვს საქმე. ძალიან მაინტერესებს, ვის გულისხმობენ წერილში ნახსენებ "ჩინოსნებში"...
ისიც მაინტერესებს, "ქართულ ოცნებაში" მართლაც სჯერათ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ობიექტური ინფორმაცია არ აქვს?

- კითხვას, წერილში ნახსენებ "ჩინოსნებში" გულისხმობდნენ თუ არა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, შალვა პაპუაშვილმა ძალიან საინტერესოდ უპასუხა - ჩინოსანში, რომელმაც აშშ-ს დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა, ქართველი არ იგულისხმება, თუმცა დანარჩენს არ დავაკონკრეტებთო... მას გადაჭრით არ უთქვამს, აშშ-ის ელჩს არ ვგულისხმობთო...
- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის ისტორიაში მსგავსი წერილი და საქართველოს ხელისუფლების ასეთი გაუგონარი განცხადებები არ მახსენდება. სხვა რა უნდა ვთქვა, არც კი ვიცი. სხვათა შორის, კელი დეგნანმაც განაცხადა, "ქართული ოცნების" ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებსო... მართლაც, კეთილი ინებონ და თქვან, რისი თქმა სურდათ ამ აბსურდული წერილით, რომლითაც უფრო გაირთულეს მდგომარეობა...
რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნას, აქ ვითარება, ერთი მხრივ, ძალიან მწვავეა, მეორე მხრივ კი - მარტივი, რადგან პოლიტიკაში მოქმედებს სწორედ მარტივი კანონზომიერებები. ერთ-ერთი არის ის, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს. ამისთვის ორი გზა არსებობს. პირველი: ჩვენს პარტნიორებსა და შეთანხმების ხელმომწერებთან თანამშრომლობით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და მეორე, გაცილებით მძიმე გზა: ხელისუფლება იძულებული იქნება, სიჯიუტეზე ხელი აიღოს და ისე მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გზით წასვლაზე უარს იტყვიან, შექმნილ ვითარებას დროულად გააცნობიერებენ და თავის მართლებიდან თანამშრომლობაზე გადავლენ.

- 5 ივლისის ძალადობრივი პროცესების მონაწილეების ნაწილი კი დააკავეს­ სამართალდამცველებმა, მაგრამ ორგანიზატორები ისევ თავისუფალი არიან, არადა, სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადების­ შემდეგ ვნახეთ, როგორ გაჩხრიკეს "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორთა ნაწილის სახლები თუ ოფისები; რამდენიმე მათგანი დაკითხეს კიდეც, თუმცა მათი პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ არ დგას...
- იურიდიულ დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯოხი მხოლოდ შემსრულებლებზე არ უნდა გადატყდეს. რა თქმა უნდა, ისინიც უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, მაგრამ როდესაც ლაპარაკია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე, სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფაზე, უმნიშვნელოვანესია, გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამკვეთები და ორგანიზატორები.
5 ივლისს თავს დაესხნენ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და თუ ამას სახელმწიფომ არ გასცა სათანადო პასუხი, ეს ნიშნავს, რომ ამ ჯგუფებს აუცილებლად გაუჩნდებათ ცდუნება, მომავალშიც ასევე და უარესად მოიქცნენ - შეურაცხყონ სახელმწიფო ინსტიტუტები, თავს დაესხან განსხვავებულად მოაზროვნეებს და სულ უფრო მეტად დააზარალონ ქვეყანა.

- მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ...
- ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ პროცესში ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია და განსაკუთრებით - ხელისუფლებას, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ პრობლემა რომელიმე პოსტზე ერთი ადამიანის მეორით შეცვლით გადაწყდება, ცდება. თუ ამ ყველაფრის დამგეგმავი და დამკვეთი არ გამოვლინდა, გომელაურის ან ღარიბაშვილის შეცვლა რა სიკეთეს მოიტანს?! მოძალადეები ხომ კვლავაც ეცდებიან, უარესად დააზარალონ ქვეყანა. ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელსაც ასევე კომპლექსური პასუხი სჭირდება. ეს პასუხი უნდა იყოს ძალიან სერიოზული, რომლითაც ხელისუფლება აჩვენებს, რომ მას აქვს პოლიტიკური უნარი, მართოს პროცესები, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საჭირო დროს განახორციელოს საკადრო ცვლილებებიც; მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ უნდა დაგვანახვოს სურვილი, რომ მზად არის დაიცვას ქვეყნის სახელმწიფოებრიობა...

- როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, ისე აშშ-ის ელჩის ერთ-ერთ შეფასებაში ნახსენები იყო სანქციებიც...
- აბსოლუტურად გასაგებად ითქვა, რომ სანქციები არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და საჭიროების შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი ამოქმედდება. არ მგონია, ვინმეს უნდოდეს, ასეთი ნეგატიური და რეპრესიული მოქმედების ძალა გამოსცადოს. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება, რომელიც დასაფიქრებელია და ჩვენგან მოითხოვს სწრაფ და ადეკვატურ ნაბიჯებს, რომლებიც ვითარებას სწორ კალაპოტში დააბრუნებს.
არ მინდა ვიფიქრო, რომ შეიძლება საქართველოს მიმართ რაიმე სანქცია ამოქმედდეს. ეს ძალიან დაგვაზარალებს, რაც იციან ჩვენმა პარტნიორებმა და თავს ამიტომაც იკავებენ. იმედია, ჩვენი ხელისუფლება ისე არ მოიქცევა, რომ ისინი იძულებული გახდნენ, რეპრესიული მეთოდები გამოიყენონ.

- 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას არაერთხელ ახსენეთ სახელმწიფოზე შეტევა. თქვენი აზრით, ამ პროცესების უკან რუსეთი დგას?
- რა თქმა უნდა, თუმცა ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს ყველაფერ ცუდს სხვა აკეთებს და ჩვენ არაფერ შუაში ვართ. მთავარი პრობლემა ჩვენშია. რუსეთი რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ებრძვის, ცხადია, მაგრამ ჩვენ როგორ ვუწყობთ ამას ხელს, როგორ ვაძლევთ საფუძველს უცხო ძალებს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იმოქმედონ?!

ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენი ე.წ. ერთმორწმუნე მეზობელი ძალიან აქტიურად იყო ჩართული ბოლოდროინდელ პროცესებში. ამას ბევრი მტკიცებულება არც სჭირდება - გადახედეთ რუსულ მასმედიას და ყველაფერი ხელისგულზე დევს, მაგრამ ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება. ეს იყო დაგეგმილი აქცია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც სჭირდება გააზრება და შექმნილი საფრთხის მასშტაბსაც - გათვალისწინება.
ვიცით, რომ რუსეთი, დიდი ხანია, ამაზე მუშაობს. ის იყენებს ყველა საშუალებას: დეზინფორმაციას, ე.წ. რბილ ძალას, ერთმორწმუნეობას და ა.შ. და ამას ძალიან ხშირად ისევ ქართველების ხელით აკეთებს.
ჩვენში პოლიტიკური ძალები ერთმანეთს გამუდმებით პრორუსულობაში ადანაშაულებენ, საბოლოოდ კი ისე არ გამოგვივიდეს, რომ ყველამ, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთის ინტერესებით იმოქმედოს.

ქვეყანაში არსებობს 10 თუ 12 წლის წინ მიღებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და იმავე დროს შემუშავებული საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, არადა მას შემდეგ საქართველოშიც და მსოფლიოშიც უამრავი რამ შეიცვალა: ჩვენთან შეიცვალა ხელისუფლება, მოხდა ყირიმის ანექსია, გააქტიურდა რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები და ა.შ. ყველა სხვა სახელმწიფომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით შესაბამისი ნაბიჯები გადადგა, ჩვენ კი ეს ფუნდამენტური დოკუმენტები არ განგვიახლებია. ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ რუსული სპეცსამსახურები გულხელდაკრეფილი არ არიან. ისინი კარგად ხედავენ, რა არის ჩვენი პრობლემა, როგორ ვართ გართული ერთმანეთთან პოლიტიკური ბრძოლით და ეროვნული უსაფრთხოება, რაც ქვეყნის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, სადღაც თაროზე გვაქვს შემოდებული.
ამ ყველაფრით რუსეთს ვაძლევთ ფართო არეალს ჰიბრიდული ომის საწარმოებლად; იმისთვის, რომ გაააქტიუროს მეხუთე კოლონა, ფინანსური ნაკადები და ა.შ.

რას მოგვიწოდებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები? მხოლოდ ერთ რამეს - მიხედეთ ეროვნულ პრიორიტეტებს და უსაფრთხოებასო! გვეუბნებიან, არის საკითხები, რომლებზეც პოლიტიკურმა სპექტრმა, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, უნდა ითანამშრომლოსო, ჩვენ კი ამას არ ვაკეთებთ, რითაც მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს.

