"კახა კალაძე ჩემთვის უკვე ღარიბაშვილია - არანაირი განსხვავება არ არის კალაძეს, ღარიბაშვილს და მორგოშია-მახარაძეს შორის" - კვირის პალიტრა

"კახა კალაძე ჩემთვის უკვე ღარიბაშვილია - არანაირი განსხვავება არ არის კალაძეს, ღარიბაშვილს და მორგოშია-მახარაძეს შორის"

"კახა კალაძე ჩემთვის უკვე ღარიბაშვილია - არანაირი განსხვავება არ არის კალაძეს, ღარიბაშვილს და მორგოშია-მახარაძეს შორის",- ამის შესახებ ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" მხრიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენას გამოეხმაურა.

ამასთან, მისივე თქმით, მერობის საერთო კანდიდატზე ოპოზიციას კონსულტაციები დაწყებული აქვს და კვირის ბოლოს ცნობილი გახდება კანდიდატურის ვინაობაც.

"კალაძე ჩემთვის უკვე ღარიბაშვილია. ყველა ადამიანი ვინც "ქართული ოცნების" კამპანიაშია ჩართული, არის ღარიბაშვილი. როცა კალაძე ჟურნალისტებს და ძალადობრივ ჯგუფებს შორის სვამს ტოლობის ნიშანს, გასაგებია, უკვე რომელ მხარეს არის. ამიტომ ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის კალაძეს და ღარიბაშვილს და მორგოშია-მახარაძეს შორის.

დარწმუნებული ვარ ოპოზიცია შეთანხმდება საერთო კანდიდატზე. კონსულტაციები დაწყებული გვაქვს და ამ კვირის ბოლოს უკვე იქნება მთავარი ფორმულა, როგორ გავდივართ არჩევნებზე",- განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, დასახელდება თუ არა მერობის საერთო კანდიდატიც, დეკანოიძე აღნიშნავს - "კი, ეს იქნება საბოლოო შედეგი".