ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვლადიმირ ზელენსკის საოკუპაციო ხაზთან სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვლადიმირ ზელენსკის საოკუპაციო ხაზთან სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის დროს შეუერთდა, მას უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და გაუზიარა საკუთარი ხედვა "ბორდერიზაციის" მიმდინარე ქმედებების შესახებ, რომლებსაც უარყოფითი გავლენა აქვს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ადამიანის უფლებებზე.

"მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 478- დღიანი დახურვის შემდეგ, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე რეგულარული მოძრაობისთვის, ენგურის ხიდის კონტროლირებადი გადასასვლელის ხელახლა გახსნა არის დადებითი მოვლენა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების მეტ თავისუფლებას იძლევა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ გააუარესა COVID-19-ის პანდემიამ ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა და გაართულა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოხატა მადლიერება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი სადამკვირვებლო წარმომადგენლობის მუშაობის მიმართ. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული ვიზიტისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.