"ყველაზე მეტად ვის აწყობდა, რომ შს მინისტრისთვის არ მოგვესმინა? - "ქართულ ოცნებას" და თავად მინისტრს, ვინ დაეხმარა, რომ თავიდან აერიდებინა კითხვები? - "ნაციონალური მოძრაობა" - კვირის პალიტრა

"ყველაზე მეტად ვის აწყობდა, რომ შს მინისტრისთვის არ მოგვესმინა? - "ქართულ ოცნებას" და თავად მინისტრს, ვინ დაეხმარა, რომ თავიდან აერიდებინა კითხვები? - "ნაციონალური მოძრაობა"

"ყველაზე მეტად ვის აწყობდა, რომ შს მინისტრისთვის არ მოგვესმინა? - "ქართულ ოცნებას" და თავად მინისტრს. ვინ დაეხმარა, რომ თავიდან აერიდებინა კითხვები? - "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთ თამაშს თამაშობენ. მისივე თქმით, სწორედ ამ ორი პარტიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩაიშალა 18 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა.

"ეს ორი ძალა ერთმანეთის გარეშე ძალას არ წარმოადგენს. ამათი ძალა მდგომარეობს მეორე მხარეში. შესაბამისად, ეს თამაში მხოლოდ "ქართული ოცნების" მიერ არ არის ნაწარმოები, "ნაციონალური მოძრაობაც" იგივე თამაშს თამაშობს, თუნდაც შეხედეთ პარლამენტის სხდომებს, რაც იქ ხდება, არამგონია, რომ ეს სერიოზული იყოს.

ყველაზე მეტად ვის აწყობდა, რომ შს მინისტრისთვის არ მოგვესმინა, იმ კაცს არ ელაპარაკა, ჩვენ კითხვები არ დაგვესვა? – "ქართულ ოცნებას" და თავად მინისტრს. ვინ დაეხმარა "ქართულ ოცნებას" და მინისტრს, რომ თავიდან აერიდებინა კითხვები და შესაბამისად, ის პასუხები, რომელიც შეიძლებოდა არ ყოფილიყო მისთვის მარტივი გასაცემი? - დაეხმარა "ნაციონალური მოძრაობა", - თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

"გირჩის" ლიდერის განცხადებით, ყველაფერს აქვს საზღვარი და ასევე, სიტყვისა და გამოხატვის ფორმასაც გააჩნია, როგორი იქნება.

"პარლამენტარები ვართ, პროტესტის გამოთქმაც შეგვიძლია, მაგრამ დააკვირდით, რაც პარლამენტში შევედით, იქ რა ხდება, რამდენიმე დღის წინ რა ხდებოდა, ანუ სულ ეს ხდება. ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს, რაღაც საზღვრები ხომ არსებობს?! ერთია, რისი უფლება აქვს ადამიანს, რისი არა და კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ მეორეა, რომ ასე თუ იქცევი, ეს გიყალიბებს შთაბეჭდილებას, ამ ხალხს ლაპარაკი არ უნდა. ამ ხალხისთვის საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობის ინსტრუმენტია ასეთი ურთიერთდამოკიდებულება. სიძულვილს აღვივებენ მხარეები, საკუთარ ამომრჩეველში აკეთებენ ამას, მეორე მხარის საწინააღმდეგოდ.

არჩევნები გვიახლოვდება და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ორი მსხვილი პარტიის ძალიან არასერიოზულ თამაშს ჰგავს", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.