"არ მესმის, ოპოზიციამ რატომ შექმნა აჟიოტაჟი - მიშელის განცხადებები იყო მოზომილი და ასეც უნდა ყოფილიყო" - კვირის პალიტრა

"არ მესმის, ოპოზიციამ რატომ შექმნა აჟიოტაჟი - მიშელის განცხადებები იყო მოზომილი და ასეც უნდა ყოფილიყო"

"ოპოზიციამ წინასწარ შეიქმნა მოლოდინი, რომ აი, ჩამოვლენ, სანქციებს დაადებენ და ა.შ. ასეთი აჟიოტაჟია ხოლმე და მერე, როცა არაფერი ხდება, ჩნდება კითხვები, რატომ არ გააკრიტიკა, რატომ არ გალანძღა. ეს თავიდანვე არ იყო მოსალოდნელი და არ მესმის, რატომ შექმნეს აჟიოტაჟი", - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, როდესაც შეაფასა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებები.

როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, შარლ მიშელის ტონი კრიტიკული საჯაროდ არც იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებისადმი, იმიტომ, რომ საქართველო არის პარტნიორი ქვეყანა.

"ჩვენ რაც არ უნდა არ მოგვწონდეს მთავრობის რაღაც ნაბიჯები, საქართველო რეგიონში მაინც არის ყველაზე უფრო დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომ, საჯაროდ ლანძღოს საქართველოს მთავრობა, ეს მისი მხრიდან სწორი არ იქნება არც პოლიტიკურად და არც სხვანაირად. თუ იყო რამე გასაკრიტიკებელი, ეს დახურულ კარს მიღმა იქნებოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის საქციელი მოსწონს, იმიტომ, რომ რაც მე წავიკითხე, ყველას მოუწოდა, რომ ხელი მოაწერონ დოკუმენტს. ჩემი აზრით, კრიტიკა ორივეს ადეკვატურად შეხვდა. მე ამას ასე ვუყურებ, ოღონდ, საქმე რაშია იცით? ოპოზიციამ წინასწარ შეიქმნა მოლოდინი, როგორც ხდება ხოლმე, მათდა სამწუხაროდ და არ ვიცი, ამას რატომ აკეთებენ, რომ აი, ჩამოვლენ, სანქციებს დაადებენ და ა.შ. ასეთი აჟიოტაჟია ხოლმე და მერე, როცა არაფერი ხდება, ჩნდება კითხვები, რატომ არ გააკრიტიკა, რატომ არ გალანძღა. ეს თავიდანვე არ იყო მოსალოდნელი და არ მესმის, რატომ შექმნეს აჟიოტაჟი.

არ ვიცი ოპოზიციას გაკრიტიკების იმედი გულწრფელად ჰქონდა, თუ უბრალოდ, პიარის გამო ასწიეს ეს აჟიოტაჟი. ნამდვილად არ ვიცი, რას აკეთებენ. მიშელის განცხადებები იყო მოზომილი და თავისთავად, ასეც უნდა ყოფილიყო", - განაცხადა შარაშენიძემ.