"შარლ მიშელს ვეწუწუნე "ნაცმოძრაობაზე" და "ქართულ ოცნებაზე" - კვირის პალიტრა

"შარლ მიშელს ვეწუწუნე "ნაცმოძრაობაზე" და "ქართულ ოცნებაზე"

შარლ მიშელს ვეწუწუნე ორ დიდ პარტიაზე, "ნაციონალურ მოძრაობაზე" და "ქართულ ოცნებაზე", რომლებიც ერთმანეთთან ჩხუბის და პოლარიზაციის გამო საშუალებას არ გვაძლევენ, სხვებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბროთ, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მეგრელიშვილმა განმარტა, საქართველოში ვიზიტად მყოფ შარლ მიშელისგან მიიღეს დაპირება, რომ ის დახმარებას სამომავლოდაც გააგრძელებს.

"მარტივი შეხვედრა იყო. ბატონ პრეზიდენტს, ძირითადად, ჩვენ მოვუყევით, ვეწუწუნეთ ჩვენს გაჭირვებაზე. ალბათ, ყველა პარტიამ იმ კუთხით მოვუყევით თვითონ, რაც გვაწუხებდა. საბოლოო ჯამში, ბატონი მიშელი დახმარების გაგრძელებას დაგვპირდა. მე გპირდებოდით და თქვენ შეიძლება არ გჯეროდათ, მაგრამ აქ, აი, მესამედ ვარო. გარკვეულწილად, დახმარების გაგრძელებას დაგვპირდა ისევე, როგორც დასავლეთის ნამდვილ პარტნიორს სინამდვილეში შეეფერება. პირადად მე, შემიძლია ჩემს თავზე გითხრათ. მე ვეწუწუნე ორ დიდ პარტიაზე, "ნაციონალურ მოძრაობაზე" და "ქართულ ოცნებაზე", რომლებიც ერთმანეთთან ჩხუბის და პოლარიზაციის გამო საშუალებას არ გვაძლევენ, სხვებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბროთ. თუმცა, არ მგონია, რომ ეს მისთვის დამალული ინფორმაცია იყო", - აცხადებს მეგრელიშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რა სახის დახმარებაზე მიიღეს დაპირება, როგორც მეგრელიშვილმა განმარტა, მიშელისგან მიიღეს განმარტება, რომ მთავრობასთანაც იგივე თემებზე ისაუბრებს.

"კონკრეტული არაფერი, მაგრამ დღეს იცით, რომ კონფერენცია მიდის. ბატონმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მთავრობასთანაც იგივე თემებზე გავაგრძელებთ საუბარსო. ჩვენი მოსაზრებების პრეზიდენტისთვის გაზიარების შეხვედრა უფრო იყო, ვიდრე პირიქით", - აცხადებს მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად ის ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მიიღებს მონაწილეობას.

"ინტერპრესნიუსი"