- 17 ივლისს ოპოზიცია, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, მასშტაბურ აქციას გეგმავდა, რაც მასშტაბური ნამდვილად ვერ გამოდგა, 18 ივლისს კი ოპოზიციამ, ფაქტობრივად, ჩაშალა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მოსმენა. მას 5 ივლისის ძალადობრივ მოქმედებებთან დაკავშირებულ უმწვავეს შეკითხვებზე უნდა ეპასუხა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა... როგორ ფიქრობთ, სწორად იქცევა ოპოზიცია, მოქმედების გზად ისევ აქციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს რომ ირჩევს?
- სამწუხაროდ, ოპოზიციაშიც იგივე ხდება, რაც მთელ ქვეყანაში - ყველა პირველ ადგილზე საკუთარ ინტერესებს აყენებს. ისევ და ისევ ვტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე. საზოგადოების დაკვეთა არ არის ქუჩის აქციებით, რადიკალიზმით, არეულობით ხელისუფლების შეცვლა. მესმის, რომ ყველა ემზადება არჩევნებისთვის, მაგრამ პოლიტიკურმა ძალებმა ამ არჩევნებისთვის სიახლეზე თუ არ იფიქრეს, ჩვენ იმავე წრეზე მოგვიწევს სვლა. სწორედ ეს არის ქართული პოლიტიკის დრამატიზმი - როდესაც სუსტდება სახელმწიფო ინსტიტუტები, ეცემა პოლიტიკური ძალებისა და ლიდერების რეიტინგი, საბოლოოდ კი ვიღებთ სურათს, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ყველას მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი და უიმედოდ უყურებს არჩევნებსაც და პოლიტიკურ პროცესსაც. ახლა პოლიტიკოსები არიან თავიანთ კომფორტის ზონაში, ყველას თავისი რეალობა აქვს შექმნილი და ამ რეალობის იქით ვერაფერს ხედავს. ვიდრე ისინი ამ პარალელური სამყაროდან არ გამოვლენ, მანამდე ცვლილებებზე ლაპარაკი ნაადრევია.
რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ აქციას... ძალიან რთულ ფაზაში შევედით. კრიზისი ღრმავდება და როდესაც არის საშუალება, სადღაც ეს პროცესი გაჩერდეს, სამწუხაროდ, ამ საშუალებას არ ვიყენებთ, პირიქით, პოლარიზაციის გამწვავებას ვუწყობთ ხელს. უკვე ვთქვი, რომ ოპოზიცია აქციების თემას არასწორად აღიქვამს, მაგრამ ამას სწორად ვერც ხელისუფლება აფასებს. საზოგადოებაში არსებობს უკმაყოფილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა აქციაზე დადგება. საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლებით უკმაყოფილოა, ამის სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგალითად, სოციალური პრობლემატიკა, უსამართლობის განცდა, 5-6 ივლისის მოვლენები და ა.შ., მაგრამ ეს კოლექტიური უკმაყოფილება არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის თუ სხვა ვინმეს დაძახილზე ეს ხალხი ქუჩაში გავა.

ამაზე ოპოზიციას მცდარი წარმოდგენა აქვს. ეს უკმაყოფილო ადამიანები ოპოზიციაში ვერ ხედავენ ძალას, რომელსაც ლიდერად აღიქვამდნენ, თუმცა ის, რომ აქციებზე ხალხი არ გადის, არ ნიშნავს, თითქოს ჩვენი საზოგადოების ნაწილი ყველაფრით კმაყოფილია. აქ სწორედ ხელისუფლება უშვებს შეცდომას, როდესაც მიტინგზე მყოფთა რაოდენობას ითვლის და ამბობს, რომ მხოლოდ ამდენი ადამიანია მათ წინააღმდეგ განწყობილი... რეალობა სრულიად სხვაა.
რაც შეეხება გომელაურის არშემდგარ მოსმენას, აქაც ორმხრივ შეცდომებს ვხედავ. ერთი მხრივ, ხელისუფლების ინტერესი უნდა ყოფილიყო, ეს მოსმენა გამართულიყო, მიუხედავდ პროტესტისა და იმ ტრანსპარანტებისა, რომლებიც შს მინისტრს დახვდა.
ჯობია თუნდაც ყველაზე მწვავე დიალოგი გაიმართოს, ვიდრე მხარეები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

რაც შეეხება ოპოზიციას, აქაც უნდა დავსვათ შეკითხვა: რა არის ამა თუ იმ მოქმედების მთავარი მიზანი? ამ შემთხვევაში ეს მიზანი იყო მხოლოდ პროტესტის გამოხატვა თუ უფრო მასშტაბური დებატები, რომელთაც შეიძლება უფრო მეტი პოლიტიკური ბენეფიტი მოეტანა? სამწუხაროდ, ოპოზიციამ არგუმენტირებულ პოლემიკასა და საკუთარი სიმართლის ჩვენებას ისე მოქცევა ამჯობინა, როგორც მოიქცა.
ჩვენ ვცხოვრობთ იმ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც წუთიერი ემოციები უფრო ფასობს, ვიდრე შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი სტრატეგიული გადაწყვეტილებები.

ალექს
19 ივლისი 2021 12:02
თქვენ მაგივრა რო შავლენ, იმათ უჩვენოდ ვერ გამაიყვანთ !
ალექს
19 ივლისი 2021 12:02
მაგათა გონიათ, რახან ჯარები გამაიყვანეს, აღარა ვსჭირდებით ?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები